
ექსკლუზივი – რატომ დააკავეს გულბაათ რცხილაძე ?
ორიოდე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ორგანიზაცია „ევრაზიიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე დააკავა. სუს-ის განცხადებით, რცხილაძე ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს გადასცემდა ინფორმაციას და შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც. გულბაათ რცხილაძე კატეგორიულად უარყოფს წარდგენილ ბრალდებას და მზად არის სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
,,GEO NEWS” გულბაათ რცხილაძის ადვოკატს, ლაშა გოლუბიანს ექსკლუზიურად ესაუბრა.
ლაშა გოლუბიანი : დადგენილების მიხედვით, გამოძიება მიიჩნევს, რომ გულბაათ რცხილაძე დაკავშირებული იყო უცხო სახელმწიფოსთან ასოცირებულ სპეციალურ სამსახურთან და გარკვეული სახის ინფორმაციას გადასცემდა. დოკუმენტში საუბარია მათ შორის ძალოვანი უწყებების საქმიანობასა და გარკვეულ პროცედურებზე.
-როგორ აფასებთ ამ ბრალდებას ?
-ჩემი, როგორც ადვოკატის, პოზიციაა, რომ აქ არსებობს სერიოზული ლოგიკური წინააღმდეგობა. გულბაათ რცხილაძე არასდროს ყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პოლიციის ან სხვა სპეცსამსახურის თანამშრომელი. მას არასოდეს ჰქონია დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან. შესაბამისად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოეპოვებინა ისეთი ინფორმაცია, რომლის გადაცემასაც მას ედავებიან ?
აქვე გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ საქმეს მაქსიმალურად ასაიდუმლოებენ, მაშინ როდესაც ისეთი პირის დაპატიმრების დროს როგორიც გულბაათია, თუ რამე გაქვს პირიქით უნდა ცდილობდე მაქსიმალურად საჯარო იყოს ყველაფერი.
-თქვენ უკვე გაეცანით საქმის მასალებს ?
-დიახ. დაკავებულთან ერთად დეტალურად გავიარე საქმის 11 ტომი. ჩვენი შეფასებით, წარმოდგენილ მასალებში არ არის ისეთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან დამაჯერებლად დაადასტურებდა ბრალდების არსს.
-რას გულისხმობთ მტკიცებულებების არარსებობაში ?
-ვერ ვნახეთ დოკუმენტი, ჩანაწერი, მიმოწერა ან სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დააკავშირებდა ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს სახელმწიფო საიდუმლოების მოპოვებასა და გადაცემასთან. ბუნებრივია, საბოლოო შეფასებას სასამართლო გააკეთებს, მაგრამ დაცვის მხარისთვის არსებული მასალები დამაჯერებელი არ არის.
-თქვენი აზრით, რამ შეიძლება განაპირობა ეს სისხლის სამართლის საქმე ?
-ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდებზე შემიძლია საუბარი. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიების ინტერესის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ის საზოგადოებრივი და ანალიტიკური საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ეწეოდა გულბაათ რცხილაძე. კერძოდ, პროექტები და კვლევები, რომლებიც გარკვეული იდეოლოგიური და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხებოდა.
-როგორია თავად გულბაათ რცხილაძის პოზიცია ?
-კატეგორიულად უარყოფს წარდგენილ ბრალდებას. მიიჩნევს, რომ არასდროს ჩაუდენია სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და მზად არის სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
-რას ელოდებით სასამართლო პროცესისგან ?
-ველოდებით ობიექტურ, მიუკერძოებელ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ განხილვას. საბოლოოდ სწორედ სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი კითხვას – არსებობს თუ არა რეალური საფუძველი ამ მძიმე ბრალდებისთვის.
სამწუხაროდ, მგონია რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებენ და ბატონ გულბაათს მოუწევს საპყრობილეში გარკვეული დროის გატარება, თუმცა ბრძოლის შედეგად მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ, ამის მყარად მჯერა.
გაუგებარია რომელ უგუნურს მოუნდა ისედაც დაძაბული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ მეტად დაძაბვა და დესტრუქციის გამოწვევა !
იმედი მაქვს ხელისუფლებაში გაიაზრებენ, რომ მსგავსი პროვიკაცია ძალიან სახიფათოა და ასეთი რისკები გონიერი ხელისუფალისთვის სრულიად ზედმეტია.
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





