• August

    16

    2025
  • 575
  • 0
ექსკლუზივი : რიმა ბერაძე – თანამედროვე ათენა საქართველოს პოლიტიკურ ავანსცენაზე ! 

ექსკლუზივი : რიმა ბერაძე – თანამედროვე ათენა საქართველოს პოლიტიკურ ავანსცენაზე ! 

საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში, სადაც პასუხისმგებლობა, სტრატეგიული ხედვა და პიროვნული სიმტკიცე იშვიათად ერწყმის ერთ ფიგურას, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი რიმა ბერაძე. მისი საქმიანობა წარმოადგენს თანამედროვე პოლიტიკური ლიდერობის ნიმუშს, სადაც სახელმწიფო ინტერესები და ადამიანებზე ზრუნვა, არა მხოლოდ დეკლარაციად, არამედ ყოველდღიურ მოქმედებად იქცევა.

ქალბატონი რიმა, თანამედროვე ეპოქის ათენას განასახიერებს – სიბრძნის, სამართლიანობისა და პროგნოზული აზროვნების ქალღმერთს, რომელიც მუდამ იქ დგას, სადაც ქვეყანას სჭირდება არა ხმამაღალი დაპირებები, არამედ გამართული, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები.

მისი ხედვა მკაფიოდ ასახავს იმას, რომ საქართველოს წარმატება ვერ იქნება ერთჯერადი პროექტების შედეგი ; ის არის უწყვეტი პროცესის ნაყოფი, რომელშიც განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება და მშვიდობა ერთიან, მტკიცე სისტემაშია მოქცეული.

,,GEO NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც გელით ბევრ სინტერესო და სახელმწიფოებრივ საკითხზე მოისმენთ დამჯდარ და გამოცდილებით დახუნძლულ მსჯელობას პოლიტიკოსისა, რომელსაც სამშობლო უზომოდ უყვარს და ბატონი ბიძინა ივანიშვილის პატრიოტების გუნდის გამორჩეული წევრის ფუნქციით თავდაუზოგავად ემსახურება საქართველოს ხვალინდელ დღეს.

-ქალბატონო რიმა, ბოლო წლებში, საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მრავალი ინიციატივა განხორციელდა. როგორ შეაფასებთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით რეგიონებში ?

-ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, „ქართული ოცნების“ გუნდმა აქტიურად დაიწყო ადამიანზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით მდგომარეობა იყო სავალალო. აუცილებელი იყო, რომ ჯანდაცვა ყოფილიყო მაღალი ხარისხის და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

ყველას გვახსოვს, რომ ათწლეულების განმავლობაში, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უზარმაზარი თანხების გამო, ოჯახებს უწევდათ საცხოვრებელი სახლების გაყიდვაც კი, რათა ოჯახის წევრის სიცოცხლე გადაერჩინათ.
ჯანდაცვის სექტორში უდიდესი წარმატებაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიიღოს ჯანდაცვის მომსახურება, უმეტეს შემთხვევაში სრულიად უფასოდ.

განსაკუთრებით საყურადღებოა ონკო-პაციენტებისადმი მიდგომა, რომელთა მკურნალობასაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

პროგრამა წლიდან-წლამდე იხვეწება და ემატება ისეთი დიაგნოზების მკურნალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი.

განსაკუთრებული მიდგომაა რეგიონებისადმი. რეაბილიტირდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა უამრავი საავადმყოფო. სახელმწიფო ცდილობს გაზარდოს სერვისის ხარისხი, პირველადი ჯანდაცვის სექტორში და ის ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.

ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის მუშაობა გრძელდება, თუმცა არსებული შედეგები მკაფიოდ გვაჩვენებს იმას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და არსებული რესურსების გამოყენებით, მაქსიმალურ შედეგებს ვიღებთ. ეს ყოველივე კი, საშუალებას გვაძლევს დავისახოთ უფრო დიდი მიზნები და განვახორციელოთ.

-განათლება თითოეული ქვეყნის სტაბილური მომავლის გარანტიაა. რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ამ მიმართულებით და როგორ გეგმავს ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაცია ?

-მუდამ ასე მიმაჩნდა, რომ განათლება არის ძლიერი სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტი, ვინაიდან ის ეხება ახალგაზრდა თაობის აღზრდას, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა გადაიბაროს.

