
,,Geo News” შსს-ში ,,ჩანერგილების” მხილებას აგრძელებს !
ჩვენ 13 და 20 აგვისტოს გამოვაქვეყნეთ სტატიები იმის შესახებ, რომ შსს იწყებდა კადრების ე.წ. გენერალურ წმენდას ჩანერგილი და გადმოპორტირებული კადრებისგან გასათავისუფლებლად ( იხ: ,, გომელაურის უწყებაში დიდი წმენდა იწყება” ?, ,, გომელაურის უწყებაში წმენდა გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოდან იწყება”? ).
„Geo news“ შექმნის დღიდან ემსახურება სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის მედიასაშუალების დანიშნულება. „Geo news“ და მისი გუნდი ემსახურება ამ პრინციპებს და არ აპირებს გადაუხვიოს არჩეული გზიდან.
ჩვენთვის მთავარია პროფესია, მაგრამ უმთავრესია სახელმწიფო და სახელმწიფო უწყებების ღირსება, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ მათი საქმიანობა ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიან ცხოვრებას უზრუნველყოფს. დაგვეთანხმებით, მათ შორის უმთავრესია სამართალდამცავი უწყებების საქმიანობა, მით უფრო ახლა, როცა არჩევნები კარზეა მომდგარი. ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და კეთილდღეობა, რადგან, მოგეხსენებათ, ე.წ. რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური მოღვაწეობის ნიღბით ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ და მტრულ საქმიანობას ეწევა.
ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც შსს-ს ახალი ინიციატივის შესახებ ვაუწყეთ ჩვენს მკითხველს, მოხდა ის, რასაც, პრინციპში ველოდით, მაგრამ ასე უცებ არა.
სტატიის გამოქვეყნებიდან მყისიერად – მეორე დღეს, 21 აგვისტოს გლდანი-ნაძალადევის მე-3 სამმართველოს გამომძიებელი, თეონა ფერაძე დამიკავშირდა, რადგან სტატიაში მე-3 სამმართველოზეც იყო ინფორმაციები მოცემული. გამომძიებელმა თეონა ფერაძემ გამომიგზავნა გლდანი-ნაძალადევის მე-3 სამმართველოს პირადი ,, ჩატი”, სამმართველოს თანამშრომლების შიდა მიმოწერის ე.წ. სქრინი, სადაც მითითებული იყო, რომ მე-3 სამმართველოში პირადად ჩემი – ქეთევან ხომერიკის მიმართვა, განცხადება იძებნებოდა. ანუ ვიღაც კონკრეტულად ჩემით, როგორც მედიასაშუალების დამფუძნებლით, იყო დაინტერესებული, არადა, ასეთი განცხადება ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, მე-3 სამმართველოს პირად ,,ჩატს “არ გამოვაქვეყნებ, არც გამოვაქვეყნე, ამის სანაცვლოდ მივმართე შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რადგან ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია.
დიახ, ეს, რა თქმა უნდა, იყო და არის ჩანერგილების გამოაშკარავების შიშით დაგეგმილი უნიჭო პროვოკაცია, რადგან, თუ, ვთქვათ, რაიმე სახის ჩემი ხელით დაწერილი განცხადება სინამდვილეში იარსებებდა, ამ განცხადების შესახებ საუბრის, რეაგირების და ა.შ. გამჟღავნება და მით უფრო ადრესატისთვის გამოგზავნა, ცხადია, იყო და არის შსს-ზე ფარული დარტყმა. სწორედ ამას ემსახურებოდა გამომძიებელ თეონა ფერაძის ქმედება….
საქმე ისაა, რომ ქალბატონი ფერაძე გახლავთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მარჯვენა ხელის ნათია მეზვრიშვილის კადრი. ქალბატონი ფერაძე შსს-ში მეზვრიშვილმა დააბრუნა, მისი რეკომენდატორია და ა.შ. და დღეს ის, როგორც ჩანს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცდილობს უწყებისთვის სახელის გატეხვას, ისე, როგორც ამას აკეთებენ ერთ-ერთი ბობოლა ,, ნაციონალის ” გიორგი ონიანის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თანამშრომლები, ე.წ. პორტირებულები შსს-ში.
იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიცით, მათი ვინაობა, გვარებისა და სახელების დასახელებისგან ამჯერადაც თავს შევიკავებთ, რადგან, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცის მათ შესახებ და მიუჩენენ სათანადო ადგილს. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის კეთილშობილური მოწოდება _ კადრებისგან ნუ გაწმენდთ უწყებებს, დატოვეთ, თუკი თავიანთ შავ-ბნელ წარსულს მოინანიებენო, ბოროტად იქნა გამოყენებული ამ ადამიანების მიერ. ცოტა უხეში შედარება, რომ მოვიყვანოთ, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს და არა კარგი მოპყრობა. ამიტომ, ჩვენ ჩვენის მხრივ ვაპირებთ, საზოგადოებას ჩვენ თვითონ გავაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც სპეციალურად, გამიზნულად, პროვოკაციის მიზნით, საბოტაჟის განზრახვით, წინასაარჩევნოდ დისკრედიტაციას უწევენ და საფრთხეს უქმნიან როგორც ქვეყანას, ისე ამ მნიშვნელოვან უწყებას.
ასე მოუვიდა ქალბატონ თეონა ფერაძესაც, რომელთანაც გარკვეული დროის ნაცნობ-მეგობრობა მაკავშირებდა, თუმცა მისი პროფესიით მისი სურვილის წინააღმდეგ არასდროს მისარგებლია და არც საიდუმლო ინფორმაციების გამჟღავნება დამიძალებია. თუ საუბრობდა, საკუთარი სურვილით ლაპარაკობდა ისეთ თემებზე, რაც მე, როგორც ჟურნალისტს, არ შეიძლებოდა მცოდნოდა და რატომ ლაპარაკობდა, ამას ჩვენ კარგა ხანი ვიკლევდით….ერთს ვიტყვით, მოღალატე ყველას უღალატებს. სხვა დეტალებისგან ამჯერად თავს შევიკავებთ.
ზოგადად, ენა როცა წინ უსწრებს ადამიანს, ის ან უნდა მოიჭრას, ანდა ორღობეში დაჯდეს და არა შსს-ს რომელიმე უწყებაში. ასეთი არაკვალიფიცირებული, ორმაგი პირები უფუჭებენ სწორედ სახელს შსს-ს და იმ პატიოსან, პატრიოტ თანამშრომლებს, რომელთა წყალობითაც ჩვენს მოსახლეობას მშვიდად სძინავს. ამიტომ არის აუცილებელი მათი და მათნაირების ჩამოცილება, მოღალატეეების მხილება და გამოვლენა ისეთი უწყებებიდან, რომლებზეც, კიდევ ვიმეორებთ, დგას სახელმწიფოს უსაფრთხოება.
როგორც ხედავთ, ჩვენი სტატია პირდაპირ გულში მოხვდათ მათ, ვისაც უნდა მოხვედროდა.
„მშვილდ-ისრები“ ბლომად გვაქვს. ასე რომ, ელოდეთ ახალ და ექსკლუზიურ ინფორმაციებს „Geo news“-ში.
,, ვაკე-საბურთალოს რაიონი გასაწმენდია, გარწმუნებთ, ინფორმაციები არ მოგაკლდებათ”,- გვიმტკიცებს ჩვენი კონფიდენციალური წყარო.
p.s. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს, მე-3 სამმართველოს გამომძიებლის, თეონა ფერაძის ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს, რომელსაც როგორც გითხარით, ჩვენ მყისიერად მივმართეთ, დეტალებისგან თავს შევიკავებთ.
,, გაგრძელება იქნება “
ქეთი ხომერიკი, ,, Geo news ”





