
2026 წლის გამოცდებისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს თორმეტ ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, სადაც მათი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოსაცდელთა რაოდენობის გათვალისწინებით, ცენტრმა დაბეჭდა და საგამოცდო ცენტრებში გადაანაწილა პასუხების ფურცლები, შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები და დამხმარე მასალები – რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა. ამასთან, დახარისხდა და ცენტრებში გაიგზავნა საგამოცდო პროცესისთვის საჭირო საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ინვენტარი, ხმის გამაძლიერებლები, ყურსასმენები და სხვა ტექნიკური საშუალებები. საგამოცდო კომპიუტერებში ჩაიწერა სპეციალური პროგრამებიც.
„ამ ეტაპზე საგამოცდო ცენტრებში მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი, ასევე კომპიუტერული და ელექტრული მოწყობის სამუშაოები.
გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით გაიმართა საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს გამოცდებისთვის მზადების სამოქმედო გეგმა, ასევე უკვე შესრულებული და განსახორციელებელი აქტივობები.
ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების აპრობაცია, საგამოცდო პროცესში ჩართული პირების ტრენინგები და ტესტირება. გარდა ამისა, გამოსაცდელთა ინფორმირების მიზნით გაიმართა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში.
დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გამოსაცდელთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე განსაზღვრულია იმ პირთა საჭიროებებიც, რომლებსაც გამოცდებზე სპეციალური საგამოცდო გარემო შეექმნებათ.
გამოცდების მოსამზადებელი სამუშაოები სულ მალე დასრულდება.
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თორმეტ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. 2026 წელს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.