წინა ხელისუფლების მიზანი სწორხაზოვანი, ადვილად დამორჩილებადი თაობის შექმნა იყო. ამისთვის, მათ ძირფესვიანად ამოატრიალეს განათლების სისტემა და მოარგეს იმ საჭიროებებს, რომელიც მათი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობდა. მათი მიზანი, ადამიანში ეროვნული თვითშეგნების წაშლა იყო. მოგეხსენებათ, როცა ივიწყებ წარსულს, ადამიანის დამონება ადვილია.

ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეს მიდგომები ძირეულად შეიცვალა. შეიქმნა ახალი სახელმძღვანელოები, სწავლებაში დაბრუნდა გოგებაშვილის „დედა ენა“, რაც მთავარია – შეიცვალა მიდგომა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პრიორიტეტი გახდა პროფესიული განათლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით რეგიონებში. უმაღლეს განათლებასთან ერთად, ქვეყანას აუცილებლად ესაჭიროება სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები. აუცილებელია, ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ დაეუფლონ ახალ პროფესიებს, რომელიც დეფიციტურია ქვეყანაში.

ამ მიზნით, ქვეყანაში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო კოლეჯები, რომელში სწავლასაც, სხვადასხვა პროგრამებით, სახელმწიფო აფინანსებს, ან/და ძალიან ხელმისაწვდომია.

ასეთი განათლების უპირატესობა ის გახლავთ, რომ კურსდამთავრებულები სწრაფად და მარტივად საქმდებიან, რადგან ბაზარზე ამგვარი კადრების დიდი მოთხოვნაა.

განსაკუთრებით შესამჩნევია წინსვლა სკოლამდელი განათლების სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით უამრავი ახალი საბავშვო-ბაღი აშენდა და რეაბილიტირდა.

დადებითი დინამიკაა, ახალი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტირების მიმართულებითაც.

რასაკვირველია, განათლების მიმართულებით ბევრი გამოწვევა კვლავ არსებობს და მე ვიტყოდი, რომ ეს გახლავთ ის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება სჭირდება ჩვენი მხრიდან და ასეც ხდება.

დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება ,,ქართული ოცნების” ეკონომიკურ პოლიტიკაში. როგორია თქვენი ხედვა იმ კონკრეტულ პროგრამებზე, რომლებმაც ყველაზე ეფექტურად შეამსუბუქა სამუშაოს მაძიებელთა მდგომარეობა ქვეყანაში ?

-დასაქმება ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც ღრმა და კომპლექსური ფესვები აქვს.

ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს „არაპოპულარულ“ პროფესიებში ჭარბი მოთხოვნა და დეფიციტური მიწოდება, ხოლო ე.წ. „პოპულარულ“ პროფესიებში – პირიქით. სწორედ ამიტომ, ცდილობს განათლების სამინისტრო პროფესიულ განათლებაზე მუშაობას, რომ ეს განსხვავება მოთხოვნის შესაბამისად „ამოივსოს“.

ამის გარდა, ქვეყანაში შექმნილია „დასაქმების სააგენტო“, რომელიც თანამშრომლობს ქვეყანაში მოქმედ თითქმის ყველა დიდ ბიზნესთან, იღებს მათგან ვაკანსიებს, რომელსაც მათ ქსელში გაწევრიანებულ მოქალაქეებს სთავაზობს. ის წარმატებულად აკავშირებს დამსაქმებლებს, დასაქმების მაძიებლებთან.

ამასთანავე, ქვეყანაში მოქმედებს ბიზნესის, „სტარტაფების“ და სხვა ინიციატივების დაფინანსების წყაროები, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის.

ზოგადად კი, ის ტერორისგან თავისუფალი ბიზნეს გარემო, რომელიც დღეს საქართველოშია, უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში განვითარდეს დიდი და მცირე ბიზნესი, რომელიც დასაქმების მთავარი წყარო უნდა იყოს მომავალში.

-საქართველოს მთავრობის მშვიდობის პოლიტიკა, არა მხოლოდ შიდა სტაბილურობის, არამედ საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ნაბიჯებს ამ რთულ პროცესში და როგორია თქვენი პირადი დამოკიდებულება დიალოგისა და შერიგების იდეის მიმართ ?

-მმართველი გუნდის გონივრულმა პოლიტიკამ ქვეყანა გააძლიერა და მიიყვანა იმ ნიშნულამდე, სადაც მას უკვე შეეძლო ემოქმედა მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

მოგეხსენებათ, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს სწორედ უცხოელი პარტნიორების თხოვნით, შედგა ე.წ. „კოჰაბიტაცია“, რომელსაც ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია.

თუმცა, მაშინ ქვეყანას ჯერ კიდევ ვერ იდგა ისე მყარად, რომ დამოუკიდებლად დაეწყო მოქმედება. მას სჭირდებოდა ისეთი ძლიერი ინსტიტუტები, როგორიც ახლა გვაქვს.

სწორედ ამან მოიტანა ის, რომ დღეს ხელისუფლება მტკიცედ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის აძლევს უფლებას ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში გაახვიოს.

ამ უარის შემდეგ, იცით რომ ქვეყანა დღემდე უზარმაზარ პოლიტიკურ წნეხს და ზეწოლას განიცდის. ისმის შანტაჟის ენით საუბარი და სხვადასხვა არალეგიტიმური მოთხოვნები, რომელიც საბოლოო ჯამში, ემსახურება ერთ მიზანს – შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება და საქართველო კვლავ მათმა მარიონეტებმა მართონ.

ქართველი ხალხი ბერძენია და ამას კარგად ხვდება. ჩვენს ერში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ის არაფერში გაიცვლება. რა მოთხოვნაც არ უნდა წამოვიდეს გარე ძალებისგან, ჩვენი პასუხი იქნება კვლავ იგივე – ქვეყნის სუვერენიტეტი და მშვიდობა ვიზაში არ იცვლება. არც არაფერში.

პოლიტიკა დიალოგისა და კომპრომისების ხელოვნებაა. მე მჯერა, რომ ნებისმიერ ვითარებაში არსებობს სივრცე დიალოგისთვის და ჩვენი მხარე, ამის მზაობას მუდამ გამოხატავს. დღესაც, მზად ვართ, ვესაუბროთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს და „გადავტვირთოთ“ არსებული ვითარება.

ჩვენ გვჯერა, რომ მალე დადგება დრო, როცა მსოფლიო დამშვიდდება ეს დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნისა და ევროატლანტიკური სივრცის ურთიერთობებზეც.

-თქვენი პიროვნული თავდაჭერილობა, გულისხმიერება და პარლამენტში აქტიური ჩართულობა ბევრისთვის სამაგალითოა. რა გიბიძგებთ ყოველდღიურად ემსახუროთ ხალხს და რაში ხედავთ თქვენი საქმიანობის მთავარ მოტივაციას ?

-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადრეული ასაკში ჩავერთე და მას შემდეგ, ხალხზე ზრუნვა ჩემი ყოველდღიურობა გახდა, რომელსაც დიდი სიყვარულით ვაკეთებ.

ეს საქმიანობა ჩემი მამოძრავებელი ძალაა. ენერგიას და მოტივაციას ხალხის სიყვარული, მათი დამოკიდებულება და ის შედეგები მაძლევს, რომელსაც ერთად ვაღწევთ. მთელი ჩემი გუნდი მოტივირებულია ადამიანების დახმარებაზე და ჩვენთვის უდიდესი სიხარულია, როცა შედეგზე გავდივართ და ვაუმჯობესებთ მათ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას.

რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებიც მომავალს ხედავენ სახელმწიფო სტრუქტურებში და როგორ მოუწოდებდით მათ, რომ ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, იმავე გულწრფელობითა და ერთგულებით, რაც თქვენ ასე გახასიათებთ ?

-ახალგაზრდებს პირველ რიგში ვეტყოდი, რომ სამშობლოზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია. მინდა, რომ მათ ძალიან უყვარდეთ თავისი სამშობლო და მოუფრთხილდნენ მათ.

ემსახურო შენს ქვეყანასა და ხალხს, ყველაზე კეთილშობილური და საამაყო საქმეა, ამიტომ ნუ აყვებიან „კლიშეებს“ იმის შესახებ, თითქოს პოლიტიკა ბინძური საქმეა, სინამდვილეში ის საშუალებას გაძლევს გააუმჯობესო ის გარემო, რომელშიც შენ, შენი ოჯახი და შენი მოქალაქეები ცხოვრობენ.

პოლიტიკა ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა დაინტერესებული იყო პოლიტიკურ სფეროში წარმატებით.

ჩვენი შვილების თაობა მინდა, რომ იყოს წინამორბედზე უკეთესი, სწორედ ამ დროს ვიამაყებთ ჩვენ!

P.S. ქალბატონ რიმას, გვინდა განსაკუთრებული წარმატება ვუსურვოთ მის შემდგომ მოღვაწეობაში, რადგან დარწმუნებული ვართ, მისი საქმიანობა ყოველთვის საქართველოზე ზრუნვასთან, ახალგაზრდების დახმარებასა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ნაწილი იქნება !

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor