• October

    11

    2023
  • 472
  • 0
ალექსანდრე ცინკერი : ისრაელი რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა, ვფიქრობ, ათი დღე მაქსიმალური ვადაა –  ტერორისტული ორგანიზაცია ,,ჰამასი” განადგურდება!!

ალექსანდრე ცინკერი : ისრაელი რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა, ვფიქრობ, ათი დღე მაქსიმალური ვადაა – ტერორისტული ორგანიზაცია ,,ჰამასი” განადგურდება!!

ბოლო დღეებია, თვალს ვადევნებთ ,,ჰამასის” მოულოდნელ, უპრეცედენტო თავდასხმასა და დარტყმებს ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. მართალია, ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირებას ბევრი წლის ისტორია აქვს, მაგრამ ამ მასშტაბის შეტევები პალესტინელების მხრიდან, ცოტას თუ ახსოვს. ,,Geo News “ამ საკითხზე თელავივის მკვიდრს, ,,საერთაშორისო ცენტრის ,,ICES”-ის ხელმძღვანელს, ისრაელის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, პოლიტოლოგს ალექსანდრე ცინკერს ექსკლუზიურად ესაუბრა. 

ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში, მშვიდობასა და გამძლეობას გისურვებთ!

 გვითხარით, რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში და რა ვითარებაა ახლა ისრაელში ? 

-მოგეხსენებათ, მე თელავივში ვიმყოფები, გეტყვით, აქ, რაც ხდება. ცხადია, ყველა ძირითადი მოვლენა სამხრეთში ხდება, ასევე ჩრდილოეთშიც, მაგრამ ყველაფერი სამხრეთში – ,,ღაზას” სექტორში დაიწყო.

შაბათს, პალესტინელი ტერორისტები ისრაელს თავს დაესხნენ. დღევანდელი მდგომარეობით სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე, პრაქტიკულად, ყველა ტერორისტი გაანადგურეს, ან განდევნეს. დღეს იქ ტერორისტები აღარ არიან. რამდენიმე დღეა ისრაელის თავდაცვის დანაყოფები ბომბავენ ყველა წერტილსა და შტაბს, ,,ღაზას” სექტორში ,,ჰამასის” იარაღების საწყობებს და ა.შ. ქვეყნის საზღვარი მოქმედი არმიის მეთვალყურეობის ქვეშ არის.

ახლა დგას საკითხი, რომ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია, უფრო სწორედ ისრაელის არმია შევა ,,ღაზას” სექტორში. გუშინ, პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ნათანიაჰუმ მიწერა ბაიდენს, შეატყობინა, რომ ისრაელს ამის გაკეთება მოუწევს. გარდა ამისა, 300 ათასი რეზერვისტია გამოძახებული. ისინი ისრაელის ჯარში მსახურობენ და ყოველ წელს გადამზადებას გადიან. აი, ეს ხდება სამხრეთში. თუმცა, რა თქმა უნდა, არის გარკვეული პრობლემა ჩრდილოეთში, რადგან ლიბანში ,,ჰეზბოლა” ირანულია, შესაბამისად, ისიც აქტიურად მოქმედებს. და გუშინ, იყო კიდეც სროლები. იქ არიან პალესტინელი ტერორისტები და ჩვენთან ყველამ გადასარევად იცის, რომ სამხრეთ ლიბანი ,,ჰესბოლას” იურისდიქციაშია და ყველაფერი, რაც იქ კეთდება მხოლოდ ,,ჰესბოლას” ნებართვით კეთდება. და ჰესბოლა კი ამბობს: არა, არა, ჩვენ არ მივიღებთ მონაწიელობასო, მაგრამ…ამერიკამ ისინი გააფრთხილა, უთხრა გაჩერდით, არ ჩაერიოთ, არ იმოქმედოთო. ვნახოთ, აი, ახლა ეს ვითარებაა.

გარდა ამისა, ამერიკული ფლოტი, ავიამზიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება, ( რომელსაც აქვს რაკეტები ) საზღვართან უკვე მივიდა. მართალია, ჯერ კიდევ ხმელთაშუა ზღვაში არიან, მაგრამ უკვე მიუახლოვდნენ ლიბანისა და ისრაელის საზღვარს. ეს არის გაფრთხილება, მისცეს სიგნალი, რომ ისინი მზადყოფნაში არიან. ახლა გასაგებია, რომ ისინი არ ჩაერევიან, მაგრამ ვიმეორებ, ეს გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ აღარავინ ჩაერიოს ისრაელისა და ,,ჰამასის” კონფლიქტში.

თქვენი ვარაუდით, რამდენად შესაძლებელია, რომ მდგომარეობა სწრაფად ჩაცხრეს და რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ პალესტინელების უკან იგივე ირანი, რუსეთი და ჩინეთი იდგეს ? მსგავსი მოსაზრებები გამოითქვა….

-ვფიქრობ, ღიად პალესტინელებს მხარს, არც რუსეთი, არც ჩინეთი და არც ირანი დაუჭერს. ისინი არ გაამართლებენ იმას, რაც ,,ჰამასმა” გააკეთა. მათ ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდები, რომლებიც საღამოს მხიარულად და მშვიდად ატარებდნენ უმიზეზოდ დახვრიტეს, 300-დე კაცი მოკლეს. ეს მხეცური საქციელია და ამას არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ გაამართლებს. ისინი ამბობენ: არა, არა, ჩვენ არ ჩავერევით, მათ მხარეს არ დავიჭერთო. დიახ, ირანი აცხადებს, რომ მომხდართან არავითარი კავშირი არ აქვს, თუმცაღა ,,ჰამასს” მხარს უჭერს, მაგრამ იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს ვანდალური ოპერაცია ,,ჰამასმა” თავად ჩაატარა. რუსეთმა და ჩინეთმა კი ნეიტრალური განცხადება გააკეთეს : აუცილებელია შეწყდეს სისხლიღვრა, ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რათა იყოს მშვიდობაო.

