
დავა ციხის კედლებს მიღმა : რა არის ცნობილი გიორგი დავითაძის საქმეზე – გაუპატიურების ვერსია გამოირიცხა….
გიორგი დავითაძის საქმე ამ ეტაპზე ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ საკითხს აერთიანებს : ერთი მხრივ, მსჯავრდებულის მძიმე განცხადებას პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ და, მეორე მხრივ, ოფიციალური უწყებების მიერ ამ განცხადების გადამოწმების შედეგად მიღებულ წინასწარ მონაცემებს.
საქმე განსაკუთრებით აქტუალური 2026 წლის ოქტომბერში გახდა, როდესაც დავითაძის განცხადებების შესახებ საჯარო დისკუსია განახლდა და 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას შესაძლო ძალადობის ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდა.
ჩვენი საგამოძიებო-ანალიტიკური სტატიის შემდეგ, რომელიც დღეს გამოვაქვეყნეთ, დაგვიკავშირდა ძალოვანი წყარო, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ გაუპატიურების ვერსია, რასაც ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავდით, გამოირიცხა.
რა მოხდა 2025 წლის დეკემბერში ?
საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური ინფორმაციით, 2025 წლის 26 დეკემბერს დავითაძის ადვოკატმა აპარატს აცნობა, რომ მსჯავრდებული არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო. იმავე დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა იგი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და გამოკითხა.
დავითაძე მიუთითებდა, რომ 20-21 დეკემბერს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა მისი უფლებები დაარღვიეს და მის მიმართ, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობა განხორციელდა. სახალხო დამცველმა ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა გენერალურ პროკურატურას, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვერსიით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს. უწყება აცხადებს, რომ მისი იქ გადაყვანისა და ყოფნის ამსახველი ჩანაწერები პროკურატურასა და სახალხო დამცველის აპარატს გადაეცა და მათი დათვალიერების შედეგად თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი გამოძიების ფარგლებში ვიდეოს სრული ვერსიის, ყველა კამერის ჩანაწერის, აუდიომასალის არსებობის შემთხვევაში მისი, სამედიცინო დოკუმენტაციის, ექსპერტიზების, თანამშრომელთა ჩვენებებისა და სხვა შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება.
„გაუპატიურება“ და „დამამცირებელი მოპყრობა“ ერთი და იგივე არ არის – საქმის სამართლებრივი შეფასებისთვის ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი საკითხი.
პირველია – მოხდა თუ არა სექსუალური ძალადობა, როგორც ამას დავითაძე ამტკიცებს.
მეორეა – ჰქონდა თუ არა ადგილი ისეთ მოპყრობას, რომელიც შესაძლოა ადამიანის ღირსების შემლახავ ან დამამცირებელ მოპყრობად შეფასდეს, თუნდაც კონკრეტული სისხლისსამართლებრივი ბრალდება სექსუალური ძალადობის შესახებ ვერ დადასტურდეს.
ეს ორი საკითხი სამართლებრივად ავტომატურად იდენტური არ არის.
ამიტომ საქმეზე საბოლოო პასუხი მხოლოდ კითხვაზე, „დაადასტურა თუ არა ვიდეომ გაუპატიურება?“ – ვერ ამოიწურება. უნდა დადგინდეს ყველა იმ მოქმედების ხასიათი, რომელიც დავითაძის მიმართ განხორციელდა, მათი აუცილებლობა, პროპორციულობა, კანონიერება და ადამიანის ღირსებაზე შესაძლო ზემოქმედება.
რატომ არის გამოძიების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი ?
საქმეზე გამოძიება გენერალურ პროკურატურაში სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სახალხო დამცველი ამჟამადაც აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობას აკვირდება.
ამ პირობებში საბოლოო დასკვნის გაკეთება გამოძიების დასრულებამდე ნაადრევი იქნება, როგორც დავითაძის ბრალდების დადასტურება, ისე მისი კატეგორიული უარყოფა.
ამასთან, 14 -მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2026 წლის 2 ოქტომბერს სწორედ დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების საჭიროებაზე მიუთითა. მათი პოზიციით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო და განმარტება ყველა კითხვას ვერ პასუხობს.
დავითაძის სისხლის სამართლის საქმე :
გიორგი დავითაძე ამჟამად 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას იხდის. ხელმისაწვდომი ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, როდესაც, ბრალდების მიხედვით, საფრთხე შეექმნა სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამ საქმესთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში ასევე გაჟღერდა კითხვები სასჯელის პროპორციულობისა და ინციდენტის გარემოებების შესახებ. თუმცა ეს უკვე ცალკე სამართლებრივი საკითხია და თავისთავად ვერ ადასტურებს ან უარყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში მოგვიანებით მომხდარი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს.
მთავარი კითხვა დღეს
გიორგი დავითაძის საქმეში ამ ეტაპზე ყველაზე ზუსტი სურათი ასეთია:
დავითაძე მძიმე სექსუალურ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს, სახალხო დამცველის მიერ ვიდეოჩანაწერების დათვალიერებამ დავითაძის მიერ აღწერილი მძიმე ძალადობის დეტალები ვერ დაადასტურა, თუმცა სახალხო დამცველი საბოლოო დასკვნას არ აკეთებს და პროკურატურის მიმდინარე გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას მოითხოვს.
ამიტომ საქმის არსი ამ მომენტში არა მხოლოდ კითხვაში „ვინ ამბობს სიმართლეს?“ მდგომარეობს.
მთავარი სამართლებრივი კითხვა არის :
შეისწავლა თუ არა სახელმწიფომ ყველა შესაძლო მტკიცებულება ისე სრულყოფილად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად, რომ შესაძლებელი გახდეს დავითაძის ბრალდების დადასტურება ან უარყოფა და, თუ კონკრეტული სექსუალური ძალადობა ვერ დადასტურდა, ხომ არ არსებობდა სხვა ფორმის არასათანადო ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ?
სწორედ ამ კითხვაზე პასუხს უნდა გასცეს მიმდინარე გამოძიებამ.
( გაგრძელება იქნება )
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





