
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი – ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საპატრიარქოსთანაც და მივიღეთ გადაწყვეტილება, აიკრძალოს სუროგაცია საქართველოში, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ეს აკრძალულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია.
მაჭავარიანის თქმით, მოხდა ამ მიმართულების მაქსიმალური კომერციალიზაცია და არსებობს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ეთიკურ რისკებთან, მეორე მხრივ, ადამიანთა ვაჭრობასთან, ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასა და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან.
„ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული რისკებია. ჩვენ გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია, კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მიმართულება საქართველოში აიკრძალოს. პრაქტიკას რაც შეეხება, ძირითადად პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში არის დარჩენილი ეს პრაქტიკა. ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს აკრძალულია. პრაქტიკის მიხედვითაც ლოგიკურია, რომ ეს მიმართულება საქართველოში არ არსებობდეს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. როგორც 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.





