• September

    13

    2026
  • 102
  • 0
შადიმანი ბურჭულაძე – ღარიბაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი პოლიტიკური შეცდომა

შადიმანი ბურჭულაძე – ღარიბაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი პოლიტიკური შეცდომა

როცა კაცი ხელისუფლების კაბინეტებიდან საკანში ხვდება, ხოლო ყოფილი თანამოაზრის, ახლო მეგობრის წინააღმდეგ გამოძიების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცევა, ეს უკვე, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური და ადამიანური ნდობის კრახია. დიახ, როცა ადამიანი საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ მეგობარს სწირავს, ეს უკვე მხოლოდ პოლიტიკური ან სამართლებრივი საკითხი აღარ არის – ეს ადამიანური კრახია.

ჯუანშერ ბურჭულაძის ისტორია სულ უფრო ემსგავსება იმ პოლიტიკურ ზღაპარს, სადაც ხელისუფლების შიგნით ყველაზე საშიში მტერი კარს გარედან კი არ აკაკუნებს – ზოგჯერ ის შენს გვერდით ზის.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბურჭულაძე წლების განმავლობაში საკუთარ გუნდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად აქცია. მისცა თანამდებობები, მისცა ნდობა და საბოლოოდ თავდაცვის სამინისტროს სათავეში დააყენა.

დღეს კი ეს ნდობა უკვე მძიმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რა უნდოდა ზოგადად ჯუანშერ ბურჭულაძეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ეს კიდევ ცალკე საკითხია და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია.

ბურჭულაძის საქმეში გამოძიებასთან თანამშრომლობისა და საპროცესო შეთანხმების საკითხმა განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკური კითხვები გააჩინა. მით უფრო მაშინ, როდესაც ამავე საქმის კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.

და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი.

როგორ აღმოჩნდა გუშინდელი თანამებრძოლი დღეს იმ პროცესში, სადაც ყოფილი პოლიტიკური პარტნიორის, უფროსისა და მეგობრის პასუხისმგებლობის საკითხი დგას ? 

ამბობენ, რომ ეს ყველაფერი თავისუფლების სანაცვლოდ მოხდა – ამაზე კი სხვა დროს.

თუ გამოძიების ვერსიები სასამართლოში დადასტურდება, ბურჭულაძის პოლიტიკური პორტრეტი კიდევ უფრო მძიმე ფერებში დაიხატება. ხოლო თუ ბრალდებების ნაწილი ვერ დადასტურდა, მაშინ კიდევ უფრო დიდი კითხვა გაჩნდება – ვინ და რატომ გამოიყენა ეს ჩვენებები და შეთანხმებები პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად ?

ორივე შემთხვევაში ღარიბაშვილისთვის პოლიტიკური პრობლემა ერთია : ბურჭულაძე ის ადამიანი იყო, რომელსაც თავად ენდო.

შესაძლოა, სწორედ აქ დაუშვა ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პოლიტიკური შეცდომა.

ისტორიას ახსოვს „შადიმანის“ ტიპის პერსონაჟი კაცი, რომელიც ძალაუფლების ცენტრთან ახლოს არის, ერთგულების შთაბეჭდილებას ქმნის და კრიტიკულ მომენტში ყველაფერი თავდაყირა დგება.

თუმცა, იმის მტკიცება, რომ ბურჭულაძე თავიდანვე „ჩანერგილი“ იყო ან მოგვიანებით გადაიბირეს, მტკიცებულების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით კითხვა მაინც ლეგიტიმურია :

რა ვერ დაინახა ღარიბაშვილმა ადამიანში, რომელიც გვერდით წლების განმავლობაში ჰყავდა ?

ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ ის არის, რომ ხელისუფლებაში ადამიანების არჩევა მხოლოდ თანამდებობებზე დანიშვნა არ არის – ეს არის ნდობის გაცემა და როდესაც ეს ნდობა შემდეგ მძიმე სამართლებრივი დაპირისპირების ფონზე იშლება, პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ ადამიანს აღარ ეკისრება, ვინც კაბინეტში იჯდა.

პასუხისმგებლობის ნაწილი ეკისრება იმასაც, ვინც იგი კაბინეტში მიიყვანა.

ბურჭულაძის საქმე ამიტომაც შეიძლება იქცეს ღარიბაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ თავად.

შადიმანის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ იგი ოდესღაც გვერდით გყავდა – პრობლემა ის არის, თუ რამდენად გვიან მიხვდი, ვის ენდე.

დღეს ბურჭულაძის პოლიტიკური კარიერა დასრულებულია, მაგრამ ამ ისტორიას მეორე მსხვერპლიც ჰყავს – პოლიტიკური და ადამიანური ნდობა.

და სწორედ ამიტომ უნდა დაისვას ყველაზე უხერხული კითხვა :

თუ ბურჭულაძე ღარიბაშვილისთვის ასეთი სანდო ადამიანი იყო, მაშინ ვინ შეცდა – ბურჭულაძე, რომელმაც ნდობა დაკარგა, თუ ღარიბაშვილი, რომელმაც არასწორ ადამიანს დაუჯერა ?

და ნამდვილად ერთად ძარცვავდნენ ჯარს, თუ ესეც მხოლოდ ბრალდების ნაწილია ?

პასუხს საბოლოოდ სასამართლო გასცემს.

მაგრამ პოლიტიკაში განაჩენი ხშირად სასამართლოზე ბევრად ადრე დგება.

ხალხის მეხსიერებაში.

თამთა მაისურაძე, ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor