
მუხრან ღურწკაია : „საქმის მთავარი პრინციპი უნდა იყოს, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულად და ობიექტურად – გარდაცვლილი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე ბრალდებების საჯაროდ გავრცელება არ უნდა იქცეს სასამართლოსა და გამოძიების ჩანაცვლებად“
ადვოკატი მუხრან ღურწკაია ქართული იურიდიული სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში საკუთარი პრინციპულობით, სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნითა და მკაფიო პოზიციებით გამოირჩევა. მის პროფესიულ გზას არაერთხელ ახლდა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საზოგადოებრივი პროცესები, რომელთა შეფასებისას ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კანონის უზენაესობას, მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
მუხრან ღურწკაია იმ ადვოკატთა შორისაც იყო, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე ერთ-ერთ ძირითად კანდიდატად განიხილებოდნენ. მისი პროფესიული ავტორიტეტი და ადვოკატთა კორპუსში არსებული გამოცდილება მას საშუალებას აძლევს, მიმდინარე სამართლებრივ და საზოგადოებრივ პროცესებს არა მხოლოდ პრაქტიკოსი იურისტის, არამედ ფართო პროფესიული ხედვის მქონე სპეციალისტის პოზიციიდან შეხედოს.
ადვოკატი მუხრან ღურწკაია ყოველთვის საინტერესო და განსხვავებული ხედვებით გამოირჩევა აქტუალური საკითხების შეფასებისას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მიდგომა ისეთ თემებთან მიმართებით, სადაც საზოგადოებრივი ემოცია, პოლიტიკური თუ მედიის ყურადღება და სამართლებრივი სტანდარტები ერთმანეთთან იკვეთება.
მისი პასუხებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მძიმე და რეზონანსულ საქმეებშიც კი საბოლოო შეფასება მტკიცებულებებს, კონკრეტულ მოქმედებებსა და პირის რეალურ განზრახვას უნდა დაეფუძნოს.
ამჯერად „GEO NEWS“ მკითხველს ადვოკატ მუხრან ღურწკაიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს სთავაზობს.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გიგა ავალიანის საქმეა – გამოძიების ფარგლები, უშუალო აღმსრულებლებისა და შესაძლო ორგანიზატორების, წამქეზებლებისა და დამხმარეების სამართლებრივი გამიჯვნა, მტკიცებულებათა ჯაჭვის მნიშვნელობა და ის პრინციპები, რომლებმაც ასეთი მძიმე საქმის სრული და ობიექტური გამოძიება უნდა უზრუნველყოს.
ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასევე სისხლის სამართლის საქმეში „ცოდნასა“ და თანამონაწილეობას შორის არსებულ სამართლებრივ ზღვარს, არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის გამოყენების განსაკუთრებულ სტანდარტებს და დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიმართ საზოგადოებრივი თუ მორალური ზეწოლის საკითხებს.
მუხრან ღურწკაიას შეფასებები საინტერესოა სწორედ იმიტომ, რომ ის ერთდროულად საუბრობს მკაცრ სამართლებრივ პრინციპებზე და ხაზს უსვამს სამართლიანი სასამართლოს აუცილებლობას, მათ შორის მაშინაც, როდესაც საქმე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე და ემოციურად დატვირთულ თემას ეხება. როგორც თავად აღნიშნავს, სამართლებრივი პასუხი მხოლოდ ერთი აღმსრულებლის დასჯით არ უნდა შემოიფარგლოს, თუკი მტკიცებულებები დანაშაულის უფრო ფართო მექანიზმზე მიუთითებს.
-ბატონო მუხრან, გიგა ავალიანის საქმეზე უკვე დამდგარია სასამართლოს გარკვეული შეფასებები უშუალო თავდამსხმელთა მიმართ. თქვენი პროფესიული ხედვით, რამდენად მნიშვნელოვანია გამოძიებამ და სასამართლომ ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნოს უშუალო აღმსრულებლების როლი იმ პირებისგან, რომლებმაც შესაძლოა დაგეგმეს, შეუწყეს ხელი ან სხვა ფორმით უზრუნველყვეს თავდასხმის განხორციელება ? და რა უნდა იყოს მთავარი მტკიცებულებითი ჯაჭვი იმის დასადგენად, ვინ იყო მხოლოდ უშუალო შემსრულებელი და ვინ დანაშაულის ორგანიზატორი, დამხმარე ან წამქეზებელი ?
