• January

    14

    2025
  • 519
  • 0
სამხედრო ოფიცერი დავით ნემსაძე გაქცეული პოლიციელის ირაკლი შაიშმელაშვილის ,,გმირის” მითს ანგრევს

სამხედრო ოფიცერი დავით ნემსაძე გაქცეული პოლიციელის ირაკლი შაიშმელაშვილის ,,გმირის” მითს ანგრევს

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე, სამხედრო ოფიცერი, ბატონი დავით ნემსაძე, რომელიც საფრანგეთში საქმიანობს. ის იქიდან მოგვცემს ინტერვიუს და მოგვაწვდის მნიშვნელოვან და საგულისხმო ინფორმაციას სამშობლოდან გაქცეული, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, რენეგატი ირაკლი შაიშმელაშვილის თაობაზე.

როგორც საზოგადოებას ახსოვს, წინა წლის დეკემბრის დასაწყისამდე ირაკლი შაიშმელაშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმარების სამმართველოს უფროსად მუშაობდა, რის მერეც საეჭვო ვითარებაში მიატოვა მნიშვნელოვანი სამსახური და ოჯახთან ერთად, სწრაფად და უპრობლემოდ, ოფიციალური ვიზით აშშ-ში ჩავიდა, იქ დასახლდა და დასაქმდა კიდეც.

ვინ იყო ირაკლი შაიშმელაშვილი წარსულ ცხოვრებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროში 16 წლიანი საქმიანობის დროს ?

ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხმაც შეიძლება ნათელი მოფინოს მის ქმედებებს აწმყოში და აქამდე ბუნდოვნად დატოვებული ამბავი სრულად გააშიშვლოს და ფარული ცხადყოს. 
სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ ჩვენი დღევანდელი გამოერჩეული რესპონდენტიც ბატონი დავით ნემსაძე, რომელსაც არამარტო დიდი გამოცდილებაა აქვს ჯარში მსახურების, არამედ უშუალოდ შაიშმელაშვილთანაც ჰქონია სამსახურებრივი შეხება და ბევრი საინტერესო და საგულისხმო ამბავი შეუძლია მოგვითხროს მასზე და იმაზეც თუ ვინაა ის რეალურად.

,,GEO NEWS” დავით ნემსაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა. 

-ბატონო დავით, მოკლედ მოგვითხრეთ თქვენს შესახებ, ასევე გვითხარით რატომ და როდის გქონდათ სამსახურებრივი შეხება გაქცეულ ირაკლი შაიშმელაშვილთან ?

-მე ვარ სამხედრო ოფიცერი დავით ნემსაძე. დავამთავრე სამხედრო ლიცეუმი, შემდეგ სამხედრო აკადემია. გახლავართ 2008 წლის ომის მონაწილე. ასევე მაქვს სამოქალაქო საუნივერსიტეტო განათლება და ვფლობ სამ უცხო ენას. ეს გახლავთ ჩემს შესახებ მოკლე ცნობები. შეიარაღებულ ძალებში თითქმის 10 წელი ვიმსახურე, თუმცა ნამდვილად ვერ შევეგუე იქ გამეფებულ უსამართლობას.

მე წარმოდგენა არ მქონდა თუ ასეთი განსხვავებული იყო ჯარში სამსახური იმისაგან, რაც გგონია, რომ არის სამხადრო აკადემიაში. პირდაპირ ვიტყვი, ორი განსხვავებული რამაა.
ახალაიას დროს, როგორც ბევრი სხვა ოფიცერი, მეც დათხოვნილი ვიქენი შეიარაღებული ძალებიდან, რადგანაც ღიად ვითხოვდი 2008 წლის ომის გამოძიებას. ბევრი ბრძოლის შედეგად მოვახდინე ჩემი თავის აღდგენა და 2014 წელს დავბრუნდი სამხედრო სამსახურში.
2015 წელს, იმ ბაზის შტაბის უფროსად, სადაც მე ვმსახურობდი, დაინიშნა ეს ,,ცნობილი” ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც მაშინ მაიორის წოდებას ატარებდა.ბაზაზე გადმონიშნეს, იმიტომ რომ მაშინ მაიორის ჩინი ჰქონდა და წოდებას ვერ იმატებდა, რადგანაც არ ჰქონდა თანამდებობა, რომ ვიცე-პოლკოვნიკი გამხდარიყო. ჩვენს ბაზაზე კი გადმონიშნა მისივე ნათესავმა გიორგი შაიშმელაშვილმა, რომელიც თინა ხიდაშელის გუნდის წევრი იყო. ის ნეპოტისტურად დაეხმარა საკუთარ ნათესავს, რომ მიეღო თანამდებობაც და წოდებაც.

