
გელაძის ფაქტორი და სისტემის რეფორმირების მოლოდინი
საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები : სისტემური ხვრელები, რომელიც 2027 წლამდე უნდა დაიხუროს
2026 წლისთვის საქართველო კვლავ დგას იმავე ფუნდამენტური ეგზისტენციალური შეკითხვის წინაშე, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკული : რამდენად შესწევს სახელმწიფოს უნარი, ერთდროულად გაუმკლავდეს საგარეო გეოპოლიტიკურ ზეწოლას, შიდა პოლარიზაციასა და ახალ ტექნოლოგიურ საფრთხეებს ?
უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურა უკვე დიდი ხანია გასცდა კლასიკურ, მხოლოდ სამხედრო-კონვენციურ ჩარჩოებს. XXI-ე საუკუნეში სახელმწიფოს მდგრადობა ინსტიტუტების ხარისხით, საზოგადოებრივი კონსოლიდაციით, კიბერშესაძლებლობებით, ეკონომიკური სუვერენიტეტითა და სტრატეგიული პარტნიორობით განისაზღვრება.
სწორედ ამ კონტექსტში იკვეთება სამი მწვავე გამოწვევა :
გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, შიდა პოლიტიკური ფრაგმენტაცია და ციფრული ინფრასტრუქტურის მოწყვლადობა.
რა წარმოადგენს დღეს საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ დეფექტს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას 2027 წლის მიჯნამდე მათ აღმოსაფხვრელად ?
გეოპოლიტიკური დილემა : რუსული ოკუპაცია, დასავლური ვექტორი და ახალი რეგიონული რეალობა.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის ფაქტორი კვლავ მუდმივ, სტრატეგიულ საფრთხედ რჩება. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია არ არის მხოლოდ ლოკალური ტერიტორიული დავა, ეს არის კრემლის ხელში არსებული მუდმივი ასიმეტრიული ზეწოლის ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სუვერენიტეტის ეროზიას, ეკონომიკური პოტენციალის შებოჭვასა და საგარეო-პოლიტიკური ვექტორის პარალიზებას.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი დიპლომატიური მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ინარჩუნებს საკომუნიკაციო არხის ფუნქციას, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და უსაფრთხოების მყარი საერთაშორისო გარანტიების შექმნის თვალსაზრისით, მისი მესინჯერული ეფექტიანობა უკიდურესად ლიმიტირებულია.
ამავდროულად, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია საქართველოსთვის არა უბრალოდ საგარეო პოლიტიკური დეკლარაცია, არამედ ჯერ ისევ კონსტიტუციით მოთხოვნილი მიზანია. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში დემოკრატიული ინსტიტუტების ხარისხთან, პოლიტიკურ ნებასა და მმართველობით სტანდარტებთან დაკავშირებულმა კრიზისებმა ინტეგრაციული დინამიკა საგრძნობლად შეაფერხა. დასავლელი პარტნიორების ოფიციალურ ანგარიშებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება შეშფოთება რეფორმების სტაგნაციისა და ცალკეულ სფეროებში დემოკრატიული უკუსვლის თაობაზე.
ამ ფონზე, გეოპოლიტიკურ ვაკუუმს ახალი რეგიონული მოთამაშეები ავსებენ. „შუა დერეფნის“ ( Middle Corridor ) გეოსტრატეგიულმა აქტუალიზაციამ საქართველო ევრაზიული ლოგისტიკის კრიტიკულ კვანძად აქცია.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მზარდი ეკონომიკური ექსპანსია, თურქეთის აქტიური რეგიონული პოლიტიკა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული დომინაცია ქვეყანას ახალი შესაძლებლობების წინაშე აყენებს, თუმცა, მოითხოვს მკაცრად გათვლილ, პრაგმატულ სტრატეგიას, რათა ეროვნული ტერიტორია გლობალური ძალების კონფლიქტურ არენად არ გადაიქცეს.
