
ექსკლუზივი : იმპერატორის სიმშვიდე და ამბიციური ლეგატის „საპატიო გადასახლება“ – რატომ დამარცხდა ნარცისი მდინარაძე პატრიოტ ჩუბინიძის „უხილავ კედელთან“ ?
ქართულ პოლიტიკურ ოლიმპოზე სიმშვიდეა, თუმცა ეს ისეთივე სიმშვიდეა, როგორიც Pax Romana-ს დროს, როცა ფორმალური დაწინაურებები რეალურად გავლენების რღვევასა და „რბილ დევნას“ ნიშნავდა.
მამუკა მდინარაძის გადაყვანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ( სუს ) უფროსის პოსტიდან ახლად შესაქმნელი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის სავარძელში, პოლიტიკური ანალიზის ენაზე არა „კარიერულ წინსვლას“, არამედ „ოქროს გალიაში“ მოთავსებას ჰგავს.
როგორც ჯერ კიდევ თვეების წინ გვეუბნებოდნენ ინფორმირებული წყაროები, მდინარაძის მცდელობა, გამხდარიყო სისტემის ერთპიროვნული არქიტექტორი, ანზორ ჩუბინიძის ფაქტორმა დაამუხრუჭა.
ჩვენ ჯერ კიდევ თვეების წინ ექსკლუზიურად ვწერდით, რომ მდინარაძე ჩუბინიძის ბიძინა ივანიშვილისგან ნეიტრალიზაციას ცდილობდა იმ მიზნით, რომ შეესუსტებინა ბიძინა ივანიშვილი და ისეთი ერთგული ადამიანი ჩამოეშორებინა, როგორიც ანზორ ჩუბინიძეა. ამ სიმართლის გაჟღერების გამო, მდინარაძემ ჩვენ სამიზნედ ამოგვიღო და ყველა იმ მეთოდით გვავიწროებდა, რომელსაც ლოგიკურად ჩვენი ბაზრიდან გასვლა უნდა გამოეწვია.
ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ,,GEO NEWS” აქვს სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც მშვიდობის პოლიტიკის და მმართველი გუნდის სუვერენულ პოლიტიკურ ხედვას იზიარებს, ამიტომაც ერთი მხრივ, ვთქვით ის რაც სხვებმა ვერ გაბედეს, რის გამოც მკვეთრი კრიტიკაც მივიღეთ, მეორე მხრივ, ჩვენ მაინც პრიორიტეტი სახელმწიფოებრივ აზროვნებას მივანიჭეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო პატივისცემა და ნდობა სახელმწიფოს ერთ-ერთი ბერკეტის – უშიშროების სამსახურის მიმართ როგორი მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო მისი ხელმძღვანელი საკუთარი მერკანტილური ინტერესებით.
ძალაუფლების გეომეტრია – როცა ,,ხერხემალი“„კედელს“ ეჯახება ?
პოლიტიკურ კულუარებში მდინარაძის გაძლიერებას ბევრი უყურებდა როგორც „თვითშემოქმედებით“ პროცესს.
მან შეძლო ის, რაც ბევრმა ვერა – მოიპოვა გარკვეული კონტროლი შსს-სა და პროკურატურაზე. თუმცა, მის გზაზე როგორც ჩვენი კონფიდენციალური წყარო გვეუბნება, აღიმართა ანზორ ჩუბინიძე – ადამიანი-ინსტიტუცია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანი – პირადი უსაფრთხოების უცვლელი გარანტი.
მდინარაძეს დაავიწყდა მთავარი აქსიომა – სისტემაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, ერთგულება ყოველთვის უფრო მაღალი ვალუტაა, ვიდრე ამბიცია.
ანზორ ჩუბინიძე სისტემის ფუნდამენტია. ის არ არის მხოლოდ ძალოვანი, ის არის ნდობის ისტორიული მეხსიერება.
მდინარაძის მცდელობა, „ჩხვლეტითი“ ტაქტიკით შეესუსტებინა ჩუბინიძის გავლენა, აღმოჩნდა კლასიკური შეცდომა, მან სცადა დაენგრია ის, რასაც ივანიშვილი ყველაზე მეტად უფრთხილდება : პირადი სიმშვიდის კონტური.
რომაული გაკვეთილი – პროვინციაში გაშვებული „პატრიციუსი“
ძველ რომში, როცა რომელიმე ამბიციური ლეგატი ან სენატორი ზედმეტად იჯერებდა საკუთარ გამორჩეულობას, იმპერატორი მას პირდაპირ არ სჯიდა. სიკვდილით დასჯა ან ღია დაპირისპირება ზედმეტ ხმაურს იწვევდა. ნაცვლად ამისა, მათ იყენებდნენ Promoveatur ut amoveatur – პრინციპს, ანუ „დააწინაურე, რათა მოიშორო“.
მდინარაძის ვიცე-პრემიერობა სწორედ ესაა…
ის გაუშვეს „საპენსიო“ პოზიციაზე, სადაც ბევრია ბრწყინვალება, მაგრამ ნულოვანია რეალური, ოპერატიული ძალაუფლება. მას ჩამოართვეს „ხმალი“ ( სუს-ი ) და მისცეს „ოქროს კალამი“.
კლასიკური რომაული სცენარია : მას შეუნარჩუნეს სახე, რათა არ დაზიანებულიყო გუნდის იმიჯი, მაგრამ გამოაცალეს ძალა, რათა არ დაზიანებულიყო სისტემის ბალანსი.
მდინარაძემ დაიჯერა, რომ ის „თვითშექმნილი“ ფიგურაა, რომელსაც შეუძლია ბატონ ბიძინას „ტოლი და სწორი“ იყოს. ეს იყო მისი პოლიტიკური ფატალიზმი.
ჩუბინიძე არის ის „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომლის ხელშეუხებლობაც ივანიშვილისთვის წითელი ხაზია.
რა მივიღეთ შედეგად ?
დღეს მამუკა მდინარაძე ახლად შესაქმნელი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერია. ის დაჯდება პატარა მაღალ კაბინეტში, წაიკითხავს ანგარიშებს და, სავარაუდოდ, გაიხსენებს იმ დროს, როცა ერთი ზარით სპეცსამსახურების მართვა შეეძლო.
მდინარაძემ მიიღო ყველაზე მწარე გაკვეთილი – პოლიტიკაში „სახის შენარჩუნებით გაბუნძულება“ ხანდახან უფრო მტკივნეულია, ვიდრე ღია დამარცხება.
დასკვნა ცინიკურია, მაგრამ სამართლიანი : როცა სუს-ის დირექტორი ხარ და გგონია, რომ გენერალ ჩუბინიძეს „საფლავს უთხრი“, ყოველთვის გადაამოწმე, ხომ არ არის ეს ორმო შენი ახალი, ვიცე-პრემიერული კაბინეტის საძირკველი.
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





