
დიდმა ბრიტანეთმა მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს – მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძესა და პაატა აბულაძეს.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, ტრასტებთან დაკავშირებული მომსახურების შეზღუდვას და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვას.
როგორც სანქციების დაწესების დოკუმენტშია აღნიშნული, ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მამუკა ფიფია არის „ჩართული პირი“ 2019 წლის „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების (ევროკავშირიდან გასვლის) რეგულაციების“ შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით:
„მამუკა ფიფია მონაწილეობდა ან მონაწილეობს ისეთი მხარდაჭერის გაწევაში ან ისეთი პოლიტიკისა თუ ქმედების პოპულარიზაციაში, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ახდენს ან ძირს უთხრის, საფრთხეს უქმნის ან ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ქართული პოლიტიკური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერისა და საერთაშორისო მდივნის რანგში, მან უხელმძღვანელა ქართველი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომელიც შეხვდა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელს და შემდგომ ეს ვიზიტი საჯაროდ გაავრცელა. ასევე, მან ხელი შეუწყო რუსული დეზინფორმაციის ნარატივების გავრცელებას“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი ირემაძე, რომელიც „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია, ბრიტანეთის ცნობით, შეუერთდა ქართველი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომელიც შეხვდა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელს. „ასევე, მონაწილეობდა ან მონაწილეობს ისეთი მხარდაჭერის გაწევაში ან ისეთი პოლიტიკისა თუ ქმედების პოპულარიზაციაში, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ახდენს ან ძირს უთხრის, საფრთხეს უქმნის ან ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ნიკოლოზ მჟავანაძე, როგორც საქართველოში მოქმედი რუსულენოვანი ტელეარხის დამფუძნეველი, ასევე შეუერთდა ქართველი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომელიც შეხვდა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელს.
პაატა აბულაძეც, დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ვიზიტში.
მანამდე, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია მარატ კამბოლოვის, ალან გაგლოევისა და სერგეი ტოლმაჩოვის დასანქცირების შესახებ, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“.





