
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი – ბორის ჯონსონმა 2022 წელს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ხელი შეუშალა და ინარჩუნებს თავის არასამშვიდობო პოზიციას
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 2022 წელს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ხელი შეუშალა და ინარჩუნებს თავის არასამშვიდობო პოზიციას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე რაიმე უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსება.
„ეს არაერთხელ ითქვა სხვადასხვა დონეზე, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის მიერ. ჩვენ ვიცნობთ ბორის ჯონსონს და ვიცით, თუ რა დესტრუქციული როლი შეასრულა მან. სწორედ მან შეუშალა ხელი ომის დასრულებას 2022 წელს და დღემდე ინარჩუნებს რბილად რომ ვთქვათ არამშვიდობიან განწყობას. გარდა ამისა, ევროპის დედაქალაქებსა და ბრიუსელიდან არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები — სამწუხაროდ — სამხედრო კონტინგენტების განთავსების გეგმების შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ევროპული ქვეყნების სამხედროების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. „უკრაინაში ევროპული ქვეყნების სამხედროები ახლავე უნდა განთავსდნენ, ეს უფრო ფართომასშტაბიანი ომის რისკს არ შექმნის“, – განაცხადა ჯონსონმა.





