• September

    5

    2026
  • 267
  • 0
ალი ბაბაევი : ,,დავით გარეჯი არის საქართველოს ძირძველი ისტორიული ტერიტორია და ეს საკითხი ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია – დავით გარეჯის თემაზე მუდმივი სპეკულირება დაუშვებელია”

ალი ბაბაევი : ,,დავით გარეჯი არის საქართველოს ძირძველი ისტორიული ტერიტორია და ეს საკითხი ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია – დავით გარეჯის თემაზე მუდმივი სპეკულირება დაუშვებელია”

ალი ბაბაევი: „საქართველო კავკასიის ცეცხლწაკიდებულ რეგიონში მშვიდობის ოაზისია“

როდესაც მსოფლიო ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების, ომებისა და უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, სტაბილურობის შენარჩუნება და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაფრთხილება.

სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ალი ბაბაევს – ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავჯდომარეს, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს,  საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობას.

ბაბაევი მიიჩნევს, რომ დღევანდელ რთულ საერთაშორისო ვითარებაში საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება უმთავრესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა. ამ კონტექსტში ის დადებითად აფასებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პოლიტიკურ ხედვასა და სტრატეგიულ თავშეკავებას.

ინტერვიუში ალი ბაბაევი ასევე საუბრობს ტურიზმისა და ეკონომიკის პერსპექტივებზე, ოპოზიციის როლზე, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე, დავით გარეჯის საკითხზე, სახელმწიფო სტრუქტურებში საკადრო პოლიტიკის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდების დასაქმების აუცილებლობაზე.

-ბატონო ალი, დავიწყოთ მსოფლიოში და რეგიონში შექმნილი რთული ვითარებით. როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რომლებიც დღეს საქართველოს გარშემო და ზოგადად მსოფლიოში ვითარდება ?

-მინდა დავიწყო იმით, რომ დღეს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე თქვენი მკითხველის ყურადღება გავამახვილო. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მეორე ვადით მსოფლიოში მშვიდობის დამყარების დაპირებით მოვიდა, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ისეთი მძიმე და დაძაბული მდგომარეობა, როგორიც დღეს არის, იშვიათად თუ ახსოვს თანამედროვე მსოფლიოს.

კონფლიქტებია სხვადასხვა მიმართულებით – ახლო აღმოსავლეთში, ევროპის კონტინენტზე, აფრიკასა და აზიაში. სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონიც საკმაოდ არის გახვეული დაძაბულობისა და დაპირისპირების პროცესებში.

სწორედ ასეთ ვითარებაში უნდა დავაფიქსიროთ „ქართული ოცნების“, როგორც მმართველი გუნდის, და მისი საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის, უნიკალური პოლიტიკური ხედვითა და სტრატეგიული თავშეკავებით ნაკარნახევი მშვიდობის პოლიტიკის მნიშვნელობა.

ჩემი შეფასებით, ამ პოლიტიკის წყალობით საქართველო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახერხებს შეინარჩუნოს სტაბილურობა და სიმშვიდე და ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისად დარჩეს კავკასიის ამ რთულ და ცეცხლწაკიდებულ რეგიონში.

ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგი. როდესაც ჩვენს გარშემო უსაფრთხოების გარემო ასე სწრაფად იცვლება, მშვიდობის შენარჩუნება თავად არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი შედეგი. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაგმატული, ფრთხილი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკის გაგრძელება.

ამასთან ერთად, მინდა განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებასაც. ჩვენ ვხედავთ ტურისტული სეზონის წარმატებას, რომელსაც, ბუნებრივია, შესაბამისი ეკონომიკური ეფექტიც მოჰყვება. ტურიზმის ზრდა ნიშნავს მეტ შემოსავალს ქვეყანაში, მეტ შესაძლებლობას ბიზნესისთვის, მეტ დასაქმებას და რეგიონებისთვის დამატებით ეკონომიკურ აქტივობას.

-თქვენ ახსენეთ სტაბილურობა და მშვიდობის პოლიტიკა. თუმცა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ მწვავეა. როგორ აფასებთ ამ პოლიტიკურ პროცესს ?

-სწორედ ამ კონტექსტში მინდა შევეხო ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ოპოზიციურ ძალებსაც. ჩემი შეფასებით, დღეს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი იმდენად არის დაკავებული ხელისუფლების კრიტიკით, რომ ხშირად ქვეყნის ნებისმიერი წარმატების ნეგატიურად წარმოჩენას ცდილობს.

სამწუხაროდ, მათ შორის არიან ისეთი პოლიტიკოსებიც, რომლებიც მუდმივად ცდილობენ საზოგადოებაში ნეგატიური დღის წესრიგის შექმნას. ამ მიმართულებით შეიძლება დავასახელოთ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან შალვა ნათელაშვილი, ირმა ინაშვილი, თარხან-მოურავი და სხვები.

ჩემი აზრით, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით სახიფათოა ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური განსხვავებები გადადის საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებაში და, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება საქართველოს ურთიერთობებს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებთან.

ჩვენს ხელისუფლებას, ჩემი შეფასებით, კლასიკური გაგებით ოპოზიცია ნაკლებად ჰყავს, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოქმედებენ უკიდურესად დესტრუქციული დღის წესრიგით და ამით ქვეყანაში დაპირისპირების გაღრმავებას უწყობენ ხელს.

განსაკუთრებით მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დაზიანებას ემსახურება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მხოლოდ ორი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. ეს არის მეზობელი ხალხების ურთიერთობა, რომელსაც თავისი ისტორია, ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ამ ურთიერთობების მიმართ უნდობლობის გაჩენას ემსახურება, ძალიან ფრთხილად და პასუხისმგებლობით უნდა განვიხილოთ.

-ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხად კვლავ დავით გარეჯის თემა რჩება. ბოლო პერიოდში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოვისმინეთ. როგორია თქვენი პოზიცია ?

-დავით გარეჯის საკითხზე მინდა ჩემი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირო : დავით გარეჯი არის საქართველოს ძირძველი ისტორიული ტერიტორია და ეს საკითხი ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ამავე დროს, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დავით გარეჯის თემაზე მუდმივი სპეკულირება დაუშვებელია.

საუბარი იმაზე, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სადავო ტერიტორიები ან სიმაღლეები დავით გარეჯში რაიმე საიდუმლო აქტით გადასცა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ჩემი შეფასებით, არის პროვოკაციული ნარატივი, რომელიც საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას ემსახურება.

დავსვათ მარტივი კითხვა : თუ საუბარია ტერიტორიის „საიდუმლოდ გადაცემაზე“, მაშინ რატომ მიმდინარეობს ადგილზე საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები ? საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სპეციალისტების მუშაობის პროცესშია, არ უნდა გახდეს პოლიტიკური მანიპულაციის საგანი.

ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული ინტერესების დაცვა და აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება ერთმანეთის გამომრიცხავი არ არის. პირიქით – სწორედ ძლიერი და სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, რთულ საკითხებზე ცივილიზებული, მოლაპარაკებაზე დაფუძნებული და სახელმწიფოებრივი მიდგომით ვიმუშაოთ.

დღეს საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი მეზობლები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის დაპირისპირების ან უნდობლობის გაღვივებას ემსახურება, უპასუხისმგებლო საქციელია.

დავით გარეჯის თემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, საბოლოო ჯამში, არც საქართველოს და არც ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს არ წაადგება.

-თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ქვეყნის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სწორი საკადრო პოლიტიკა. რა ცვლილებებს მიიჩნევთ ამ მიმართულებით საჭიროდ ?

-ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელისუფლებაში და განსაკუთრებით, უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნისა და მისი სახელმწიფოებრივი კურსის ერთგული ადამიანები უნდა დაინიშნონ.

მე მაგალითად მოვიყვან – ბატონ ანზორ ჩუბინიძეს, რომელსაც, ჩემი აზრით, შეუძლია ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურაში მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელობა ღირსეულად გასწიოს. საუბარია ადამიანებზე, რომელთა პროფესიული გამოცდილება და სახელმწიფოსადმი დამოკიდებულება შეიძლება გამოყენებული იყოს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინსტიტუციური მდგრადობის გასაძლიერებლად.

ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს მამუკა მდინარაძის გარშემო არის შემოკრებილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

ახალგაზრდა კადრებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და ენერგია სახელმწიფოს განვითარებას მოახმარონ, მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს გააზრებული და პროფესიონალური.

ჩემი აზრით, წარსულში ამ ადამიანებით საკმაოდ ბევრმა ისარგებლა, მათ შორის ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” და სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ. ამიტომ, ახლა სახელმწიფომ უნდა შეძლოს ადამიანური და პროფესიული რესურსის სწორად გამოყენება.

ქვეყანას ნამდვილად აქვს საკადრო პოლიტიკის დახვეწის საჭიროება. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაძლიოს ეს გამოწვევა და ხელისუფლების სისტემაში კიდევ უფრო მეტი პროფესიონალიზმი, ერთგულება და პასუხისმგებლობა უზრუნველყოს.

მე პირადად მიმაჩნია, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი დამსახურება აქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე. მითქვამს და ახლაც გავიმეორებ : საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ ადამიანს ვთვლი ერის ადამიანებად – ესენი არიან ილია მეორე და ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

-ბოლოს, მოდით, ახალგაზრდებსა და ქვეყნის მომავალზე ვისაუბროთ. რა არის ის მთავარი მიმართულებები, რომლებზეც, თქვენი აზრით, დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ?

-მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ახალგაზრდების დასაქმების პროგრამები, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ეს მიმართულება პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან ახალგაზრდების დასაქმება მხოლოდ ერთი სოციალური პროგრამის საკითხი არ არის – ეს ქვეყნის მომავლის საკითხია.

ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარი ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა შეუძლია, რომ მისი განათლება და პროფესიული ცოდნა სახელმწიფოსთვის საჭიროა და რომ შრომას შესაბამისი შედეგი მოჰყვება.

ამასთან, დროა, საკადრო პოლიტიკა კიდევ უფრო დაიხვეწოს და სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფესიონალიზმი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ჩემი პოზიციაა, რომ სხვადასხვა უწყებაში არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროვოკაციებთან ან სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებთან. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს.

და ბოლოს, მინდა კვლავ გავიმეორო დავით გარეჯთან დაკავშირებული ჩემი მთავარი სათქმელი :

ეს არის საქართველოს ისტორიული სივრცე და ამ საკითხზე მუდმივი სპეკულირება საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად მიმაჩნია.

ასეთი პროვოკაციები საბოლოო ჯამში საქართველოს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ თურქეთთანაც დაპირისპირებისკენ უბიძგებს, ეს მაშინ, როდესაც ორივე ეს ქვეყანა საქართველოსთვის ნამდვილი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია.

საქართველოსთვის მათი მხარდაჭერა და კეთილმეზობლური ურთიერთობები პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ამიტომ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება სიმშვიდე, სახელმწიფოებრივი აზროვნება, პროფესიონალიზმი და ისეთი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ქვეყნის მომავალს სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა შევხედოთ.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor