
კახა კალაძე – „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებზე განხორციელდება ახალი პროექტი, აღნიშნული მეტროსადგურები პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დაგრძელდება
„ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებზე განხორციელდება ახალი პროექტი, პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დაგრძელდება აღნიშნული მეტროები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, სადგურების დამატებით შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დროც.
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტროს პირველ ხაზთან დაკავშირებით. როგორც „ახმეტელის თეატრის“ მეტროსადგურზე, ასევე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება „ვარკეთილის“ მიმართულებით პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე იქნება კილომეტრი და 200 მეტრი. ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4 500 მგზავრს. მაგალითისთვის, ჰუალინგის, ვარკეთილის მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 ათასი ადამიანი, რომელთა ნაწილი შეძლებს გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი მეტროსადგური. სადგურის დამატებით ასევე შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დროც, დაახლოებით 576 საათზე არის საუბარი, რაც ქსელის განტვირთვის დამატებითი შესაძლებლობაა.
რაც შეეხება გლდანის მიმართულებას, აქ პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება კილომეტრი და 100 მეტრით. დილის პიკის საათში კი, ახალი სადგური მოიზიდავს 5 500 მგზავრს. უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, ახმეტელის თეატრის მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4 460 მგზავრით, ხოლო ზოგადად გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 11 ათასით მოიმატებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.





