
ვლადიმერ ხომერიკის გაფრთხილება ხელისუფლებას – რატომ არის ახლა მოზომილი ნაბიჯები მნიშვნელოვანი ?
,,რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი ,,GEO NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ეხმიანება საქართველოში ბოლოდროინდელ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სიახლეებს. ბატონი ვლადიმერი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ,,ქართული ოცნების,, ხელისუფლება ერთგვარ ზეწოლას დაექვემდებარა დასავლეთიდან, რაც მოსაწონი ნამდვილად არ არის.
,,ეს კომპრომისები მრავალ აუხსნელ და სახიფათო ნაბიჯებში გამოვლინდა. მათ შორის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის გულბაათ რცხილაძის დაპატიმრებაში, რომელიც აბსოლუტურად ღიად ქართულ-რუსული ურთიერთობების მორეგულირებაზე საუბრობდა”,- აღნიშნავს ხომერიკი.
,,მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან ურთიერთობის პროგრესისათვის, რაც უვიზო რეჟიმის შემოღებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციაში დასაქმების შესაძლებლობასთანაა კავშირში. მნიშვნელოვანია, ასევე ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის, მიუხედავად დე ფაქტო კეთილმეზობლური დამოკიდებულებისა, დე იურე დღემდე არ არის აღდგენილი დიპლომატიური ურთიერთობები, რაც, რა თქმა უნდა, ათასი პროვოკატორისთვის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა“,-აცხადებს ხომერიკი.
ვლადიმერ ხომერიკი : ნაციონალური ხელისუფლებისგან განსხვავებით ოცნების მთავრობა გონივრული და წინდახედული პოლიტიკით გამოირჩევა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ვერ ბედავს პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ქართველი და რუსი ხალხის ისტორიული კეთილმეზობლობის აღდგენისაკენ.
მე ვისურვებდი, ამ თვალსაზრისით ხელისუფლებაში მეტი კონცენტრაცია და მიზანდასახულობა გამოევლინოთ.
არსებითად დღევანდელი ოცნების ხელისუფლება დაცლილია იმ ძლიერი პატრიოტული მუხტის მქონე პირებისგან, რომლებიც 2012 წელს ,,ქართული ოცნების” ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც დღეს დაპატიმრებული ექს-პრემიერის მიმართ ხდება, როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობიდან” პორტირებული, ოცნებას მიკედლებული ზოგიერთი პროვოკატორი ახერხებს იმას, რომ ყოფილ პრემიერს საჯარო განცხადებების საჭიროება დაუდგეს საკუთარი ოჯახის დასაცავად.
გაუგებარია ასე რატომ ხდება ან რა დაუშავა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ისეთი, რომ ასე მძიმე ფორმებით ხდება მისი გაწირვა ? ყველა შემთხვევაში ოჯახის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
მიუხედავად სახელმწიფოში არსებული მძიმე გამოწვევებისა ქართველ ხალხსა და საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ვუსურვებ შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, კეთილდღეობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას. ამასთანავე, მოქმედი ხელისუფლებისადმი ჩემი დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, მინდა შევახსენო, რომ :
1. პატარა სახელმწიფოს წინაშე ყოველთვის ბევრი გამოწვევა დგას და მუდამ არიან ისეთები, ვისაც მისი დაქვემდებარება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სურს.
2. პატარა სახელმწიფოს ლიდერები დიდი სახელმწიფოების მმართველებზე ბევრად უფრო ჭკვიანები და ბრძენნი უნდა იყვნენ, რათა შეძლონ ქვეყნის შენარჩუნება და საკუთარი ხალხისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა.
3. არ შეიძლება ეროვნული იდენტობისა და ისტორიული მეხსიერების დაკარგვა. ამის გარეშე მომავალი არ არსებობს.
4. ახლობელი მეზობელი და მეგობარი შორეულ ნათესავს სჯობს. „ცხენს ნუ დააბრალებ, თუ წაბორძიკდაო“ ( გზასა და საკუთარ თავს დააბრალე ). ძველი მეგობარი ორ ახალს სჯობს. არ შეიძლება უდანაშაულოს მსხვერპლად შეწირვა ვინმეს სასიამოვნებლად. ყველას ვერ ასიამოვნებ.
5. ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ახსოვს. ხალხი, ისევე როგორც ისტორია, აფასებს არა სიტყვებს, არამედ საქმეებს. ხალხის მოთმინების ფიალა უსაზღვრო არ არის.
გთხოვთ, ნუ მიიღებთ ამას ჭკუის სწავლებად. ეს მხოლოდ ხალხური სიბრძნეა, რომელიც არა მხოლოდ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, არამედ ოსტატურად ვიხელმძღვანელოთ კიდეც ამით.
შეცდომებს ადამიანები პატიობენ და მათი გამოსწორება შესაძლებელია, ხოლო ღალატს გამართლება არ აქვს.
სიბრძნეს, გამძლეობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანას – საქართველოსა და მის ხალხს.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