პირველი სისტემური ხვრელი :
ქვეყანაში არ არსებობს ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსით ზურგგამაგრებული, განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ადეკვატურად უპასუხებდა გარდამავალ გეოპოლიტიკურ არქიტექტურას.
შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია :
სოციალური ფრაგმენტაცია, როგორც ჰიბრიდული საფრთხე
უსაფრთხოების ანალიზისას დაშვებული უმთავრესი შეცდომა საფრთხეთა მხოლოდ ეგზოგენური ( გარე ) ხასიათით შემოფარგვლაა. სინამდვილეში, თანამედროვე სახელმწიფოთა დესტაბილიზაციის ყველაზე ეფექტური იარაღი ენდოგენური ( შიდა ) კრიზისების პროვოცირება და საზოგადოებრივი ქსოვილის რღვევაა.
საქართველოში პოლიტიკურმა პოლარიზაციამ დიდი ხანია გადააბიჯა ჯანსაღი დემოკრატიული პლურალიზმის ზღვარს და მწვავე იდეოლოგიურ რადიკალიზაციაში გადაიზარდა. საზოგადოების ატომიზაცია, ინფორმაციული ბუშტები ( echo chambers ) და ინსტიტუციური დელეგიტიმაციის მცდელობები შეუძლებელს ხდის ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებზე შეთანხმებას.
ამ კონტექსტში, უპირველესი დარტყმის ქვეშ მართლმსაჯულების სისტემაა. დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლო ხელისუფლების არსებობა ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი გარანტიაა, ვინაიდან სწორედ მან უნდა უზრუნველყოს სოციო-პოლიტიკური კონფლიქტების სამართლებრივი მედიაცია და არ დაუშვას პროცესების ქუჩაში ან ძალისმიერ ფორმატში გადატანა.
ამავე ნოყიერ ნიადაგზე ოპერირებს მტრული დეზინფორმაციაც. საინფორმაციო ომის ( Information Warfare ) მიზანი არა რომელიმე კონკრეტული პარტიული სუბიექტის ლობირება, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის ტოტალური განადგურება, ნიჰილიზმის დათესვა და ცივილიზაციური არჩევანის საბოტაჟია.
მეორე სისტემური ხვრელი :
შიდა პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე და ინსტიტუციური ნდობის კრიზისი, რაც ქვეყანას გარე მანიპულაციების მიმართ უკიდურესად მოწყვლადს ხდის.
საკადრო და ინსტიტუციური ხშირი მრავალფეროვნება ძალოვან ბლოკში :
გელაძის ფაქტორი და სისტემის რეფორმირების მოლოდინი
ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანობის უმთავრესი ინდიკატორი ძალოვანი სტრუქტურების შიდა მდგრადობა და მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტია. ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ უწყებათაშორისი კოორდინაციის დეფიციტი და მმართველობითი სტაგნაცია სწორედ ძალოვან ვერტიკალში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია.
ამ თვალსაზრისით, უსაფრთხოების არქიტექტურაში უმნიშვნელოვანეს გარდამტეხ მომენტად იქცა პოსტზე გეკა გელაძის დანიშვნა.
ანალიტიკურ და პროფესიულ წრეებში არსებული კონსენსუსით, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ( სუს ) ახალი ხელმძღვანელისგან, ყოფილი შსს-ის მინისტრისგან და უშუალოდ ოპერატიულ-ანალიტიკური ფლანგის მცოდნისაგან, საზოგადოებასა და სპეცსამსახურების ელიტებში ბევრად უფრო მაღალი მოლოდინია ჩამოყალიბებული, ვიდრე ეს მისი წინამორბედების შემთხვევაში იყო.
გელაძის წინაშე მდგარი უმთავრესი და ეგზისტენციალური ამოცანაა სუს-ისა და მთლიანად უსაფრთხოების სისტემის ღრმა, სტრუქტურული ფილტრაციაა ( „წმენდა“ ) .
