
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ისრაელის ადმინისტრაცია, რომელიც აღთქმული მიწისადმი აკვიატებით მოქმედებს, თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკით საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას, კაცობრიობის საერთო მიღწევებს
ისრაელის ადმინისტრაცია, რომელიც აღთქმული მიწისადმი აკვიატებით მოქმედებს, თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკით საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას და კაცობრიობის საერთო მიღწევებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანის მტკიცებით, ისრაელი არ შემოიფარგლება მხოლოდ ღაზით და დასავლეთ ნაპირით, ის ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას სირიის, ირანის, იემენისა და ლიბანის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებით.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზაში ომი არ მიმდინარეობს, რადგან ერთ მხარეს არის რეგულარული არმია, რომელიც შეიარაღებულია ყველაზე თანამედროვე და სასიკვდილო იარაღით, ხოლო მეორე მხარეს არიან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები.
„ეს არ არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ოკუპაცია, რომელიც 7 ოქტომბრის ინციდენტის საფარქვეშ ხორციელდება, დეპორტაციის, გადასახლების, გენოციდის პოლიტიკა – სინამდვილეში, მასობრივი მკვლელობის პოლიტიკა. რომელი სინდისი შეიძლება გაჩუმდეს? შეიძლება იყოს მშვიდობა სამყაროში, სადაც ბავშვები შიმშილითა და მედიკამენტების ნაკლებობით იღუპებიან? უდანაშაულო ბავშვები, მხოლოდ 2-3 წლის და ხელების, მკლავებისა და ფეხების გარეშე, სამწუხაროდ, დღეს ღაზის ჩვეულ სურათად იქცნენ. კაცობრიობის ისტორიას ბოლო საუკუნეში ასეთი სისასტიკე არ უნახავს. ბავშვს გული სტკივა, როცა პატარა ეკალი ხელს ჩხვლეტს, მაგრამ ღაზაში ბავშვებს ანესთეზიის გარეშე ამპუტაციას უკეთებენ. ეს ჰუმანურობის ყველაზე დაბალი წერტილია“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.





