
თამთა მეგრელიშვილი : „საქართველოს სჭირდება ძლიერი სახელმწიფო, თავისუფალი საზოგადოება და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტების გამოკვეთა“
თანამედროვე საქართველო ერთ-ერთ ყველაზე რთულ და წინააღმდეგობრივ ისტორიულ ეტაპს გადის. უსაფრთხოების გამოწვევები, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ევროპული ინტეგრაციის გარშემო მიმდინარე დებატები, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესი და საზოგადოებრივი პოლარიზაცია ქმნის მრავალშრიან რეალობას, რომლის შეფასებაც ზედაპირული პოლიტიკური შეფასებების მიღმა გაცილებით ღრმა ანალიზს საჭიროებს.
სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ „GEO NEWS“ შეხვდა პოლიტიკის ანალიტიკოსს, საჯარო მმართველობის საკითხების მკვლევარსა და საზოგადოებრივ კომენტატორს თამთა მეგრელიშვილს, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად აკვირდება საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესს და მიმდინარე მოვლენებს ისტორიული, პოლიტიკური და ინსტიტუციური პერსპექტივიდან აფასებს.
-ქალბატონო თამთა, თუ ბოლო თვეების მოვლენებს დავაკვირდებით, დაწყებული უსაფრთხოების საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში დომინირებით, გაგრძელებული ჯაშუშობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების თემებზე გახმაურებული საქმეებით, მათ შორის გულბაათ რცხილაძის დაკავებით, ასევე მმართველი პარტიის შიდა ძალაუფლების გადანაწილების შესახებ გავრცელებული დისკუსიებითა და მამუკა მდინარაძის გავლენის შესუსტებაზე საუბრით, რომელი ისტორიული ეპოქის ნიშნებს ხედავთ ყველაზე მეტად ? არის თუ არა ეს პროცესი საქართველოს ისტორიისთვის დამახასიათებელი იმ ციკლის ნაწილი, როდესაც სახელმწიფო სტაბილურობის სახელით პოლიტიკური ცენტრი ძლიერდება, ხოლო საზოგადოებრივი პლურალიზმი სუსტდება და რა გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ წარსულიდან, რათა ამ პროცესებმა ავტორიტარული ტრაექტორია არ მიიღოს ?
-საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და ოფიციალური მანდატის თანახმად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ( სუს ) ამ საქმიანობას კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით ახორციელებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი მისიის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ქვეყნის უსაფრთხოება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პარალელურად დაიცვას.
სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ცალკეულ პერსონებზე და პოლიტიკურ განწყობებზე დამოკიდებული ვერ და არ იქნება. ვინმეს გავლენებზე საუბარი აზრს მოკლებული მგონია.
იყო მამუკა მდინარაძე, დღეს არის გელა გელაძე ხვალ სხვა იქნება, რაც ბუნებრივი, ჯანსაღი პროცესია და ამ მონაცვლეობით, ანუ პოზიციური ცვლილებით არცერთი მათგანი არ კნინდება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად პატივია და ვფიქობ, მამუკა მდინარაძემ ამ პასუხისმგებლობას კარგად გაართვა თავი და დღეს მოქმედი ხელმძღვანელიც კარგი და საჭირო კადრია.
-თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული ან საგარეო პოლიტიკური მიმართულება არ არის. ბოლო წლებში საქართველოში ევროპული ინტეგრაციის პროცესის გარშემო გაჩენილი დაძაბულობის ფონზე, თქვენი აზრით, რა არის ის ფუნდამენტური ღირებულებითი საზღვარი, რომლის დაკარგვაც ქვეყნის ევროპულ მომავალს არა ფორმალურად, არამედ შინაარსობრივად დააზიანებდა ? ხედავთ თუ არა ნიშნებს, რომ დღეს სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, აკადემიური სივრცის ავტონომია და განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულება ამ გამოცდის მთავარ ველად იქცა ?
-ევროკავშირის მთავარი იდეა მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა იყო იმ ერთიანი სივრცის შექმნით, სადაც წევრი სახელმწიფოები დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, მაგრამ ერთობლივად წყვეტენ საერთო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს.
საქართველომ, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ლოგიკურად ღრმა კრიზისში აღმოჩნდა, რადგან ქვეყანამ, რომელიც აქამდე მთლიანად იყო დამოკიდებული საბჭოთა კავშირზე, დაკარგა ეკონომიკური ბაზრები, კავშირები, და ამას ემატებოდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა კონფლიქტები, პოლიტიკური არასტაბილურობა, სოციალური სიდუხჭირე და სხვა, ლოგიკურია ევროკავშირში ინტეგრაცია საჭირო და აუციელბელ მიზნად აქცია.
