
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე : ,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს”
,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი, 600 მლნ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში ისეთი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული, როგორიცაა ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი.
პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც, უახლოეს მომავალში საპარტნიორო და საკონცესიო შეთანხმება გაფორმდება.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