რა სპეციფიური მახასიათებლებით გამოირჩეოდა ეს პიროვნება და იყო თუ არა ის ასოცირებული გარკვეული სპეციფიკის, ან თუნდაც პოლიტიკური შეფერილობის პირთა წრესთან ?

არანაირი სპეციალური მახასიათებლებით ეს ადამიანი არ გამოირჩეოდა. არანაირი უნარჩ-ვევა იმისა, რომ ეს ადამიანი სამხედრო ყოფილიყო, უბრალოდ არ ჰქონდა. არადა, მაიორი არ არის დაბალი სამხედრო წოდება. სამეთაურო უნარი არ ჰქონდა, არც საორატორო უნარი არ ჰქონდა. პირადი შემადგენლობისთვის რწმენის გაღვივების, მოტივციის მიცემის, ან რაიმე მსგავსის გენერირების უნარი საერთოდ არ ჰქონდა.

პოლიტიკურ აფილაციას რაც შეეხება, ამას მე უკვე ვუპასუხე, ის იყო გიორგი შაიშმელაშვილის ნათესავი, რომელიც თავის მხრივ თინა ხიდაშელის გარემოცვის წევრი გახლდათ.

პირველივე კომფლიქტი, რაც მოუვიდა შაიშმელაშვილს ბაზაზე მოსვლის შემდეგ, იყო კომფლიქტი ჩემი ჯარისკაცის დედასთან. ამ ქალმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის მოემართა პატაკით და პირდაპირ დაწერა, რომ მას მიაყენეს შეურაცხყოფა და უქნევდნენ ხელებს სახესთან. აი, ასეთი წარსული აქვს ადამიანებთან ურთიერთობის, თან ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ქცევის გამო ჯარისკაცებმა მას ფორმა შემოახიეს და სამწყობრო მოედანზე სცემეს და დაამცირეს.

რა კონკრეტული ინფორმაცია გაგაჩნიათ შაიშმელაშვილის არაკანონიერი, თუ არ ვიტყვით კრიმინალური ქმედებების შესახაბ, რაც გაფიქრებინებთ, რომ მის მიერ სამსახურიდან წამოსვლის მიზეზად დასახელებული მორალური მიუღებლობა მხოლოდ თვალთმაქცობა იყო და რეალური მიზეზი დაკვეთის შესრულება გახლდათ ?

მისი და მისი გარემოცვის ქცევა სამხედრო ბაზაზე ყოველთვის საეჭვო და დასაძრახი იყო, რადგან რა არ ხდებოდა, კორუფციული გარიგებებით დაწყებული, დამთავრებული ჯარისკაცების იძულებით, რომ სწრაფი სესხები აეღოთ და წილი მისთვის მიეცათ.
ისეთი იაფასიანი ქცევაც კი, როგორც დაზიანებული ხელის რაციის შესაკეთებლად ფულის შეკრება და მითვისებაა, არ იყო მისთვის მიუღებელი. ამ ყველაფერზე მე ოფიციალურად არაერთხელ მივმართე გენერალურ ინსპექციას, თუმცა ხელშესახები შედეგი არასდროს დადებულა.

მისმა კურსელმა ნიკოლოზ ქველაძემ, საყარაულო შემოღობვაზე გადმოიყვანა ბავშვები, ერთ-ერთი მათგანი 7 წლის იყო. მოატყუეს ბავშვები, უთხრეს, რომ ტანკებში ჩასვამდნენ, მაგრამ, როგორც კი შიგნით აღმოჩნდნენ, მათი წამება დაიწყეს, ხანძარსაწინააღმდეგო კასრში თავით ახრჩობდნენ, საშრობ ოთახში შარვალჩახდილი დასვეს, დენის სკამის იმიტაციას უკეთებდნენ, ამოიღეს ნახშირი და სხეულზე უსვამდნენ, ამ ყველაფერს მხოლოდ ლევან კობაიძე შეესწრო.  მან ბავშვების წამება შეაჩერა და მეთაურს ბატონ ლუტიძეს მოახსენა, რომელიც ამ სისტემის კრიმინალი იყო და შაიშმელაშვილის პირველი მფარველი ჯარში.

მე ეს ამბავი თავად ბავშვებისგან გავიგე და რეაგირება მოვითხოვე. ლევან კობაიძემ, ოფიცერმა რომელმაც ეს ფაქტი შეაჩერა, ყველაფერი პირადად დამიდასტურა. სხვათა შორის, კობაიძეც სააკაშვილის დროს უსამართლოდ დაჩაგრული პირი იყო, რეპრესია გამოვლილი ბიჭი, რომელიც ბავშვების წამებას ნამდვილად არ დაუშვებდა. დღეს ეს ბიჭი ჩემსავით ემიგრაციაშია და პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული.

მე პირადად მივედი ბაზის მეთაურ ილია ლუტიძესთან და ამ საქმეზე სამართლებრივი რეაგირების დაწყება მოვითხოვე, რაზეც მან მთხოვა, რომ ყველაფერი დამევიწყებინა და მითხრა, რომ რეაგირება არ მოხდებოდა. მე, რა თქმა უნდა, არ გავჩერდი და წავედი სამხედრო პოლიციაში, რადგან ეს საკითხი მომხსენდა და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდი.

ძალიან ზანტად დაიწყეს გამოძიება. ერთ დღესაც გენშტაბის უფროსის კაბინეტში იკითხება ლევან კობაიძე, სადაც თავისუფლად შედის შაიშმელაშვილი და პირდაპირ ემუქრება მას, რომ სიმართლე არ ილაპარაკოს, თან ამას აშკარად და თავხედურად აკეთებს. ასეთი იყო შაიშმელაშვილის და თინა ხიდაშელის თავდაცვის უწყება.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს საქმე არ არის დამთავრებული, თაროზეა შემოგდებული. მაშინ ჩემი მოწადინებით პრესაში მასალები ამ ფაქტის თაობაზე დაიბეჭდა, მათ შორის გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ და შაიშმელაშვილი გახარიას დახმარებით თავდაცვის სამინისტროდან სასწრაფოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გდდ-ში გადაიყვანეს, სადაც მნიშვნელოვანი თანამდებობა ჩააბარეს.

არადა, არ შეიძლებოდა ამ ადამიანის შსს-ში გადაყვანა, რადგანაც ყოვლად შეუთავსებელი იყო ასეთ საპასუხისმგებლო საქმიანობასთან, რაც კარგად გამოჩნდა კიდეც აქციებზე და გთხოვთ დააკვირდით, მას მერე, რაც შაიშმელაშვილი საქმსახურიდან წავიდა და ოპერაციებს აღარ გეგმავს, კაცი არ დაშავებულა დღემდე.

სატელევიზიო ეთერით გასულ ინტერვიუებში ის ხაზგასმით და აქცენტით საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მიუღებელი აღმოჩნდა მისთვის საგანგებო ოპერაციების დაგეგმა და მომზადება და რომ თითქოს განსაკუთრებულად განიცადა ეს გარემოება, თუმცა, თქვენი მონათხრობით შაიშმელაშვილი არ ტოვებს ესოდენ მიამიტი და გულჩვილი ადამიანის შთაბეჭდილებას. როგორ ახსნიდით ამ გარემოებას ?

