• August

    8

    2026
  • 191
  • 0
რას მოუტანს ეს ლანძღვა-გინება ჩვენს ერს ?

რას მოუტანს ეს ლანძღვა-გინება ჩვენს ერს ?

,,სულ ერთი წუთით დავფიქრდეთ : რას მოუტანს ეს მუდმივი ლანძღვა-გინება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ერს ?

არაფერს დავწერ იმაზე, რომ ჩვენი დიდი ქართველების ტრადიცია და ცხოვრების წესი ბილწსიტყვაობას გმობდა. საზოგადოებაში და, მით უმეტეს, ოჯახში, ასეთი სიტყვების გამოყენება მიუღებელი იყო. ამას თავისი კულტურული და ზნეობრივი მიზეზები ჰქონდა. სიტყვას ყოველთვის ჰქონდა ფასი და მნიშვნელობა.
მაგრამ დღეს ვითარება შეიცვალა.

პოლიტიკურ სივრცეში შემოსული უხამსობა და ბილწსიტყვაობა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით გამძაფრდა, მხოლოდ პოლიტიკოსების პრობლემა აღარ არის. ის უკვე საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილად იქცა. სოციალური ქსელებიდან დაწყებული ტელევიზიებითა და სხვა მედიასაშუალებებით დამთავრებული, უხამსი გამონათქვამები ხშირად ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ბილწსიტყვაობა ზოგჯერ პოპულარობის მოპოვების საშუალებადაც იქცა. ზოგიერთი ადამიანი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას სწორედ აგრესიით, შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და უხამსი გამონათქვამებით ცდილობს. თითქოს რაც უფრო ხმამაღლა იგინები, მით უფრო ძლიერი და „მაგარი ტიპი“ ხარ.

მაგრამ ეს ძალა არ არის. ეს არც თავისუფლებაა და არც სიმამაცე.

ერთ დროს კულტურაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში შემოსულმა ე.წ. „თავისუფლებამ“ ბევრი საზღვარი შეცვალა. ზოგიერთი რამ, რაც ადრე მიუღებლად ითვლებოდა, დღეს ხელოვნების, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სახელით გამართლებულია. ამ პროცესს თავისი მიზეზები და ისტორია აქვს, მაგრამ შედეგი დღეს უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა – უხამსობა თანდათან ჩვეულებრივ ენად იქცა.

რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ კანონი ერთია და საზოგადოების სინდისი – მეორე.

შეიძლება რაღაც კანონით აკრძალული არ იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც კანონით დაშვებულია, ღირსეული და მისაღებია.

საზოგადოებას საკუთარი ზნეობრივი საზღვრებიც აქვს.

ვერც ცემა-ტყეპა, ვერც ძალადობა და ვერც შურისძიება უშველის ამ პრობლემას. პირიქით, ძალადობა კიდევ უფრო დაგვაშორებს იმ კულტურას, რომლის შენარჩუნებაც გვინდა.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, ვინ ვართ.

ჟურნალისტი ხარ, პოლიტიკოსი, მწერალი, ხელოვანი თუ უბრალოდ საზოგადოებრივი სივრცის მონაწილე – ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენს სიტყვას თავისი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

დედის, მამის, ოჯახის, წინაპრებისა და წმინდანების შეურაცხყოფით მოპოვებული პოპულარობა შეიძლება დროებითი იყოს, მაგრამ იმ სიტყვებს, რომლებსაც დღეს ვამბობთ, ხვალ უკვე სხვა თაობა გაიმეორებს.
და თაობა, რომელსაც ჩვენ დღეს ასეთი ენით ვზრდით, შესაძლოა მომავალში აღარავის დაინდობს – მათ შორის არც მათ, ვინც დღეს ამ ყველაფერს ახალისებს და პოპულარობას უწოდებს.

სიტყვას ძალა აქვს.

სიტყვას შეუძლია ადამიანი აამაღლოს და შეუძლია დაამციროს. შეუძლია საზოგადოება გააერთიანოს და შეუძლია ერთმანეთის წინააღმდეგ შემოატრიალოს.

ამიტომ დღეს უფრო მეტად გვჭირდება გონიერება და არა აგრესია. თვითშეგნება და არა შურისძიება. პასუხისმგებლობა და არა თავხედობა.

რადგან დედის გინებით, მამის შეურაცხყოფითა და გენიტალიების მუდმივი ხსენებით საზოგადოება წინ ვერ წავა. ეს არ არის თავისუფლების უმაღლესი ფორმა – ეს არის თავისუფლების სახელით დაკარგული პასუხისმგებლობა.

და როცა უხამსობა ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა, საზოგადოებამ ერთი მარტივი კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს : ნამდვილად ასეთი ენა გვინდა ჩვენი შვილებისთვის ?

თუ პასუხი არ არის – მაშინ დროა, საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობა ისევ ვისწავლოთ.
რადგან კანონი შეიძლება ბევრ რამეს არ კრძალავდეს, მაგრამ ერის სინდისი ყოველთვის უნდა გვკარნახობდეს, სად გადის ზღვარი.

და ეს ზღვარი, ჩემი აზრით, უკვე დიდი ხანია გადაკვეთილია.

,,GEO NEWS”-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, დათო ქაქუთია

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor