
ექსკლუზივი : მდინარაძის ,,შინაპატიმრობის” პარალელურად მასთან ასოცირებული თანამდებობის პირები სახლში მიდიან ?
მდინარაძის პოლიტიკიდან გაძევების შემდეგ ძალოვან უწყებებში ცვლილებები გრძელდება ?
მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან გაწევის შემდეგ ძალოვან უწყებებში შესაძლო ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრები არ წყდება.
კულუარული ინფორმაციით, ძალოვან უწყებებში შესაძლოა კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირის ცვლილება გახდეს საჭირო. სუს-ში და შსს-ში საკადრო ცვლილებების თემა კვლავ აქტუალურია.
ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილებები და შესაძლო კანდიდატების ვინაობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის. თუმცა, თუ ცვლილებების ახალი ტალღა მართლაც განხორციელდა, ეს სუს-ის და შსს-ის მაღალი თანამდებობის პირების წასვლის და სტრუქტურაში მნიშვნელოვანი გადალაგების ნიშნად შეიძლება იქცეს.
განსაკუთრებული ყურადღება სწორედ იმ საკითხს ექცევა, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი და რამდენად შორს წავა საკადრო ცვლილებები.
ერთი რამ ამ ეტაპზე ცხადია – მდინარაძის წასვლის შემდეგ შსს-სა და სუს-ის გარშემო პოლიტიკური ინტერესი არ მცირდება და თუ ახალი საკადრო გადაწყვეტილებები მართლაც მომზადდა, უწყებაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო ხმაურიანი გახდება.
ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ თანამდებობა დატოვეს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსებმა, მიხეილ მაღლაკელიძე და ლევან ხარაბაძე მამუკა მდინარაძის ახლო წრეს განეკუთვნებოდნენ.
ზემოთ აღნიშნული პირების მსგავსად სუს-ის ხელმძღვანელის მოქმედი პირველი მოადგილე, ბატონი ლაშა მაღრაძეც პირდაპირ ასოცირდება მამუკა მდინარაძის ახლო წრესთან. ის თავის დროზე მდინარაძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიციიდან სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოზიციაზე გადმონიშნა და გეკა გელაძემაც თავის პირველ მოადგილედ მაღრაძე კვლავ დატოვა, რაც მიმდინარე მოვლენების ჭრილში არსებული შიდა ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ მისი და ასევე შსს-ის მინისტრის მოადგილის რონი მესხის თანამდებობიდან წასვლა, რამეთუ, ერთიც და მეორეც მამუკა მდინარაძის კლასტერს განეკუთვნებიან.
საინტერესოა, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები გაჩერდება თუ არა ზემოთ აღნიშნულ გვარებზე თუ შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილსა და იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასაც შეიწირავს ?
ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