ოპოზიციურ ტელევიზიებში გამოჩნდა და გმირად უნდათ, რომ გამოიყვანონ. ეგ არაფერს ნიშნავს, რამეთუ თავისი არსით ეს ხომ ტელევიზიები არაა, ერთგვარი იდეოლოგიის პროპაგანდისტები არიან. ეგ ახლა როგორი მომენტია იცით, ზურაბიშვილის დახმარებით მიიღო აშშ-ს ვიზები თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის და ამერიკაში გაიქცა. ერთი დღეც არ უბრძოლია სამშობლოსთვის. როცა გარბის საქართველოდან და იძახის, რომ ზეწოლა იყო მასზე და ბავშვებით დაემუქრნენ, რაიმე მტკიცებულება ამისა არსებობს ? ერთი ნაკაწრი მანახეთ მის სხეულზე და დავიჯერებ. ახლა კი არ მჯერა, რადგან კარგად ვიცნობ მის ფლიდ ბუნებას და ვიცი რაზეა წამსვლელი საკუთარი სარგებელისთვის.

თუმცა, აშშ-ში რამდენად გაითვალისწინებენ მის სიცრუეს, ეს მეორე საკითხია, რადგან ახლა ვინც ვართ აქ, საფრანგეთში, მისგან პოლიტიკური დევნილები, მივაწვდით სათანადო ინფორმაციას მისი რაობის თაობაზე და ვნახოთ, როგორ მიიღებს პოლიტდევნილის სტატუსს.ზუსტად ავუხსნით, თუ როგორი ზონდერია ბატონი ირაკლი და რას აკეთებდა საქართველოში.

პირდაპირ გეტყვით, რომ მას უთხრეს ელაპარაკა სიბინძურეები ეკლესიაზე და ამიტომაც ახსენა სატელევიზიო ინტერვიუში ანდრია ჯაღმაიძე, რათა რეპუტაცია შეელახა მართლმადიდებლური რწმენისა და ეკლესიისთვის. ეგეც ადგა და ილაპარაკა, თავად წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება ანდრია ჯაღმაიძემ საპოლიციო ქვედანაყოფი მართოს ? ეს ხომ აბსურდია ?

საოცრად გულსატკენია, რომ ამდენი ემიგრანტი წვალობს და რას აღარ აკეთებს, რომ აშშ-ში მოხვდეს და შაიშმელაშვილს კი, ფაქტობრივად, ფსევდო გმირის სტატუსით ყველაფერი მზამზარეული დაახვედრეს, ეგ კი დგას და ცინიკოსობს იქიდან და თან გვმოძღვრავს.
ყველაზე გულსატკენი კი ისაა,რომ დიდ მედიებში, აი როგორიც არის, თუნდაც რადიო „თავისუფლება“, ერთი კრიტიკული კითხვა არ იქნა დასმული შაიშმელაშვილის მიმართ და საზოგადოებას შესაღდა, როგორც გმირი. ეს ასე არ ხდება, ძალიან ბევრი ინფორმაციაა მის შესახებ და ანალიზის უნარი აქვს ბევრს, რომ სწორი დასკვნები გააკეთოს.
გულსატკენია, რომ ჟურნალისტმა, რომელმაც ეს გააკეთა, ნასტია არაბულმა, ყველა ჩემი კრიტიკული კომენტარი წაშალა, რომ მისი ინტერვიუ იყოს „უმანკო“.

ჩემი ვარაუდით, გაქცეული შაიშმელაშვილი აშანტაჟებს ხელისუფლებას და ეუბნება, რომ თუ ჩემთან მიმართებაში რამე სამართლებრივ ნაბიჯს გადმოდგამთ, პირს გავაღებ და რაც აქამდე არ მითქვავს, იმასაც ვიტყვიო. დაუშვებელია, რომ მთელი სახელმწიფო ამ შარლატანის გავლენის ქვეშ მოექცეს და არც ისაა სწორი, რომ თითქოს შაიშმელაშვილი არავინ არ იყო და არაფერი არ იცოდა.

დაბოლოს, როგორია თქვენი მოლოდინი, რამდენად დაგიჯერებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა, ანუ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადრევე იცნობდით და თქვენი კონკრეტული ნეგატიური დამოკიდებულება გქონდათ ამ პირის მიმართ, ჩაითვლება თუ არა, რომ ადრეული წყენის გამო მოახდინეთ მისი მხილება, თუ ის თქვით, რაც ყველა ადამიანს მოეთხოვებოდა ამგვარ სიტუაციაში ?

