• November

    7

    2023
  • 143
  • 0
საქართველოს ხელისუფლება მკვლელის გადაცემას ითხოვს, ე.წ. სამხრეთ ოსეთი კი მომხდარში ქართველებს ადანაშაულებს !

საქართველოს ხელისუფლება მკვლელის გადაცემას ითხოვს, ე.წ. სამხრეთ ოსეთი კი მომხდარში ქართველებს ადანაშაულებს !

საქართველოს ხელისუფლება სოფელ კირბალთან მომხდარ მკვლელობაში დამნაშავის გადაცემას ითხოვს და ამ დრომდე ელოდება საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეესწრო მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ  რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის შედეგია ის, რაც სოფელ კირბალთან მოხდა.

რა მოხდა 2023 წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ?

ადგილობრივების ინფორმაციით, 3 ადგილობრივი მცხოვრები ორშაბათს შაღამოს სოფელ კირბალთან სასაფლაოზე იმყოფებოდა სანთლების დასანთებად. ამის შემდეგ მათ იქვე მდებარე ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან გადაინაცვლეს და მკვლელობა სწორედ იქ მოხდა. ადგილობრივებმა 5 გასროლის ხმა გაიგეს. ამის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა კირბალის მცხოვრები თამაზ გინტური. ერთი მოქალაქე – ლევან დოთიაშვილი – ოკუპანტებმა დააკავეს. მესამემ კი გაქცევა მოახერხა და სწორედ მისგან გახდა ცნობილი მომხდარის შესახებ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე”. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კი მომხდარში ქართველებს ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, „მესაზღვრეები” შემთხვევით წააწყდნენ ორ მოქალაქეს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მანქანით გადაადგილდებოდნენ. მათივე ცნობით, „საზღვრის დამრღვევები” ჯერ ნაჯახით დაემუქრნენ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ „მესაზღვრეებს”, შემდეგ კი მათზე მანქანის დაჯახება და გაქცევა სცადეს, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

,, ქართული ოცნების” წევრი, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ განგრძობადი ოკუპაცია, მკვლელობები და გატაცებები უდიდესი გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენ გვიწევს ამ პირობებში ცხოვრება, არსებობა და განვითარება.

„ეს გავეშებული ოკუპანტი, რომელიც ახლა ყველას და ყველაფერს ანადგურებს უკრაინაში და, ფაქტობრივად, ყველა და ყველაფერი გაანადგურა მანამდე საქართველოში, რამდენჯერმე აფხაზეთში და ცხინვალში, ისევ გვიხოცავს და იტაცებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ, ფაქტობრივად, ყოველდღე ბეწვის ხიდზე სიარული გვიწევს. ეს ყველას გამოწვევაა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციისაც, ყველა ადამიანის გამოწვევაა. სამწუხაროდ, ამას დასასრული არ უჩანს. როდესაც წინაპირობებზე და მიზეზებზე საუბრობენ, ხშირად ჩვენც გვამუნათებენ, რატომ იყურებით წარსულისკენ და რატომ საუბრობთ, იქ რა მოხდაო. ის, რაც დღეს ხდება, ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის. სამწუხაროდ, ბევრს არ ახსოვს, ყველაფერი როგორ დაიწყო, მათ შორის აქ, პარლამენტში და სხდომათა დარბაზში. მე ვარ ერთადერთი დეპუტატი, რომელიც იმ მოწვევის პარლამენტშიც მუშაობდა და გახლდით ოპოზიციაში, მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა იმისთვის, რომ, ფაქტობრივად, ოკუპანტებისთვის და სეპარატისტებისთვის დაეკანონებინა ის უბედურება, რაც ახლა ცხინვალში ხდება. ეს არის ორი საარქივო დოკუმენტი, და არქივები არ იწვის. ეს არის 2007 წლის 13 აპრილს მიღებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სათანადო პირობების შექმნის შესახებ კანონი, მესამე მოსმენის კენჭისყრის შედეგებია; შემდეგ მეორე უბედურება მიაწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის ხელდასმით და მიიღო დადგენილება, დროებითი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ. მაგალითად, ლევან ბეჟაშვილს აქვს ხმა მიცემული, ძმებ ბერძენიშვილებს, გიგა ბოკერიას, ნინო ბურჯანაძეს, მიხეილ მაჭავარიანს, მაია ნადირაძეს და სხვებს აქვთ ხმა მიცემული, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას ამტყუნებენ, ოღონდ საით უბიძგებენ საქართველოს ხელისუფლებას, ამას ბოლომდე ვერ შიფრავენ და ვერ ამბობენ“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