ეს პროცესი ორ ძირითად ფრონტს მოიცავს :
,,ნაციონალური მოძრაობის“ ძველი რეჟიმის გადმონაშთების იდენტიფიცირება და ჩანაცვლება;
გრიგოლ ლილუაშვილის პერიოდის დესტრუქციული და საბოტაჟზე ორიენტირებული კადრების სრული ნეიტრალიზაცია.
ეს არის ამოცანა, რომლის შესრულებაც ვერც ოხანაშვილმა და ვერც მდინარაძემ ვერ შესძლეს, რამაც თავის დროზე სისტემური ეროზია და უწყებებს შორის ნდობის დაკარგვა გამოიწვია.
გელაძის პოზიტიური ფაქტორი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს უნიკალური შიდასახელმწიფოებრივი გამოცდილება და ბერკეტები, რათა აღკვეთოს უწყებრივი კლანურობა და უსაფრთხოების აპარატი დაუბრუნოს სუფთა, სახელმწიფოებრივ ფუნქციონირებას.
თუ ეს შიდა რეფორმა 2027 წლამდე არ განხორციელდა, ნებისმიერი საგარეო საფრთხის წინაშე ძალოვანი სტრუქტურები პარალიზებული აღმოჩნდებიან.
კიბერუსაფრთხოება : მეხუთე განზომილება და ციფრული ფრონტის ხაზი
თუ გასულ საუკუნეში გეოპოლიტიკური დომინაცია სახმელეთო და საზღვაო ძალებით იზომებოდა, XXI-ე საუკუნეში მთავარ ფრონტად კიბერსივრცე იქცა. საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, პერმანენტულად იმყოფება მაღალი ინტენსივობის კიბერშეტევების რეჟიმში. სახელმწიფო სერვერები, მედიასაშუალებები და ფინანსური სექტორი რეგულარულად ხდებიან უცხოური სპეცსამსახურების მიერ მართული ჰაკერული ჯგუფების სამიზნე.
მთავარ გამოწვევას აქ არა მხოლოდ მოძველებული ტექნოლოგიური ბაზა, არამედ ელემენტარული „კიბერჰიგიენის“ არარსებობა წარმოადგენს. როგორც საჯარო სექტორში, ისე მცირე და საშუალო ბიზნესში, ფიშინგური შეტევების ( Phishing ) მიმართ მედეგობა კრიტიკულად დაბალია.
სტრატეგიულ საფრთხეს აძლიერებს კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ( ენერგეტიკული ბადეები, წყალმომარაგება, სატრანსპორტო ტელემეტრაჟი ) მოწყვლადობა.
თანამედროვე ესკალაციის პირობებში, ბალტიისპირეთის, კერძოდ, ესტონეთის 2007 წლის გამოცდილება, მკაფიო გაკვეთილია იმისა, თუ როგორ შეიძლება ციფრულმა პარალიზმა მთელი სახელმწიფოებრივი ფუნქციები შეაჩეროს.
მესამე სისტემური ხვრელი :
კიბერუსაფრთხოების ერთიანი, ინსტიტუციონალიზებული არქიტექტურის არარსებობა და სტრატეგიული ობიექტების სუსტი ციფრული დაცვა.
შესაძლოა სწორედ ამ საკითხების სისტემური მოუგვარებლობა იწვევს იმ ქაოტურ და ერთობ არეულ ქმედებათა ერთობლიობას, როდესაც ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ საფრანგეთის აგენტები მთლად ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მუშაობენ, რუსეთისისადმი პოზიტიური განწყობის მქონე პოლიტიკური თუ საჯარო ცნობადობის მქონე მოღვაწეები კი, მთლად რუსეთისა და ირანის აგენტებად ცხადდებიან, რაც მავანში სევდანარევ ღიმილს იწვევს.
ირაკლი კერესელიძე, თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”





