
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენას დაესწრო
დღეს დედაქალაქი ბევრად უფრო განსხვავებულია, ვიდრე იყო 4 წლის წინ, რა თქმა უნდა, ეს განვითარება უნდა გაგრძელდეს და დარწმუნებული ვარ, კახი კალაძე შემდეგი 4 წლის განმავლობაში კიდევ მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს დედაქალაქს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის, რომ დედაქალაქის მერი ყოველ 4 წელიწადში თბილისის მოსახლეობას ანგარიშს აბარებს განხორციელებული პროექტებისა და დედაქალაქის განვითარების შესახებ, ძალიან კარგი პრაქტიკაა.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ანგარიში, რომელიც უკავშირდებოდა ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას. ხედავთ, რამდენი რამ გაკეთდა დედაქალაქში ურბანული განვითარების, ასევე ტრანსპორტის სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით. პრეზენტაცია მოიცავდა დაახლოებით 20 მიმართულებას და თითოეული მიმართულებით არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. ტრანსპორტი არის სრულებით განახლებული, ურბანული ქსელი არის მთლიანად განვითარებული. მარტო იმის ხსენება რად ღირს, რომ თბილისში პრობლემური მშენებლობით დაზარალებული 12 ათასი ოჯახი დაკმაყოფილდა. უამრავი რამ გაკეთდა დედაქალაქში და ამის შედეგები ვიზუალურადაც ძალიან თვალსაჩინოა. დღეს დედაქალაქი ბევრად უფრო განსხვავებულია, ვიდრე იყო 8 წლის ან 4 წლის წინ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ თბილისის მერის ანგარიშს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე კახა კალაძემ ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქის მთავრობის საქმიანობა შეაჯამა და განაცხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს კიდევ უფრო განვითარებული, ჰქონდეს მეტი მწვანე სივრცე, უფრო მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სწორი განაშენიანება და ურბანული წესრიგი.