-ეს გამიჯვნა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და თითოეულ ადამიანს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სწორედ იმ როლისა და ბრალის ფარგლებში, რაც მას კონკრეტულ დანაშაულში ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს ამსრულებელს, ორგანიზატორს, წამქეზებელსა და დამხმარეს. ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან თანაამსრულებელთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. ორგანიზატორია პირი, რომელმაც მოაწყო დანაშაული ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას. წამქეზებელია ის, ვინც სხვა პირი დაიყოლია დანაშაულის ჩასადენად, ხოლო დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.
ამიტომ გამოძიების მთავარი ამოცანა მხოლოდ კითხვაზე პასუხი არ უნდა იყოს, თუ ვინ მიაყენა დაზარალებულს ფიზიკური დაზიანება. უნდა დადგინდეს სრული სურათი : ვინ დაგეგმა, ვინ მისცა დავალება, ვინ მიაწოდა ინფორმაცია, ვინ შექმნა დანაშაულის განხორციელებისთვის აუცილებელი პირობები, ვინ წააქეზა ამსრულებლები და ვინ დაეხმარა მათ.
მტკიცებულებითი ჯაჭვი უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და არა მხოლოდ ცალკეული გარემოებების უბრალო ერთობლიობა. კომუნიკაცია, სატელეფონო ზარები, მიმოწერა, გადაადგილების მონაცემები, ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, კონკრეტული ინფორმაციის ფლობა და შემდგომ განხორციელებული მოქმედებები ერთობლიობაში უნდა აჩვენებდეს კონკრეტული პირის ცოდნას, განზრახვასა და როლს.
მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ვარაუდი ან პირის ვინმესთან ნაცნობობა თანამონაწილეობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის. უნდა არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ამ პირის მოქმედებას დანაშაულის მომზადებასთან ან განხორციელებასთან აკავშირებს.
-გიორგი მალანიას დაკავებამ საქმეში სრულიად ახალი სამართლებრივი განზომილება შექმნა. საჯარო ინფორმაციით, გამოძიება მას თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას უკავშირებდა, მოგვიანებით კი ბრალდების საკითხი დამძიმდა და მას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებაც შეერაცხა. თქვენი აზრით, რა კრიტერიუმებით უნდა გაიმიჯნოს სისხლის სამართლებრივად უბრალო „ცოდნა“ დანაშაულის შესახებ იმგვარი ინფორმირებულობისგან, რომელიც უკვე დახმარებაში, ხელშეწყობაში ან სხვა თანამონაწილეობაში შეიძლება გადაიზარდოს ? რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში იმის დადგენა, იცოდა თუ არა პირმა თავდასხმის კონკრეტული გეგმა, მისი დრო, ადგილი და მოსალოდნელი შედეგი ?
-მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც განაჩენი არაა გამოტანილი, წინსწრებით ვერაფერ ვიტყვი. შემიძლია მხოლოდ ერთი რამის დაზუსტებით თქმა, რომ ნებისმიერი პირი, თუნდაც ყველაზე მძიმე დანაშუალის ჩამდენიც კი იმსახურებს, რომ განსაჯოს სამართლიანმა სასამართლომ. რაც შეეხება კითხვის დანარჩენ ნაწილს, აქ უმნიშვნელოვანესია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს დანაშაულის შესახებ ცოდნა და დანაშაულის განხორციელებაში განზრახ მონაწილეობა.
მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირმა დანაშაულის შესახებ იცოდა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იგი ამ დანაშაულის თანამონაწილეა. თანამონაწილეობისთვის საჭიროა დადგინდეს პირის განზრახ მონაწილეობა და ისეთი კონკრეტული მოქმედება, რომელმაც დანაშაულის განხორციელებას ხელი შეუწყო.
