
არჩევნებში ,,ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვებით საქართველომ მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე მყარი ნაბიჯი გადადგა
ისტორიული 26 ოქტომბერი – ,,ქართული ოცნება” ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით რჩება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან სამშვიდობო პოლიტიკა გარანტირებულია. ასევე, გარანტირებულია მასშტაბური და უპრეცენდენტო რეფორმები, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შესძლო. გუნდმა, რომელმაც კრიტიკის, სანქციებისა და ბრალდებების მიუხედავად, პირველმა თქვა, რომ ქვეყანა ეროვნულ ინტერესებს დაიცავს და ამ იდეით ივლის ევროპულ გზაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ,,ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. მას მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა, საპარლამენტო 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ხუთმა პარტიამ გადალახა.
ოპოზიციის იმ განცხადებებს, სადაც ისინი არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ და გაყალბებულს უწოდებენ, მათზე ცივი შხაპის გადასხმის ეფექტი მოახდინა ეუთო/ოდირის წარმომადგენლების განცხადებებმა. ყველაზე მსხვილი და ავტორიტეტული საერთაშორისო მისია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 26 ოქტომბერს გადამწყვეტ არჩევნებს აკვირდებოდა ამბობს, რომ არჩევნები წარიმართა მშვიდ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში. ამბობენ იმასაც, რომ არჩევნები ხარვეზების გარეშე კარგად იყო ორგანიზებული. რისთვისაც
ეუთო/ოდირის წარმომადგენლობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მადლობას უხდის. ეს იმ ცესკოზეა საუბარი, რომლის შედეგებსაც რადიკალები არ აღიარებენ. აქვე ორგანიზაცია თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის, მას არჩეულს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მისწრაფება დაჩქარდება.
ეუთო/ოდირის წარმომადგენლების მიერ გამართულ პრესკომფერენციაზე მეტწილად დადებითად შეფასდა წინასაარჩევნო კამპანია. ისაუბრეს ორგანიზაციის მხრიდან 6 მედია და ორი ონლაინ მაუწყებლის შესახებ. ითქვა ისიც, რომ ეს მედიები იყვნენ პოლიტიკურად მიკერძოებულები.
ეუთო/ოდირის გარდა, არჩევნებზე დამკვირებელი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ საქართველომ სანდო, გამჭირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა. და ეს იმ ფონზე, როცა არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა და წარმატება უსურვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც პოსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.
,,ქართული ოცნება” კი გამოცხადებული ნდობისთვის მოსახლეობას მადლობას უხდის. სწორედ ამ ნდობამ განაპირობა დიდი არჩევანი. მოსახლეობამ საფრთხე და რისკები გააცნობიერა და წინა პლაზე მშვიდობა, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებები, ეკლესიის პატივისცემა და სიტყვის თავისუფლება დააყენა, რომლის გარანტი მომდევნო ოთხი წელი ,,ქართული ოცნება” იქნება.
ირაკლი გუნია





