
ლაშა ნადარეიშვილი : თუ საქართველოს სიყვარული და მისი ერთგულება მავანთათვის ღალატია, მაშინ პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი!
საზოგადოებრივი ინტერესის მქონე განცხადება – „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის პოზიცია დიტო ჩუბინიძის დაკავებასთან დაკავშირებით.
რედაქციის განმარტება :
,,GEO NEWS” საზოგადოებრივი ინტერესის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, უცვლელად აქვეყნებს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის, საჯარო განცხადებას, რომელიც ეხება ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
წინამდებარე მასალის გამოქვეყნების მიზანია საზოგადოებისთვის შესაბამისი ავტორის პოზიციის გაცნობა და საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხებსა და შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
რედაქცია ხაზგასმით განმარტავს, რომ განცხადების გამოქვეყნება ემსახურება ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი დებატების უზრუნველყოფას და თავისთავად არ წარმოადგენს მასში გამოთქმული ყველა მოსაზრების, შეფასების, ბრალდების ან ფაქტობრივი მტკიცების დადასტურებას ან გაზიარებას რედაქციის მხრიდან. განცხადებაში ასახული შეფასებები ეკუთვნის მის ავტორს, ხოლო მასში მოხსენიებული გარემოებების ფაქტობრივი სიზუსტე, სამართლებრივი კვალიფიკაცია და შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხები უნდა შეფასდეს შესაბამისი მტკიცებულებებისა და კანონით დადგენილი პროცედურების საფუძველზე.
„GEO NEWS“ არ ისახავს მიზნად რომელიმე პირის უდანაშაულობის ან ბრალეულობის წინასწარ განსაზღვრას, სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაში ჩარევას, ან კონკრეტული პირების მიმართ დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტად წარმოჩენას. რედაქცია პატივს სცემს უდანაშაულობის პრეზუმფციას, პიროვნების ღირსებასა და კანონით დაცულ უფლებებს.
მასალა ქვეყნდება საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც საჯარო განცხადება, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. განცხადების ავტორის მიერ გამოთქმული შეფასებების ნაწილი ( დავითგარეჯის საკითხზე ) მკაფიოდ გამიჯნულია რედაქციის პოზიციისგან, რადგან პირადად ჩვენ ეს საკითხი არ შეგვისწავლია.
ჩვენ „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის პოზიციას დიტო ჩუბინიძის დაკავებასთან დაკავშირებით უცვლელად გთავაზობთ :
,,როგორც ჩანს, სამშობლოს სიყვარულისათვის საქართველოში ადამიანებს უკვე ხელაღებით იჭერენ, რისი თვალსაჩინო მაგალითია ,,ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, უდიდესი პატრიოტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორის, პროფესორ დიტო ჩუბინიძის დაპატიმრება.
ეს სამარცხვინო შურისძიება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ აწ განსვენებულმა ლაზარე ჯორბენაძემ, მოქმედი ხელისუფლება დავითგარეჯის სადაო ტერიტორიების აზერბაიჯანისათვის გადაცემაში დაადანაშაულა და ჟურნალისტმაც აღებულ ინტერვიუში უცვლელად დააფიქსირა მისი ნათქვამი. ჰქონდა კი დიტო ჩუბინიძეს უფლება, არ მიემართა ხელისუფალთათვის, რათა სიცხადე შეეტანათ ჩიჩხიტურის კოშკისა და აღდგომის ტაძრის გასხვისება-არგასხვისების საკითხში ? როგორც ცნობილია, პიროვნება, ვისგანაც მან ინტერვიუ აიღო, სულ რაღაც ორიოდ თვეში ჩამომხრჩვალი იპოვეს და გიჟადაც კი გამოაცხადეს.
ანკი რაშუაშია საბოტაჟი და სამშობლოს ღალატი, როდესაც ჟურნალისტი სრულიად ლეგიტიმურ კითხვას სვამს – რატომ ვეღარ ავდივართ საქართველოს იმ ქრისტიანულ სიწმინდეებთან, რომლებიც ბოლო წლებში უკვე აზერბაიჯანული სახელებით მოიხსენიება ? ამის თაობაზე პირადად მე პრემიერსაც მივმართე – გაგვიძეხი დავით გარეჯისკენ, რათა მთელ საქართველოს ვაჩვენოთ, რომ ის ადგილები, სადაც 1616 წელს, აღდგომის ღამეს, შაჰ-აბასმა 6000 ბერის სისხლი დაღვარა, ისევ ჩვენია–მეთქი. პასუხად – დუმილი ! უფრო მეტიც, დიტო ჩუბინიძის დაპატიმრება და სამშობლოს მოღალატეთა წინააღმდეგ მებრძოლისათვის სამშობლოს მოღალატის მუხლის წაყენება !
თუ საქართველოს სიყვარული და მისი ერთგულება მავანთათვის ღალატია, მაშინ პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი ! აკი, ჩემს უკანასკნელ პოეტურ კრებულსაც სწორედ ასე ერქვა ,,ეშაფოტზე წარმოსათქმელი ლექსები.” და ვინ იცის, იქნებ იყო კიდეც ამაში მისტიური წინაგრძნობა იმისა, რომ საქართველოში არც თუ შორეულ მომავალში კვლავ შემოგრიალდებოდა 37 წლის ,,ჩორნი ვორონი” თავისი იაგოდებით, ეჟოვებითა და შაშურკინებით.
ჩვენ, ასავალ-დასავალის თანამშრომლებმა, ვინც 2007 წლის აგვისტოში, შუაღამისას, ავადსახსენებელმა სააკაშვილის რეჟიმმა გამომცემლობა ,,სამშობლოდან” გამოგვყარა, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ახალ ხელისუფლებას აღარასოდეს გაემეორებინა წარსულის შეცდომები, მაგრამ კვლავ სადამსჯელო მანქანის წინაშე აღვმოჩნდით ერთი უწყინარი შეკითხვის გამო – რატომ დგანან ჩიჩხიტურის კოშკთან და აღდგომის ტაძართან უცხო ქვეყნის მესაზღვრეები და რატომ გვიკრძალავენ ამ სიწმინდეებთან მიახლოებას ?
და მაინც მჯერა, ჯურღმულებიდან წამოსული თავისუფალი სიტყვა აუცილებლად მისწვდება დემოკრატიული მსოფლიოს უმაღლეს ეშელონებს, რათა ვეღარავინ შეძლოს, სამშობლოს მოღალატის დამღით ბარიერთან მიაყენოს დიტო ჩუბინიძისნაირი მამულიშვილნი, ვისაც ჩემსავით გულის ფიცარზე აწერია ჩემს მიერვე ოდესღაც ლექსად თქმული შეგონება :
ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს…
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!”
,,ასავალ-დასავალის” მთავარი რედაქტორი, ლაშა ნადარეიშვილი
რედაქციისაგან : ჩვენი სოლიდარობა გაზეთ ,,ასავალ-დასავალს” და ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს.
ირაკლი კერესელიძე, ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