ამიტომ მთავარი კითხვა უნდა იყოს არა მხოლოდ „იცოდა თუ არა“, არამედ „რა გააკეთა ამ ცოდნის საფუძველზე“.
თუ ადამიანი უბრალოდ ფლობდა ინფორმაციას და მას არ განუხორციელებია ისეთი მოქმედება, რომელიც დანაშაულის მომზადებას ან ჩადენას ხელს უწყობდა, ეს თავისთავად თანამონაწილეობას არ ნიშნავს. სხვა სამართლებრივი საკითხია, არსებობდა თუ არა კანონით გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობის საფუძველი.
სხვაგვარი ვითარებაა, თუ დადგინდა, რომ პირმა წინასწარ იცოდა კონკრეტული გეგმის შესახებ და ამ ცოდნის საფუძველზე განახორციელა ისეთი მოქმედება, რომლის მიზანი ან შეგნებული შედეგი თავდასხმის განხორციელების ხელშეწყობა იყო. მაგალითად, თუ მან ამსრულებლებს შეგნებულად მიაწოდა მსხვერპლის ადგილსამყოფელი ან გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, შეუქმნა მათ შესაბამისი პირობები ან სხვა გზით გაამარტივა დანაშაულის განხორციელება.
ამ კონტექსტში მართლაც მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რა იცოდა პირმა, როდის გაიგო ეს ინფორმაცია, რამდენად კონკრეტული იყო მისი ცოდნა და რა გააკეთა ამის შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, იცოდა თუ არა მან თავდასხმის დრო, ადგილი, მიზანი და მოსალოდნელი შედეგი. თუმცა, არც ერთი ეს გარემოება ცალკე არ არის საკმარისი თანამონაწილეობის დასამტკიცებლად. საჭიროა ცოდნის, მოქმედებისა და განზრახვის ერთმანეთთან მტკიცებულებითი დაკავშირება.
-ნია იმნაძის, როგორც არასრულწლოვნის, მიმართ პატიმრობის გამოყენებამ განსაკუთრებული სამართლებრივი კითხვები წარმოშვა. როგორ უნდა შეფასდეს ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მოთხოვნა პატიმრობის გამოყენებაზე არასრულწლოვნის მიმართ, რა განსაკუთრებული სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს ბრალდების მხარემ და სასამართლომ, რათა დადასტურდეს, რომ პატიმრობა მართლაც აუცილებელია და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება მიზნის მისაღწევად საკმარისი არ იქნებოდა ? ამასთან, რამდენად განსხვავებულია არასრულწლოვნის შესაძლო წაქეზების, დახმარების ან დანაშაულისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების შეფასება ზრდასრული ბრალდებულისგან ?
-ზოგადი პრინციპია, რომ არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობა ჩვეულებრივი აღკვეთის ღონისძიება არ არის. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა თავისუფლების აღკვეთას უკიდურეს ღონისძიებად განიხილავს და სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეაფასოს მისი აუცილებლობა.
ბრალდების მხარემ უნდა დაასაბუთოს კონკრეტული რისკები და არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმე. სასამართლომ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა მიმალვის, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის, მტკიცებულებებზე ზემოქმედების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რატომ ვერ იქნება ამ რისკების განეიტრალება უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.
ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა ჩანდეს არა მხოლოდ ის, რომ ბრალდება მძიმეა, არამედ კონკრეტულად რატომ არის პატიმრობა აუცილებელი სწორედ ამ არასრულწლოვნის მიმართ და რატომ არ არის საკმარისი სხვა ღონისძიება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს რისკები სახეზე იყო და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებსა და საფუძვლებს.