-იცით, გეტყვით, რომ მე ვარ სამხედრო და ფიცი მაქვს მიცემული, რომ ვემსახურო და დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები. ამიტომაც, როდესაც მე ვხედავ ღალატს, მოვალე ვარ ხმა ამოვიღო და ვთქვა სიმართლე. ჩვენ ოფიციალურად ცნობილი ვართ დევნილებად საფრანგეთში, ესაა ჩემი სატატუსი და საფრანგეთის ხელისუფლებამ იცის, რომ ჩემს საქმეში ირაკლი შაიშმელაშვილი არის მდევნელი და ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური როლის შემსრულებელი.

პირდაპირ გეტყვით, რომ შაიშმელაშვილს არ ჰქონდა წვდომა ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე, რომ სათანადო ინფორმაცია შეეგროვებინა. ერთადერთი რა ინფორმაციის მატარებელიც შეიძლება შაიშმელაშვილი იყოს, არის ის ქვედანაყოფები, რომელსაც თავად აგეგმარებდა და ამზადებდა საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაში, რაზეც შეიძლება თქვას, რომ ჩემზე თუ რამე იქნება, ავდგები და ყველაფერზე ღიად ვილაპარაკებო, თუმცა, იმას არ ფიქრობს, რომ თავად არის ამ ძალადობის წარმომშობი. აი, ვკითხულობ, როგორ შეიძლება სატანკო სპეციალისტი შაიშმელაშვილი უცებ გადავიდეს და გახდეს მასების მართვის საკითხში პროფესიონალი ? რაც სრულად წარმოუდგენელია. 

იმასაც გეტყვით, რომ შაიშმელაშვილის დესტრუქციულ გუნდათ დღეს ქვეყანაში რჩება : თინა ხიდაშელი, ანა დოლიძე, გიორგი შაიშმელაშვილი, ასევე გიორგო მოლოდინი. რა თქმა უნდა, გახარიაც, ვის დროსაც დაწინაურდა და გადაიყვანეს გდდ-ში.
შაიშმელაშვილმა პირველივე ინტერვიუში სახელმწიფოს დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა და არის მოლოდინი იმისა, რომ ასეთ ქცევას მომავალშიც განაგრძობს, თუ პასუხი არ მოეთხოვა და ყველაფერი ძვეელებურად დარჩა. ამიტომაც, მოგიწოდებთ ყველას, ვისაც მის შესახებ სათანადო ინფორმაცია გაგაჩნიათ და ასეთი დარწმუნებული ვარ ბევრნი ხართ, არ შეგეშინდეთ და დროულად მიაწოდეთ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს.

არაქართველმა და მოღალატემ პირდაპირ ეთერში ღალატი ჩაიდინა და მე ამას შეშფოთებით ვუყურებ, რადგანაც ვიცი რა შეიძლება ამას მოჰყვეს შედეგად. შაიშმელაშვილის დღევანდელი ნარატივი და მოწოდება, რომ საკუთარ ფიცს, საკუთარ სამშობლოს უღალატონ და  სახელმწიფოს რღვევა დაიწყოს, აი, სწორედ ესაა მისი დამკვეთების მიზანი.

ზოგადად, გულახდილად გეტყვით, რომ მე არავის ვაძლევ ინტერვიუს, რადგანაც მაქვს ჩემი სოციალური მედიის გვერდები და იქიდან ვამბობ სათქმელს, მაგრამ თქვენი მკითხველისათვის დავუშვი გამონაკლისი და, რა თქმა უნდა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ სტატიაში არსებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს წინაპირობა სისხლის სამართლის საქმის ასაღძრავად სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რაზეც მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაფიქრდნენ.

დაბოლოს, მინდა მივმართო ყველას, ვისაც შაიშმელაშვილი გმირი ჰგონია და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, არ დაიჯეროთ ამ მითის, ის თაღლითია და არა გმირი, ასეთებზე მიბაძვა არის მორალური და პრაქტიკული ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.

მე ვრჩები ჩემი ერის და ჩემი ხალხის ინტერესების მცველად და მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკურად საქართველოში ვიქნები, საფრანგეთში თუ სადმე სხვაგან, ჩემი გული და ჩემი გონება ყოველთვის საქართველოში იქნება.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor