
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ, პოლიტიკა, სიახლეები
მამუკა გუგეშაშვილი : არ ვიცი, რას გადაწყვეტს ნიკა მელია, თუმცა დროა, მოვიშოროთ რუსეთის უღელი!
დატოვებს თუ არა ,,ნაცმოძრაობას” ნიკა მელია და მოგვევლინება თუ არა საპროტესტო მოძრაობის ლიდერად ? იგეგმება თუ არა ქვეყანაში ,,ევრომაიდანი” ? ამ და სხვა საკითხებზე ,,Geo News” ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, საკრებულოს წევრს, მამუკა გუგეშაშვილს ესაუბრა.
– ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს გაიმართება, რა მოლოდინი გაქვთ ?
– დაველოდოთ სასამართლოს. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ? დარწმუნებული ვარ, ,,ქართული ოცნება” კანონს მიღმა ვერ იმოქმედებს, ვერ გაბედავს. შავზე თეთრიაო, ვერ იტყვიან. ნიკას კანონი არ დაურღვევია, მეტიც, სიმართლის მხარეს იდგა. გამორიცხულია, სისხლის სამართლის საქმე შეუკერონ. ეს ქვეყნის ჩამოქცევის ტოლფასი იქნება და დამერწმუნეთ, მწარედ დაუჯდებათ, შედეგი იქნება უმძიმესი.
– ,,შსს”-ს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას მელიამ სამართალდამცველებს სამსხურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გვითხარით, რა მოხდა რეალურად ?
-დაახლოებით 15-20 ადამიანი ვიყავით ( მათ შორის ეძგვერაძე) და სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობდით. ირაკლიმ თქვა: მეჩქარება, მივდივარო და წავიდა. სადღაც 20 წუთში დარეკა და გვითხრა, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, ავტოფარეხში 50-დე ადამიანი შეუვარდა და ფიზიკურად გაუსწორდა. თქვენ იცით, რომ ის კლინიკაშია.
ჩვენ მაშინვე მივედით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაგვხვდნენ. ბაჩო დოლიძემ მათ უთხრა: თქვენ იცით, ვინც ჩაიდინა დანაშაული, აგერ არის დაზარალებული და დამნაშავეებს რატომ არ აკავებთო. პოლიციელებმა უხეშად უპასუხეს, რაზეც წაკამათდნენ, ეს იყო და ეს. ნიკა მელიაც ეუბნებოდა მათ, იმის მაგივრად, ვინც ეძგვერაძეს სცემა ის დააკავოთ, ჩვენს ხალხს აკავებთო. ვიმეორებ, მოხდა შეკამათება. მთელი ,,შსს”გამოიძახეს. არ ვაჭარბებ, თუ კი, თბილისში ვინმე პოლიციელი იყო, აბსოლუტურად, ყველა გამოიძახეს, თუ მათ პოლიციელები ჰქვიათ საერთოდ, იმდენად უხეშად იქცეოდნენ, იგინებოდნენ. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივ ქუჩურ გარჩევაზე გადავიდნენ.
ახლა გეტყვით რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი: ხელისუფლება ხვდება, რომ 2024 წელს მათი მმართველობა დასრულდება, ამიტომ ყველანაირად ცდილობს ხალხის დაშინებას. პირდაპირ ვამბობ, ბელარუსული და რუსული წესწყობის დამკვიდრება საქართველოში არ გამოუვათ, კატეგორიულად გამორიცხულია. თუ ,,ოცნებამ” 12 პუნქტი არ შეასრულა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მივიღეთ, მაშინ ნახავენ, რაც მოხდება და მერე გინდა ის იძახონ და გინდა ეს. ყველა ვარიანტში ხალხი გარეთ გამოვა. დღეს ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ევროკავშირის წევრობა სურს. ჩვენ ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ, მათ შორის ნატოსი, რათა დაცულები ვიყოთ. ჭკუასუსტი უნდა იყოს ადამიანი, რომ არაეულობა უნდოდეს, მაგრამ, არც რუსეთში ცხოვრება უნდა ვინმეს. რუსეთში შესვლას პირადად მე ,,სიკვდილი” მირჩევნია. ჩვენ პუტინისეულ რუსეთში დაბრუნება არ უნდა დავუშვათ, სიცოცხლის ფასადაც, რომ დაგვიჯდეს ეს. აი, ეს არის ჩემი პოზიცია.
–რას იტყვით ,,სუს”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე? თქვენ თვლით, რომ სტატუსს ვერ მივიღებთ, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება და წინასწარ თავს იზღვევენ, აი, ქვეყანაში ოპოზიცია გადატრიალებას გეგმავსო ? ოპონენტები არ დაგეთანხმებიან….