რაც შეეხება არასრულწლოვნის შესაძლო წაქეზებას, დახმარებას ან დანაშაულისადმი მის დამოკიდებულებას, აქაც სისხლის სამართლის ზოგადი პრინციპები მოქმედებს, მაგრამ არასრულწლოვნის ასაკი, განვითარების დონე, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და კონკრეტული გარემოებები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
-გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ხომ არ უნდა იყოს „მეორე წრის“ სრულად დადგენა, ანუ იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებმაც თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ, მიიღეს ინფორმაცია მისი მომზადების შესახებ, შესაძლო შედეგს აცნობიერებდნენ ან თავდასხმის შემდეგ დამნაშავეებს დაეხმარნენ ? თქვენი აზრით, სად გადის სამართლებრივი ზღვარი დანაშაულის შეუტყობინებლობასა და თანამონაწილეობას შორის და რა სახის მტკიცებულებებით შეიძლება დადგინდეს, რომ კონკრეტული პირის დუმილი უბრალო პასიურობა კი არა, დანაშაულებრივი გეგმის შეგნებული მხარდაჭერის ნაწილი იყო ?
-თუ საქმეში არსებობს საფუძვლიანი ვერსია, რომ თავდასხმას ჰყავდა არა მხოლოდ უშუალო შემსრულებლები, არამედ სხვა მონაწილეებიც, გამოძიება ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა წავიდეს. გამოძიების მიზანი უნდა იყოს დანაშაულის სრული სურათის დადგენა და არა მხოლოდ უშუალო ამსრულებლების გამოვლენა.
თუმცა, აქ ძალიან მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ. დანაშაულის ჩადენის შესახებ წინასწარ ინფორმაციის ქონა თავისთავად თანამონაწილეობა არ არის. თანამონაწილეობისთვის საჭიროა დადგინდეს განზრახი მონაწილეობა და კონკრეტული მოქმედება, რომელიც დანაშაულის განხორციელებას ხელს უწყობდა.
ამიტომ მტკიცებულებებში უნდა იკვეთებოდეს არა უბრალოდ ის, რომ პირმა რაღაც იცოდა, არამედ მისი ცოდნისა და კონკრეტული ქცევის კავშირი დანაშაულთან. უნდა დადგინდეს, ვის დაუკავშირდა, რა ინფორმაცია გადასცა, რა იცოდა თავდასხმამდე, რა გააკეთა თავდასხმის შემდეგ და ჰქონდა თუ არა მის მოქმედებას რეალური მნიშვნელობა დანაშაულის განხორციელებისთვის ან მისი შედეგის მიღწევისთვის.
თუ, მაგალითად, დადგინდება, რომ პირი წინასწარ ფლობდა კონკრეტულ ინფორმაციას და შეგნებულად გადასცა ამსრულებლებს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ თავდასხმის განხორციელებაში დაეხმარა, ეს უკვე მნიშვნელოვნად განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობაა, ვიდრე უბრალოდ დანაშაულის ცოდნა და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი შეუტყობინებლობა.
-თუ გამოძიების პროცესში დადასტურდება, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმა არ იყო სპონტანური ძალადობის აქტი და არსებობდა წინასწარი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, მსხვერპლის გადაადგილების ან ყოფნის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სხვა პირების ჩართულობა, რამდენად უნდა გაგრძელდეს გამოძიება უშუალო ამსრულებლების ფარგლებს მიღმა, ანუ იმ პირებამდე, ვინც შესაძლოა დანაშაულის იდეის, მოტივის, დაგეგმვის, წაქეზების ან დაფარვის უკან იდგა ?
-თუ ასეთი გარემოებები ობიექტური მტკიცებულებებით დადასტურდა, გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უშუალო ამსრულებლების ფარგლებს მიღმა.
სისხლის სამართლის საქმეში გამოძიების მიზანი არ შეიძლება იყოს მხოლოდ იმის დადგენა, ვინ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. თუ არსებობს მტკიცებულებითი საფუძველი იმისთვის, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ორგანიზება, წაქეზება, დახმარება ან სხვა სახის კოორდინაცია, სწორედ ამის დადგენაც არის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.
ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის როლები კანონით სწორედ იმიტომ არის განსაზღვრული, რომ დანაშაულში მონაწილეობის ფორმები მხოლოდ უშუალო ფიზიკური მოქმედებით არ შემოიფარგლება. ადამიანს შეიძლება დანაშაულის ადგილზე საერთოდ არ ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მისი ქმედება მაინც იყოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი, თუ მან დანაშაული მოაწყო, სხვას მისი ჩადენა გადააწყვეტინა ან განხორციელებას შეგნებულად შეუწყო ხელი.
