
ადვოკატი პაატა შავაძე ბათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე პოლიციის გამორჩეულ როლზე აქცენტირებს !
ცნობილმა და გამორჩეულმა ადვოკატმა პაატა შავაძემ „GEO NEWS“-თან ბათუმის სტადიონზე განვითარებული მოვლენები, ქართველი სამართალდამცავების ქმედებები და დაკავებულთა გათავისუფლებასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა.
იურისტის თქმით, საქართველოს სამართლებრივ სუვერენიტეტსა და პოლიციის მოქმედებების კანონიერებაზე უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნების მხრიდან დიპლომატიური ზეწოლა და განცხადებები მიუღებელია, ხოლო დაკავებულთა გათავისუფლების შემდეგ, ქვეყნის შიგნით გაჩენილი პოლიტიკური სპეკულაციები დამატებით კითხვებს ბადებს.
პაატა შავაძე : თურქეთის ხელისუფლებასთან ერთი მარტივი კითხვა მაქვს : რა უფლებამოსილებით გვასწავლით ჩვენ, საქართველოს, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგი ?
ბათუმის სტადიონზე განვითარებული მოვლენების შემდეგ თურქეთის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიციის მოქმედების „არაპროპორციულად“ შეფასება, ჩემში სრულიად საფუძვლიან კითხვებს აჩენს.
ჯერ ერთი, საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა საქართველოს სახელმწიფოსა და მისი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. საქართველოს პოლიცია ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი და კანონი.
არავის აქვს უფლება, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი ქცევით დაარღვიოს წესრიგი, თავს დაესხას პოლიციელებს, დააზიანოს ინფრასტრუქტურა და შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების კანონიერ რეაგირებაზე პოლიტიკური პრეტენზიები წამოაყენოს.
სტადიონზე მომხდარი კადრები საზოგადოებამ ნახა – ვნახეთ ძალადობა, არეულობა, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და სამართალდამცველებთან დაპირისპირება. დაშავდნენ ქართველი პოლიციელები.
და ახლა თურქეთის ხელისუფლება საქართველოს პოლიციის მოქმედების პროპორციულობაზე გვესაუბრება ?!
მაინტერესებს, თურქეთის მაღალჩინოსნებს საკუთარი ქვეყნის სამართალდამცავი პრაქტიკა თუ ახსენდებათ ?
რამდენჯერ გვინახავს თურქეთში საპროტესტო აქციების დაშლისას პოლიციის მკაცრი და ძალისმიერი მოქმედებები ?
როგორ ექცევიან იქ დემონსტრანტებს, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს და ზოგადად მოქალაქეებს ?
მე არ ვამბობ, რომ პოლიციის ნებისმიერი მოქმედება ავტომატურად კანონიერია – პოლიციის ძალის გამოყენება ყველა ქვეყანაში უნდა შეფასდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებით, მაგრამ ეს კრიტერიუმები ყველასთვის ერთნაირად უნდა მოქმედებდეს და არა შერჩევით, მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე თურქეთის მოქალაქეებს ეხება.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, თურქეთის წარმომადგენლების მიერ დაკავებულ პირთა გათავისუფლების საკითხის დაყენება.
რას ნიშნავს „უკანონოდ დაკავებული“ ?
თუ პირი დაკავებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებითა და პროცედურების დაცვით, მისი დაკავების კანონიერებას განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო და სასამართლო.
უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის პოლიტიკური განცხადება ვერ ჩაანაცვლებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვერ გააუქმებს საქართველოს სამართლებრივ სუვერენიტეტს.
თუ დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს, ამის გასარკვევად არსებობს სამართლებრივი მექანიზმები და არა დიპლომატიური ზეწოლა.
და კიდევ ერთი კითხვა მინდა დავსვა : თურქეთის ტერიტორიაზე რომ ქართველ მოქალაქეებს ზუსტად ანალოგიური ქმედებები ჩაედინათ, დაერღვიათ საზოგადოებრივი წესრიგი, დაეზიანებინათ სტადიონი, თავს დასხმოდნენ თურქ პოლიციელებს და წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის, როგორ მოექცეოდა მათ თურქეთის პოლიცია ?
დარწმუნებული ვარ, თურქეთის სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებდა და არავის მისცემდა უფლებას, თურქეთის პოლიციისთვის მოეთხოვა, რატომ იცავდით საკუთარ ქვეყანასო.
მაშინ რატომ უნდა იყოს განსხვავებული სტანდარტი საქართველოს მიმართ ?!
საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ურთიერთპატივისცემა.
მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ერთმა სახელმწიფომ მეორეს საკუთარი სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების წესები უკარნახოს.
თურქეთის ხელისუფლებას შევახსენებ : საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენ გვაქვს საკუთარი კანონმდებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართალდამცავი ორგანოები.
საქართველოს პოლიციას აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას კანონი. ქართველი პოლიციელის ღირსება და უსაფრთხოება ისეთივე დასაცავია, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიციელისა.
არ შეიძლება, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინოს სამართალდარღვევა, თავს დაესხას პოლიციელს, დააზიანოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა და შემდეგ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკური განცხადებებით პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სცადოს.
მე მხარს ვუჭერ საქართველოს პოლიციას, მის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქმედებს.
კანონი ყველასთვის ერთია – საქართველოს მოქალაქისთვისაც და უცხო ქვეყნის მოქალაქისთვისაც !
საქართველოს სუვერენიტეტი არ ექვემდებარება მოლაპარაკებას. საქართველოს პოლიციის ღირსება არ არის უცხო ქვეყნის პოლიტიკური განცხადებების განხილვის საგანი !
მუქარა თურქეთის ხელისუფლების მხრიდან არის ამაზრზენი. არ ვიცი, ვისი ბრალია – ალბათ, ჩვენი სისუსტეც არის აქ.
დღეს მოვისმინე, რომ დაკავებულები გათავისუფლდნენ. ამ ფაქტზე წავიდა მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია ოპოზიციის მხრიდან, რომ ტროტუარზე დგომისათვის იჭერენ რამდენიმე დღით და გაიხსენეს ასევე მზია ამაღლობელის შემთხვევაც, და აქ ესენი გარეთ გამოუშვეს, გაოგნებული ვართ, რა თქმა უნდა, იმით, რაც მოხდაო. ამაზე მოდით კომენტარსაც არ გავაკეთებ, არ ღირს !
ირაკლი კერესელიძე, ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





