
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე, რომელიც არაერთ საინტერესო მოხსენებას მოიცავდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სენაკის მუნიციპალიტეტში დევნილი მოსახლეობის სოციალურ გამოწვევებს.
ფორუმის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს გვანცა ჩიქობავა, რომელიც ღონისძიების მნიშვნელობასა და მისი პედაგოგის, ქალბატონი გული ბარკალაიას დამსახურებაზე საუბრობს.
გვანცა ჩიქობავას თქმით, ფორუმზე წარმოდგენილ მოხსენებათა შორის გამოირჩეოდა ნაშრომი: „სენაკის მუნიციპალიტეტის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის სტრუქტურა და დინამიკა“.
„აქ ქალბატონმა გული ბარკალაიამ, ჩემმა ძვირფასმა პედაგოგმა, ნათლად წარმოაჩინა არსებული გამოწვევები და მათი მრავალფაქტორული ბუნება. მან ყურადღება გაამახვილა სოციალურ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ასპექტებს შორის ურთიერთკავშირზე, რაც საკითხის კომპლექსურობას უსვამს ხაზს,“ -აღნიშნავს გვანცა ჩიქობავა.
მისივე შეფასებით, გული ბარკალაია სისტემატურად იკვლევს აღნიშნულ თემატიკას და დაგროვილ ცოდნას აკადემიური ფორმით უზიარებს მომავალ თაობას.
მხარდაჭერა და სახელმწიფოებრივი მიზნები
პოსტში ხაზგასმულია სახელმწიფო სტრუქტურების როლიც. გვანცა მადლობას უხდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, ბატონ დავით ფაცაციას და მის პირველ მოადგილეს, გურამ მისაბიშვილს მუდმივი მხარდაჭერისთვის. ასევე განსაკუთრებით გამოყოფს სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას წვლილს:
„პირველივე დღიდან ქ. სენაკის მერი ბატონი ვახტანგ გადელია ჩართულია და ხელს უწყობს ეროვნული გმირის სახელობის მშობლიურ სკოლას მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში. მიზანი ერთია -მომავალ თაობას უფრო ნათლად დავანახოთ, რომ აფხაზეთი საქართველოა! ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდით ბატონ ვახტანგს!“.
ფორუმს სამეცნიერო და პოლიტიკური წრეების არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, პროფესორი მელორ ალფენიძე და აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. ამ საპატიო საზოგადოების გვერდით იყო თავად გვანცა ჩიქობავაც, რომლისთვისაც ეს დღე ორმაგად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:
„ჩემთვის პირადი დიდი პატივი იყო ფორუმზე დასწრება, რადგან თავად მერგო პატივი, მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში დაბეჭდილიყო ჩემი სამეცნიერო სტატია. შესაბამისად, დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი და საინტერესო. შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ საუკეთესო გული მასწავლებელს!“
ფორუმი კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, რომ მეცნიერება და პრაქტიკული საქმიანობა ერთობლივად ემსახურება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიზნებს.
ჯემალ ღამბაშიძე