-გაიხსენეთ საბურავების თემა, ახლაც წინასწარ ამზადებენ ნიადაგს, რადგან იციან, რომ ვერ შეასრულებენ 12 პუნქტიან რეკომენდაციას. მათ თავად არ უნდათ ევროკავშირში შესვლა და ისიც გადასარევად უწყიან, რომ ევროკავშირი და აშშ მათ მიმართ, მაინც და მაინც, პოზიტიურად განწყობილნი არ არიან, რაც ბოლო მოვლენებმა ნათლად აჩვენა : აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა, ჯერ სად ვართ, კიდევ ბევრს დაასანქცირებენ. ამერიკამ იცის, რომ ეს ხელისუფლება საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენელია. ამიტომ ,,სუს”-მა მსგავსი განცხადებით წინასწარ თავი დაიზღვია. გიმეორებთ, ეშინიათ, ზუსტად იციან, რომ სახალხო გამოსვლები გარდაუვალია.
11 წელია ყველაფერს ,,ნაციონალებს” აბრალებენ, იგივე ,,ოპერაა” ახლაც. რა შუაშია ,,ნაციონელები”, პირადად მე ( ჩემი მეგობრებიც ) არჩევნების შემდეგ პარტიაში, არც მივსულვარ და რა ნაციონალი, რის ნაციონალი, აქ საუბარი ქვეყნის გადარჩენასა და რუსეთისგან დახსნაზეა. რაც უნდა ის იძახონ და რაც უნდათ ის აკეთონ, მაინც ვერაფერს გახდებიან.
ვიმეორებ, ესენი ფაქტობრივად, ბოდავენ. რა სახელმწიფო გადატრიალება, რის სახელმწიფო გადატრიალება, ამას არავინ გეგმავს, მაგრამ რუსეთში შეყვანას თუ დაგვიპირებენ, პირადად მე ყველაფერზე ვარ წამსვლელი. აი, შემდეგ, რაც უნდათ ის გამოაცხადონ, რაც უნდათ ის გააკეთონ, არ მაინტერესებს – ჩემმა შვილებმა და ჩვენმა მომავალმა თაობამ პუტინის ქვეყანაში არ უნდა იცხოვროს.
–პარტიაში ხაბეიშვილსა და მელიას ფრთებს შორის დაპირისპირებაა და ამ ფონზე რა გეგმები გაქვთ?
– როდესაც დავით ბერიტაშვილს ( ივანე ბერიტაშვილის შვილიშვილს ), კაცს, რომელმაც ქვეყანას ჰააგის სასამართლო მოაგებინა პოლიტსაბჭოდან გაუშვებ და მოიყვან ისეთ ადამიანებს, რომლებიც ,,ნაციონალურ მოძრაობას” დედას აგინებდნენ ( ასეთ ხალხს თავზე დაგვასვამ ) იქნება დაპირისპირება, აბა არ იქნება ?! თუ რამე არ შეიცვალა, პარტიაში არ დავბრუნდები. არ ვიცი ნიკა მელია რას გადაწყვეტს, ჩემი პოზიცია კი, გითხარით. არაფორმალური მმართველობა ჩემთვის მიუღებელია.
–ყოფილ შსს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს გულისხმობთ, კვლავ ის მართავს პროცესებს ?
-ვანო მერაბიშვილი კი არა, ნებისმიერი, რომ იყოს ( იგივე ნიკა მელია ) არაფორმალური მმართველი არ მინდა და მორჩა. იმ პარტიაში, რომელსაც კულისებიდან მართავენ, არაფერი მესაქმება. მე მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ბედნიერები ვიქნებით და თუ ვიღაც გმართავს, ეს შეუძლებელია. მართული ადამიანების მომხრე არ ვარ, არასდროს ვიყავი და არც მომავალში ვიქნები. შეიძლება საერთოდ აღარ ვიყო პოლიტიკაში, მაგრამ მე ჩემს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებ.
მინდა ჩვენი ქვეყანა, ერი, ერთხელ და სამუდამოდ, გაერთიანდეს, გვიყვარდეს ერთამენთი და ყველაფერს კანონი წყვეტდეს. ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს, სასამართლო სამართლიანი უნდა იყოს, აი, ეს არის. როცა ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი თავის ადგილზე იქნება, მაშინ ყველაფერი მოწესრიგდება. ეკონომიკაც გაიზრდება, ბიზნესიც აყვავდება, ინვესტიციაც შემოვა და მშვიდობაც დაისადგურებს.
თქვენ ხედავთ რა ხდება, ერთ ადამიანს გადააყოლეს ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, დაშალეს. სამწუხაროდ, შედეგიც ნახეთ, 57 მილიონი ლარის გამოტანა მოუხდათ, რათა დროებით მაინც შეეჩერებინათ ლარის ვარდნა.
–თქვენი აზრით, ნიკა მელია დატოვებს პარტიას და საპროტესტო მოძრაობის ლიდერად მოგვევლინება ?
-როგორც ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გადაწყვეტილებას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ, ნიკა მელიას ფრთა ( ასე გვეძახიან ) უახლოეს მომავალში, აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს, ეს მალე მოხდება. ჩვენ ქვეყანა უნდა გავათავისუფლოთ რუსული მმართველობისგან, ასე გაგრძელება შეუძლებელია. დროა, მოვიშოროთ რუსეთის უღელი.
ქეთი ხომერიკი





