
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
კოკა კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმატება ნიშნავს ქვეყნის წარმატებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
სამსახურის უფროსის განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება შეძლო, რამაც შედეგად უწყების ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება, გამჭირვალე, ეფექტური გამოძიების სტანდარტებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების და სტანდარტების ჩამოყალიბება მოიტანა.
მისი თქმით, სამსახურის გადაწყვეტილებით, ყველა განმცხადებელსა და დაზარალებულს საქმის მასალების გაცნობისა და საგამოძიებო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა. როგორც კოკა კაციტაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, განმცხადებლისა და დაზარალებულის დასაცავად დაცვის სპეციალური ღონისძიებების წესი ამოქმედდა, რომელიც საგამოძიებო პროცესში მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„სამსახურის ინიციატივით, მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც მოქალაქეებს სამსახურის სერვისებზე წვდომას უადვილებს და მათ დახმარებას ყოველდღიურად ახორციელებს. შეიქმნა სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭო, რომელიც დანაშაულის შემცირებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხელშეწყობის საკითხებზე აქტიურად მუშაობს. მთავრობასთან თანამშრომლობით სამსახურს კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი რეგიონული ოფისები დაემატა, რამაც სამსახურის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაზარდა. ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოცხადდა. სამსახურმა მცირე დროში გამოძიების სამი საერთაშირისო ქსელის წევრობის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, დღეს იგი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელ საგამოძიებო სამსახურებთან ერთად არის წარმოდგენილი გაერთიანებაში და აქვს წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების მიღების საშუალება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმატება ნიშნავს ქვეყნის წარმატებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ეს დიდი მიზანი და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის სამსახურის თითოეული თანამშრომლის კარგად გათავისებული პასუხისმგებლობა, რაც გვაძლევს ენთუზიაზმს, ჩვენი საქმე წარმატებით ვაკეთოთ“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.