გია ცაგარეიშვილის თქმით,  უთავბოლო მოღალატეობრივმა გადაწყვეტილებამ დაადგინა სწორედ ის საზღვარი, რომელიც, მათ შორის, ახლა ლომისას ტაძარზე გადის.

„ეს „ქართულ ოცნებას“ არ გაუკეთებია, ეს უბედურება 2007 წელს მოხდა. დააკანონეს გამსახურდიას მიერ გაუქმებული ოლქის აღდგენა. გაატარეს ადმინისტრაციული საზღვრები ძველი ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე და შემდეგ ჩვენ ე.წ. სარკოზის დოკუმენტით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ხელის გამოშვერა არის ყველაზე მარტივი. ლანძღვა, გინება და კლავიატურის გულმამაცობა ყველაზე მარტივია, სოციალურ ქსელში პასკვილების წერა და ბღაჯნა ყველაზე მარტივია. რომ არა ჩვენი სამღვდელოება, რომელსაც ახლა ნახევარი ოპოზიცია ლანძღავს და აგინებს, მიცვალებულებს ვერ გამოვიყვანდით, რომლებიც თაკარა მზეში ლპებოდნენ ცხინვალის მისადგომთან. შემდეგ დეზერტირებს, პირტიტველა ბიჭებს დასდევდნენ ვაშლის პლანტაციებში და ამ ბავშვებით ციხეები გადაავსეს, მეთაურები გაიქცნენ, გორში ფორთხავდნენ. მანამდე ბატონმა სააკაშვილმა თავისი მხედართმთავრული ნიჭი თბილისში 7 ნოემბერს გამოავლინა“, – აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

ეს არის ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგი, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა კირბალთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

,, ჩვენი სახელმწიფო აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ეს ინფორმაცია, არის უკვე მიწოდებული, და საერთაშორისო მექანიზმებით გადადგას შემდეგი ნაბიჯები. აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების კონტროლი გავრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე და მსგავსი უბედურება საქართველოში აღარ მოხდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ხელის გაშვერა წარსულზე, წინა ხელისუფლებაზე ნიშნავდა იმას, რომ ეს არის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევა, რომ დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აქუბარდია ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპაციას მხოლოდ წინა ხელისუფლებას ნუ დააბრალებს, კარგად გადახედოს ისტორიას და ნუ გაექცევა პასუხისმგებლობას.

„სამწუხაროდ, დღეს როდესაც ჩვენ უნდა მოგვესმინა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როგორ უზრუნველყოფენ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას საოკუპაციო ხაზთან და დღეს, როდესაც უნდა მოგვესმინა, რა პოლიტიკა აქვს „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის შესაჩერებლად, მოვისმინეთ მხოლოდ ხელის გაშვერა წარსულზე, წინა ხელისუფლებაზე, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავდა იმას, რომ ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, რომ დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას. მოვისმინეთ მიმართვა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაზე დგას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, თუმცა ამ მოცემულობაში, როდესაც, ანტიდასავლური პროპაგანდის შემოქმედი და ავტორია „ქართული ოცნება“, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას ქმნის ეს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის.

ამიტომ, ამ მოცემულობაში, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოკუპაციას მხოლოდ წინა ხელისუფლებას ნუ დააბრალებს, კარგად გადახედოს ისტორიას, ნუ გაექცევა პასუხისმგებლობას. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტული პოლიტიკის ნაბიჯებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ. “

თამთა მაისურაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor