
ექსკლუზივი – მუხრან ღურწკაია : ,,ნდობა არ გეძლევა ავანსად – მას მოპოვება სჭირდება, ნდობის მოპოვების ერთადერთი გზა კი მაღალი პროფესიონალიზმით აღსრულებული, მიუკერძოებელი სამართალია”
წინამდებარე ინტერვიუ წარმოადგენს სიღრმისეულ დიალოგს ქართული იურიდიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ, გამოცდილ და ხმამაღალ პროფესიონალთან.
მუხრან ღურწკაია – პრაქტიკოსი ადვოკატი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი, ცნობილია თავისი უკომპრომისო პოზიციით, სისტემური ხედვითა და სამართლიანობისთვის ბრძოლით.
ამ ინტერვიუში ბატონი მუხრან ღურწკაია ღიად და პროფესიული სიზუსტით აფასებს ქართული მართლმსაჯულების უმწვავეს გამოწვევებს, სისხლის სამართლის პოლიტიკის ხარვეზებს, ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის ხარისხსა და იმ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე სჭირდება.
მართლმსაჯულება, ნარკოპოლიტიკა და სისტემური გამოწვევები !
სასამართლო სისტემა და მხარეთა ( უ ) თანასწორობა !
,,GEO NEWS” ბატონ მუხრან ღურწკაიას ექსკლუზიურად ესაუბრა.
-ბატონო მუხრან, დღევანდელი ქართული მართლმსაჯულების რეალობის ფონზე, როდესაც საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და მხარეთა რეალური თანასწორობის შესახებ, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს ადვოკატები სასამართლო პროცესში ? რამდენად დაბალანსებულია დღეს ბრალდებისა და დაცვის შესაძლებლობები და, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ყოფილი ყველაზე გამორჩეული და სიმართლის მთქმელი კანდიდატი, რა ხედვა გაქვთ იმ ძირითადი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლებიც ქართულ მართლმსაჯულებას ყველაზე მეტად აზიანებს ?
-მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში დეკლარირებულია პრინციპი, რომლის მიხედვითაც ბრალდებისა და დაცვის მხარეები თანაბარი უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ, რეალობა სრულიად განსხვავებულია. ეს ჩანაწერი, სამწუხაროდ, არც კანონისმიერ და არც ფაქტობრივ სიმართლეს არ შეესაბამება.
თუ კოდექსს სიღრმისეულად შევხედავთ, თავად კანონი აყენებს ბრალდების მხარეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მაგალითად, პროკურატურას აქვს ჩხრეკის, ფარული მიყურადებისა და მოსმენების ექსკლუზიური უფლება. მეტიც, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული კომპიუტერული ტექნოლოგიიდან ამოღებული ინფორმაციის პირველად გაცნობის უფლებაც კი ბრალდებას ეკუთვნის.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ადვოკატისთვის უაღრესად გართულებულია სასამართლოსგან უფლებადამდგენი განჩინების მიღება. ამ დროს კი, ბრალდების მხარე მინიმალური დასაბუთებით, ხშირად მხოლოდ ფაქტის მშრალი აღწერით, მარტივად აღწევს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სანებართვო განჩინების მიღებას.
ეს დისბალანსი პირდაპირ გადადის სასამართლო განხილვის ეტაპზეც. თვალსაჩინოებისთვის : თუ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე დაუშვებლად ცნობს პროკურორის მტკიცებულებებს, პროკურორს აქვს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ბერკეტი. თუმცა, თუ სასამართლო დასაშვებად ცნობს ბრალდების მტკიცებულებებს, ადვოკატს/დაცვის მხარეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნია.
აქ ემატება ფინანსური ფაქტორიც. მატერიალური უსახსრობის გამო, დაცვის მხარე ხშირად ფიზიკურად ვერ ახერხებს ექსპერტიზის დანიშვნას, ვინაიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც კი, ადვოკატისთვის ეს მომსახურება ფასიანია.
ჩემი ხედვით, ამ პრობლემების აღმოფხვრა მხოლოდ ძირეული საკანონმდებლო რეფორმითა და შეჯიბრებითობის პრინციპის რეალური, პრაქტიკული რეალიზებითაა შესაძლებელი.
სისხლის სამართლის პოლიტიკა და ნარკოდამოკიდებულება :
-საქართველოში წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური ანტინარკოტიკული კამპანია განხორციელდა, ათასობით ადამიანი იქნა დაკავებული, თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოდამოკიდებულების პრობლემა მაინც ვერ გადაიჭრა. თქვენი შეფასებით, სად გადის ზღვარი მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკასა და პრევენციულ, სამკურნალო მიდგომას შორის ? ხომ არ არის დრო, სახელმწიფომ არსებული პოლიტიკა ფუნდამენტურად გადააფასოს ?
-საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკა ზოგადად უკიდურესად მკაცრია. წლების წინ სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორთა ჯგუფმა იმუშავა და გამოსცა სქელტანიანი, საფუძვლიანი ნაშრომი სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის ტენდენციებზე. სამწუხაროდ, ამ ნაშრომს პრაქტიკული გამოყენება არ ჰქონია. მიზეზი მარტივია : არ ხდება პროფესიონალებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი გუნდის მიერ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების არსებითი, ფუნდამენტური გადამუშავება, რათა აღმოიფხვრას მათში არსებული უხეში ნაკლოვანებები.
სისხლის სამართლის თეორიასა და პრაქტიკაში ცნობილი აქსიომაა : დანაშაულის ჩადენისგან თავის შეკავების მთავარი მოტივატორი პასუხისმგებლობის გარდუვალობაა და არა სასჯელის სიმკაცრე.
ამის საუკეთესო მაგალითი სწორედ ჩვენი ნარკოპოლიტიკაა – უმკაცრესი სასჯელების ფონზე, ნარკოტიკული დანაშაულის სტატისტიკა მაინც მაღალია. ნათელია, რომ მკაცრი სასჯელი ვერ ასრულებს შემაკავებელ ან მსუსხავ ფუნქციას.
ამას ემატება არათანმიმდევრულობაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო არაერთი გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზეც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ან მოხმარება თავისუფლების აღკვეთით აღარ ისჯება. თუმცა, ერთიანი სახელმწიფოებრივი სტრატეგიის გარეშე, ასეთი ფრაგმენტული მიდგომა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.
ნარკოდამოკიდებულება არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება. მასთან ბრძოლა მხოლოდ სხეულის გაჯანსაღებითა და აზროვნების კორექტირებითაა შესაძლებელი – ამას კი ციხის საკანში გამოკეტვით ვერ მივაღწევთ.
ნარკოტიკების მომხმარებელი ერთდროულად დამნაშავეცაა და პაციენტიც, შესაბამისად, მას სასჯელთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა სჭირდება.
უნდა შეიქმნას დახურული ტიპის სპეციალიზებული სამკურნალო ცენტრები, სადაც მთავარი მიზანი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია იქნება. ამასთან, გამოჯანმრთელების გზაზე პატიმრის პროგრესი და მონდომება პირდაპირ უნდა აისახებოდეს მის ბედზე – ეს უნდა გახდეს ძირითადი კრიტერიუმი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის ან პირობით ვადამდე ( უდო ) გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას.
რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღებასა და ქვეყანაში შემოტანას, აქ მიდგომა უპირობოდ მკაცრი და შეუმწყნარებელი უნდა იყოს. გასაღების მასშტაბები პირდაპირპროპორციულია მომხმარებელთა რაოდენობისა და მიწოდების არხების. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მიზეზს ( შემოტანა/გასაღება ) მკაცრი პრევენციით, ხოლო შედეგს ( მოხმარება ) უნდა ვუმკურნალოთ ზრუნვითა და გონივრული კონტროლით.
ეროვნული უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები :
-ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული დაკავებები და „აგენტური საქმიანობის“ ან უცხო ქვეყნების ინტერესებთან დაკავშირებული საქმეები. პრაქტიკოსი ადვოკატის თვალსაწიერიდან, როგორ უნდა იქნეს დაცული ბალანსი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შორის ?
-მსგავსი კატეგორიის, განსაკუთრებით კი სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმეების გადამეტებული გასაჯაროება და პოლიტიკური ან მედიური შოუს მოწყობა, პირველ რიგში, თავად სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.
რაც შეეხება შერჩევითობის განცდას, ამ რისკის დაზღვევის ერთადერთი რეალური მექანიზმი კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვაა.
კონსტიტუცია და კანონი ცალსახად აცხადებს, რომ მათ წინაშე ყველა თანასწორია. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ეფუძნებოდეს მხოლოდ მყარ სამართლებრივ სტანდარტს და არა პოლიტიკურ კონიუნქტურას. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ყველას მიმართ თანასწორ და ობიექტურ მიდგომას აჩვენებენ, საზოგადოებაში შერჩევითი მართლმსაჯულების განცდაც თავისთავად გაქრება.
პენიტენციური სისტემა და რესოციალიზაცია :
-საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის ზრდა კვლავ აქტუალური საკითხია. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტიანად ასრულებს სასჯელი საქართველოში თავის მთავარ მიზნებს და რა ცვლილებებს მიიჩნევთ აუცილებელად ?
-დღეს არსებული მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა პენიტენციურ სისტემასთან მიმართებითაც არაეფექტურია. თავისუფლების აღკვეთა, თავისი კლასიკური ფორმით, ვერ გახდა ადამიანის გამოსწორების ეფექტური გზა. ის მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრისა და იზოლაციის შიშს აჩენს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რესოციალიზაციას ხელს არ უწყობს.
დღეს უალტერნატივო აუცილებლობას წარმოადგენს ციხეების განტვირთვა. სახელმწიფომ ბევრად უფრო ხშირად უნდა გამოიყენოს არასაპატიმრო სასჯელები. ჩვენ უნდა გადავიდეთ თანამედროვე მიდგომებზე : მეტი პატიმარი უნდა გათავისუფლდეს შინაპატიმრობის მექანიზმის გამოყენებით ( მაგალითად, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით ) და აქტიურად უნდა ამუშავდეს პირობით ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც რეალურ სტიმულს მისცემს მსჯავრდებულს, შეიცვალოს ქცევა.
ადვოკატთა ასოციაციის როლი და პრიორიტეტები :
-ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რომ გამხდარიყავით, რა იქნებოდა თქვენი საქმიანობის სამი მთავარი პრიორიტეტი ? როგორ წარმოგიდგენიათ ძლიერი და ავტორიტეტული ადვოკატთა კორპუსის ჩამოყალიბება ?
-ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში, ასოციაციის სტრატეგია დაეფუძნებოდა სამ უცვლელ პრიორიტეტს :
1. ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის გაძლიერება;
ადვოკატს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ თავისი კანონიერი უფლებების სრულ რეალიზებას შეძლებს, როგორც სასამართლო სხდომის დარბაზში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ყოველგვარი ბარიერებისა და ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე.
2. ადვოკატის ინსტიტუციური დაცვა;
თითოეული ადვოკატი ხელშეუხებელი უნდა იყოს ნებისმიერი ფორმის ზეწოლის, მუქარისა თუ დისკრედიტაციისგან, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად რეზონანსულ საქმეს აწარმოებს ან ვის ინტერესებს იცავს. ასოციაცია უნდა იქცეს მყარ ფარად, რომელიც აქტიურად და უშიშრად დაიცავს თითოეული კოლეგის პროფესიულ უფლებებს.
3. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება;
ასოციაცია უნდა გახდეს აქტიური სუბიექტი საკანონმდებლო პროცესში. ჩვენი მიზანი იქნება ისეთი რეფორმების ინიცირება, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობას ფასადური ჩანაწერიდან რეალურ მოცემულობად აქცევს.
მთავარი სისტემური პრობლემა და გამოსავალი :
-თუ დღეს მოგიწევდათ ერთი სისტემური პრობლემის დასახელება, რომელიც ყველაზე მეტად აფერხებს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს სრულფასოვან განვითარებას, რას დაასახელებდით და რატომ ? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ნდობის აღსადგენად ?
-თუ ყველაზე დიდ, ფუნდამენტურ გამოწვევაზე ვსაუბრობთ, მე დავასახელებდი განათლების ნაკლებობას. დიახ, ყველაზე დიდი სისტემური პრობლემა დღეს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონეა. სწორედ აქედან იწყება ყველა სხვა შეცდომა, არასწორი ინტერპრეტაცია თუ უსამართლო გადაწყვეტილება.
იმისათვის, რომ უახლოეს წლებში მოქალაქის ნდობა სასამართლოს, პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ინსტიტუტების მიმართ საგრძნობლად გაიზარდოს, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა :
სისტემის დეპოლიტიზაცია და კადრების შერჩევა მკაცრი მერიტოკრატიით.
თანამდებობებზე ადამიანები უნდა ინიშნებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ მათი ცოდნის, გამოცდილებისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე.
უწყვეტი პროფესიული განათლება :
სისტემის შიგნით უნდა შეიქმნას კვალიფიკაციის ამაღლების მკაცრი და თანამედროვე სტანდარტები.
გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება :
თითოეულმა უწყებამ საზოგადოებას უნდა დაანახოს, რომ მოქმედებს მხოლოდ კანონის ფარგლებში. ნდობა არ მოიცემა ავანსად – მას მოპოვება სჭირდება, ნდობის მოპოვების ერთადერთი გზა კი მაღალი პროფესიონალიზმით აღსრულებული, მიუკერძოებელი სამართალია.
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