პოლიტიკური ძალის ცვლილების პირობებში დღეს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სხვა ხარისხშია.
საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა, რის შედეგადაც 2023 წლის დეკემბერში ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
სასამართლო სისტემა მიუკერძოებელია და ეს პროგრესი შეუქცევადია, მედია გარემო პლურალისტური და უსაფრთხოა, მოქალაქეთა ინფორმირებულობის უფლება დაცულია. ქართულმა სახელმწიფომ ყველა მიმართულებით ხელშესახები შედეგი დადო, თუმცა საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება მაინც არასამართლიანია.
ქართულ სახელმწიფოს სჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება, თუმცა დღეს ევროკავშირის თავდაპირველი იდეა და მისია სატყუარად იქცა, რადგან ის იდღეს იარაღია, რომლითაც საქართვეელოს და სხვა მსგავს ქვეყნებს თავის წესებს კარნახობს და შეუსრულებლობის პირობებში ყველა მიმართულებით ვაკუუმს უქმნის და პოლიტიკურად რიყავს.
სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში მოკავშირის ძიების და სხვისი აზრის უპირობოდ მიღების ჩვევა განაპირობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოკავშირეობაშიც არსებობს წესი, მოკავშირემ არ უნდა წაგართვას ის რის დასაცავადაც ის მოგყავს !
სწორედ ამ პრინციპით, ქართული სახელმწიფო ეროვნული ქცევის ახალ მოდელს აყალიბებს, რათა დავძლიოთ სერვილიზმი და თავი დავაღწიოთ სხვაზე დამოკიდებულებით აზროვნებას, ვისაუბროთ ქვეყნის ინტერესებზე როგორც პირველადზე და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ეროვნული ენერგიის მობილიზება მოვახდინოთ.
საქართველო, მისი ევროპული მომავლისათვის ფუნდამენტურ, ღირებულებით კავშირს ქმნის იმ მოლოდინით, რომ ევროპა დაუბრუნდება საკუთარ თავს და გადახედავს იმ არასამართლიან პოლიტიკას, რომელიც მას ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვს.
-საქართველოში საზოგადოებრივი განხეთქილება უკვე დიდი ხანია სცდება პარტიულ დაპირისპირებას. ერთი მხრივ, არსებობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოთხოვნა, მეორე მხრივ ,თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარების დაცვა. თქვენი დაკვირვებით, რა არის ამ დაყოფის ყველაზე ღრმა საფუძველი ? საბჭოთა მემკვიდრეობა ? სოციალური უთანასწორობა ? რეგიონული გეოპოლიტიკური წნეხი ? თუ პოლიტიკური ელიტების მიერ წლების განმავლობაში გაღრმავებული ნარატივები ?
-პოლიტიკური ნარატივები და მედია მთავარ იარაღად იქცა. ოპოზიციური ფლანგი აქტიურად იყენებს პოლარიზაციის სტრატეგიას ( ,,ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია” ) , რაც ხელს უშლის კონსენსუსის მიღწევას და აღრმავებს ნდობის კრიზისს.
დემოკრატიული სისტემისა და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ჩამოსაყალიბებლად კონსტრუქციული, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული და ქმედითი ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია კონსტრუქციული კრიტიკა. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულ ოპონირება და არა უსაფუძვლო ბოიკოტი. ოპოზიცია კი უსაფუძვლო ბოიკოტის რეჟიმშია. მათ საკუთარი ამომრჩევლის მიმართაც კი არ აქვთ პოლიტიკური ერთგულება და მათ ქმედებებში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია.
ოპოზიციას აკლია კონსტრუქციულობა. მმართველ ძალასთან პოლემიკა არ ეფუძნება არგუმენტებს, ციფრებსა და ფაქტებს, მათი დამოკიდებულებები მხოლოდ ემოციებსა და პერსონალურ თავდასხმებზე დგას.
საზოგადოების დაყოფის პრობლემა კომპლექსურია, საზოგადოებრივ აზრზე, განწყობებზე ბევრი რამ ახდენს გავლენას. ეს ახასიათებს პოლიტიკას და ქართული მოდელი ამ ხრივ საგანგაშო ნამდვილად არ არის. თუმცა, ეს არ გვაძლევს ამ პრობლემის ირგვლივ სირაქლემას პოზაში ყოფნის უფლებას, რაც არ მოგვწონს სწორი მიდგომით უნდა შეიცვალოს და ამას მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირობებში მუშაობა სჭირდება.
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