ამიტომ გამოძიებამ უნდა აღადგინოს დანაშაულის სრული მექანიზმი : როგორ გაჩნდა გადაწყვეტილება, როგორ მოხდა მისი განხორციელებისთვის ადამიანების მობილიზება, რა ინფორმაცია იყო გაცვლილი, ვინ იცოდა რა ეტაპზე და ვის მოქმედებას ჰქონდა რეალური მნიშვნელობა დანაშაულის განხორციელებისთვის.
-რა იქნება ამ საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთი კონკრეტული დამნაშავის დასჯა თუ მთელი დანაშაულებრივი მექანიზმის სამართლებრივად სრული რეკონსტრუქცია ?
-ჩემი აზრით, სამართლებრივი თვალსაზრისით მთავარი უნდა იყოს დანაშაულის სრული და ობიექტური რეკონსტრუქცია.
ერთი ამსრულებლის დასჯა შეიძლება იყოს აუცილებელი, მაგრამ თუ დანაშაულს რეალურად ჰყავდა ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე ან სხვა თანამონაწილე, მხოლოდ უშუალო შემსრულებლის დასჯით საქმეზე სრული სამართლებრივი პასუხი ვერ გვექნება.
ამასთან, სრული რეკონსტრუქცია ნიშნავს, რომ ყველა გონივრული ვერსია უნდა შემოწმდეს და საბოლოო დასკვნა მხოლოდ მტკიცებულებებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
სწორედ დანაშაულის სრული მექანიზმის დადგენა მოგვცემს შესაძლებლობას, პასუხი გაეცეს არა მხოლოდ კითხვას, ვინ განახორციელა თავდასხმა, არამედ იმასაც, როგორ მომზადდა იგი, ვინ მონაწილეობდა მის დაგეგმვაში და ვინ შეუწყო ხელი მის განხორციელებას.
ჩემი აზრით, ამ საქმის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულად და ობიექტურად და ამავდროულად, ყველა პირს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის რეალური შესაძლებლობა.
-მორალურად, რამდენად გამართლებულია ეკა კუპატაძეზე, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეზე, აგრესიული თავდასხმები და მოკლული გიგა ავალიანის პედოფილად შერაცხვის მცდელობები ?
–მორალურად და ადამიანურად ასეთი თავდასხმების გამართლება შეუძლებელია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრზე და დაზარალებულის უფლებამონაცვლეზე, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ სამართლებრივი სიმართლის დადგენას ცდილობს.
გარდა მორალური მხარისა, აქ სამართლებრივი სიფრთხილეც აუცილებელია. გარდაცვლილი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე ბრალდებების საჯაროდ გავრცელება არ უნდა იქცეს სასამართლოსა და გამოძიების ჩანაცვლებად. თუ ვინმეს კონკრეტულ ფაქტზე აქვს ინფორმაცია, ამის ადგილი არის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა და მტკიცებულება და არა გარდაცვლილი ადამიანის რეპუტაციის საჯაროდ განადგურება.
ამასთან, ასეთი განცხადებები არ უნდა იქცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის დისკრედიტაციის ინსტრუმენტად. შეიძლება ადამიანმა მწვავე და ემოციური პოზიცია გამოხატოს ან მისი კონკრეტული განცხადება ვინმესთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, საპასუხოდ მასზე ან გარდაცვლილზე შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კამპანია აწარმოოს.
რაც შეეხება გიგა ავალიანის პედოფილად შერაცხვას, ასეთი მძიმე ბრალდება მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებების არსებობისა და მათი კომპეტენტური ორგანოების მიერ სამართლებრივი შეფასების საფუძველზე შეიძლება იქნეს განხილული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სამართლებრივი არგუმენტი კი არა, გარდაცვლილი ადამიანის სახელისა და რეპუტაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