ახლა გეტყვით რაშია საქმე, ანუ ვის და რაში აწყობდა ეს კონფლიქტი : ირანსა და პალესტინაში ძალიან განიცდიდნენ ისრაელისა და საუდის არაბეთის დაახლოებას. ისრაელი და საუდის არაბეთი წლის ბოლომდე მშვიდობიანი ხელშეკრულების დადებას აპირებდნენ. და თუ ისრაელი და საუდის არაბეთი ამ ხელშეკრულებას დადებენ, ამას სერიოზულად შეხედავენ ისეთი მსხვილი მუსულმანური სახელმწიფოები, როგორიცაა ინდონეზია, მალაზია და სხვანი, ისევე, როგორც საუდის არაბეთი. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ირანი ,,ჰამასს” ამ ოპერაციის წამოწყებაში ეხმარებოდა, რადგან დროში ემთხვევა, კონფლიქტი სწორედ  ხელშეკრულების დადების წინ დაიწყო.

ამერიკა, ისარაელი და საუდის არაბეთი დაინტერესებულნი არიან, რომ ეს ხელშეკრულება სწრაფად დაიდოს, რადგან ეს არჩევნების წინ, ბაიდენს უპირატესობას აძლევს, საუდის არაბეთს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ისრაელს კი გარკვეულ დივიდენდებს, რადგან პრემიერ-მინისტრს ქვეყნის შიგნით საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს. ამიტომ ამ ქვეყნებს სჭირდებათ – აწყობთ ეს ხელშეკრულება, ხოლო ირანს, ცხადია, არ აწყობს, ამიტომაც სავსებით შესაძლებელია, რომ ,,ჰამასს” ამ ოპერაციისკენ ირანმა უბიძგა. ვთვლი, რომ ირანი ,,ჰამასს” ეხმარება, მომავალშიც  დაეხმარება, მაგრამ ამას ღიად ვერ იტყვის, მით უფრო იარაღს ვერ მიაწვდის ღიად, რადგან ამას ამერიკლების მხრიდან მოჰყვება მეტად მკაცრი ზომები, მოქმედებაც.

ისმის კითხვა, როგორ გამორჩა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებს, რომ ისრაელის სახელმწიფოზე დარტყმა მზადდებოდა…როგორია თქვენი მოლოდინი, როდის დასრულდება ეს ბრძოლა ? 

-იცით, ამ კითხვას ბევრი ჟურნალისტი მისვამს, მეტიც, ჩვენც ვუსვამთ ერთმანეთს აქ ამ კითხვას, პასუხი ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. ახლა გარკვეული შეთანხმება არსებობს : მოდით, ჯერ მოვიგოთ ომი, შემდეგ გავარკვიოთ ეს. მართლაც საინტერესოა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებს, რომლებმაც ყველაფერი ყოველთვის წინასწარ იციან თავისი აგენტებისგან, რომლებიც ,,ღაზას” სექტორში ჰყავთ, რატომ გამორჩათ, დიახ, რატომ არ იცოდნენ მათი გეგმა.  მე ვიცნობ ამ სამსახურებში მომუშავე ხალხს და ვიცი მათგან, რომ ჩიტიც კი, რომ შეფრინდეს, მათ ეს მაშინვე ეცოდინებათ, ასე რომ, საკვირველია, როგორ ვერ დაინახეს ამდენი ტერორისტი. ასევე, რატომ არ მოხდა რეაგირება ოპერატიულად ? მოკლედ, ბევრი კითხვა გვაქვს, იმაზე მეტი, ვიდრე უცხოელ ჟურნალისტებს. ვფიქრობ, ამის დასადგენად გარკვეული სამსახურები უკვე მუშაობენ და მალე ყველაფერი გაირკვევა.

საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც აუცილებლად დაადგენს ვინ არის დამნაშავე და რატომ გამორჩათ ეს. ვიმეორებ, ახლა მთავარია გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ყველაფერი გაირკვევა, თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში  მსგავსი შეცდომა დაშვებული აღარ იქნას. სამწუხაროდ, ისრაელის, იგივე ისრაელის უშიშროების სამსახურების იმიჯი შეილახა და ახლა ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი იმიჯის აღსაღდგენად.  

რაც შეეხება იმას თუ როდის დასრულდება ომი – რთული სათქმელია, თუმცა ნებისმიერი ომი ოდესღაც მთავრდება. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ამას მხოლოდ გენშტაბის უფროსი თუ გააკეთებს, თუმცა ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ომი მალე დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ძირითადი საფრთხე და დარტყმები ათი დღის განმავლობაში დასრულდება, რისთვისაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. თქვენ იცით, რომ ისრაელი რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ათი დღე მაქსიმალური ვადაა და შედეგი დაიდება. შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება იმის თქმა რა რაოდენობა დარჩება ჩვენი მტრისგან, და დასკვნებიც გაკეთდება.

ვფიქრობ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ჩაერევიან, რათა მშვიდობა მალე დამყარდეს. აი, მათზე ბერვი რამ არის დამოკიდებული, იგივე ეგვიპტეზე, ამერიკაზე, ალბათ თურქეთსა და საუდის არაბეთზე. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები იქნება და მოძებნიან გზას, რომ ეს ომი მოკლე დროში დასრულდეს, რადგან დღეს ისრაელის მიზანია გაანადგუროს ტერორისტული ორგანიზაცია ,,ჰამასი “. 

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor