• June

    23

    2025
  • 112
  • 0
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის !

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის !

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე ფართოვდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სუბიექტად მიჩნეული იქნება არა მხოლოდ კონკრეტული, განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.

კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერ სუბიექტს აეკრძალება ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა; ასევე, აიკრძალება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

„კანონის მე-9 მუხლის ცვლილება ეხმიანება საქართველოს კანონმდებლობაში უახლოეს წარსულში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც დაწესდა პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის მათი საქმიანობიდან (სტატუსიდან) გამომდინარე შეურაცხყოფის მიყენებისთვის. კერძოდ, კანონის მე-9 მუხლში შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, აიკრძალება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში და ა.შ.) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს“, – ნათქვამია პროექტში.

ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

„არავის აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები; გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – ნათქვამია კანონპროექტში.

გარდა ამისა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მედიის მიერ სასამართლო სხდომების გაშუქებასაც ეხება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.

პროექტში ნათქვამია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რიგ პოზიციებზე განწესებულ-არჩეულ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები იზრდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ვადების ზრდა ხდება, რათა სასამართლოს/კოლეგიის/პალატის მენეჯმენტი უფრო ეფექტიანად განხორციელდეს.

„ცნობილია, რომ მენეჯერულ თანამდებობაზე გამწესებული პირი დროთა განმავლობაში აგროვებს სათანადო გამოცდილებას, რომელსაც წარმატებით იყენებს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად“, – ნათქვამია პროექტში.

რაც შეეხება ვადების ზრდას, ცვლილებებით, იზრდება – უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრთა უფლებამოსილების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე; უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა სამი წლიდან ხუთ წლამდე; უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა სამი წლიდან ხუთ წლამდე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით იზრდება უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები. კერძოდ: საკვალიფიკაციო და სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ხუთ წლამდე, ხოლო დანარჩენი პალატების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები – ხუთი წლიდან ათ წლამდე. ასევე, იზრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, პალატების/კოლეგიის თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები ხუთი წლიდან ათ წლამდე; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს/კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადები ხუთი წლიდან ათ წლამდე; მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობის (თავმჯდომარის ჩათვლით) უფლებამოსილების ვადა სამი წლიდან ოთხ წლამდე.

გარდა ამისა, რაიონული სასამართლოს მოსამართლის დაწინაურების პროცედურის გამარტივება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოსამართლის სააპელაციო სასამართლოში დასაწინაურებლად ამჟამად მოქმედი ხუთწლიანი ვადა სამ წლამდე მცირდება.

„საქართველოში მოსამართლის განწესება საკმაოდ რთული პროცედურების შედეგად ხდება. თუ ამგვარი რთული პროცედურების შედეგად შერჩეულმა კეთილსინდისიერმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ საქმეთა სიმრავლის და სტრესული გარემოების მიუხედავად, სათანადოდ გაართვა თავი სამი წლის მანძილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საქმიანობა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელოს. დაწინაურებისათვის დამატებით რაიმე კრიტერიუმების დაწესება აუცილებელი არ არის, რადგან მოქმედი კანონმდებლობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისედაც ევალება – მისი გადაწყვეტილებები ყველა (მათ შორის – საკადრო) საკითხებზე იყოს დასაბუთებული“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უფრო დაცული ხდება მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შრომისუუნარობის გამო თანამდებობიდან გათავისუფლების თვალსაზრისით, რადგან ამჟამად მოქმედი შრომისუუნარობის ოთხთვიანი ვადა (რაც საკმარისია უფლებამოსილების შესაწყვეტად) ექვს თვემდე იზრდება.

დაბოლოს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები მოსამართლის მივლინების საკითხებსაც ეხება. ცვლილებებით, მივლინების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე იზრდება. ასევე, დაიშვება ამ ვადის გაგრძელება ორი წლით.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოსამართლის თანხმობის გარეშე, მისი მივლინების გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით უნდა მიიღოს (დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით).

კანონპროექტში ნათქვამია, რომ მოსამართლის მივლინების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, გასაჩივრება შეაჩერებს მივლინების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედებას, საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.

პროექტში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას ენიჭება უფლებამოსილება – საკუთარი გადაწყვეტილებით დაასრულოს მივლინებასთან დაკავშირებული პროცედურა, თუ მიიჩნევს, რომ მოსამართლის მივლინების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება იქნება უკანონო (მოქმედი რედაქციით, საკვალიფიკაციო პალატას შეუძლია, მხოლოდ საქმის ხელახლა განსახილველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დაბრუნება).

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor