• October

    16

    2025
  • 205
  • 0
ექსკლუზივი : ნიუ ჰოსპიტალსის ფულის მახე – როგორ ძარცვავენ პაციენტებს კახა ოქრიაშვილის საავადმყოფოს ეზოში

ექსკლუზივი : ნიუ ჰოსპიტალსის ფულის მახე – როგორ ძარცვავენ პაციენტებს კახა ოქრიაშვილის საავადმყოფოს ეზოში

როდესაც ადამიანს ტკივა, მას სურს დახმარება, არა ბილეთი პარკინგზე. თუმცა, ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში პაციენტის ტკივილი საათობრივად ფასობს, რადგან აქ ფული ყველაფერზე წინ დგას, მათ შორის ადამიანურობაზე.

ნიუ ჰოსპიტალსი, რომელსაც საბოლოოდ ფარმაცევტული იმპერიის მფლობელი კახა ოქრიაშვილი აკონტროლებს, იქცა მაგალითად იმისა, როგორ გარდაიქმნა ჯანდაცვა ბიზნესად და პაციენტი კი ,,გასაპარს“ ობიექტად. საავადმყოფო, რომელიც უნდა ზრუნავდეს, სინამდვილეში გამდიდრების ინსტრუმენტი გახდა.

საქართველოში ბევრ რამეს შევხვედრილვართ : ბიუროკრატიას, უყურადღებობას, ზედმეტ ფორმალობებს, მაგრამ რაც ბოლო დროს ნიუ ჰოსპიტალსში ხდება, უკვე მედიცინის სახელის შეურაცხყოფაა. ეს კლინიკა, რომელიც თავს „ევროპული სტანდარტის სამედიცინო დაწესებულებად“ წარმოაჩენს, საკუთარ პაციენტებსა და მათ ახლობლებს საავადმყოფოს ეზოში მანქანის გაჩერებისთვის საათობრივ გადასახადს ახდევინებს, თითქოს ისინი სიცოცხლის გადასარჩენად მისულები კი არა, სასტუმროში, ან ტურისტულ პარკინგზე გასართობად მისულიყვნენ.

გაითვალისწინეთ, ამ დროს საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ხშირად სტრესში, ტკივილში ან სასწრაფოდ არიან მისული ექიმთან. ასეთ დროს პაციენტს, ან ოჯახის წევრს თავში ბოლო რაც მოსდის, არის „პარკინგის საათობრივი ტარიფი“, მაგრამ ნიუ ჰოსპიტალსისთვის, როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, სიცოცხლეც კი აქ ფასიან სერვისად უნდა ჩაეთვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სხვა საავადმყოფო თბილისში, არც იაშვილის, არც რესპუბლიკურის, არც ღუდუშაურის და არც ევექსის ქსელის კლინიკები არ აკისრებენ პაციენტებს ასეთ მახინჯ გადასახადს, ნიუ ჰოსპიტალსმა გადაწყვიტა გამორჩეულიყო, არა ხარისხით, არა მომსახურებით, არამედ სისასტიკითა და ფულისმოყვარეობით.

და ვის ეკუთვნის ეს კლინიკა ? ყველასთვის ცნობილია, რომ ნიუ ჰოსპიტალსი „პსპ ჯგუფის“ მფლობელ კახა ოქრიაშვილს ეკუთვნის, იმავე ბიზნესმენს, რომლის ფარმაცევტული იმპერია წლებია სარგებლობს სახელმწიფო ტენდერებით და ჯანდაცვის სფეროში დომინირებს. ბატონ ოქრიაშვილს, როგორც ჩანს, არ ჰყოფნის წამლებიდან მიღებული ასეულმილიონიანი შემოსავალი, ახლა უკვე პაციენტის მანქანის გაჩერებაც უნდა გადაიქცეს შემოსავლის წყაროდ.

საჯარო კითხვაა : როგორ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ჯანდაცვაში წლების განმავლობაში საუბრობს „პაციენტზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე“, იმავე პაციენტს ფულს ახდევინებდეს იმისთვის, რომ საკუთარი ავტომობილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე დატოვოს ?

ეს არაა მხოლოდ ფინანსური საკითხი, ეს არის ეთიკის, პასუხისმგებლობისა და ადამიანურობის პრობლემა.

როდესაც კლინიკა ავადმყოფს დამატებით გადასახადს ასეთი ფორმით აკისრებს, იქ საუბარი მედიცინაზე, ჰუმანურობაზე და ზრუნვაზე აღარც შეიძლება.

ნიუ ჰოსპიტალსის ხელმძღვანელობამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, როგორ ჩათვალეს ნორმად პაციენტებისგან ფულის გამოძალვა იმ დროს, როცა ისინი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და უმეტეს შემთხვევაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან ?!

ეს არ არის „ინოვაციური მიდგომა“ ან „სერვისის მართვის ახალი სტანდარტი“, როგორც ისინი ცდილობენ დაგვანახონ, ეს არის სრულიად ამორალური, ცინიკური და სასირცხვილო გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ საზოგადოებას მხოლოდ გაბრაზებასა და უნდობლობას უჩენს….

საბოლოო ჯამში, ნიუ ჰოსპიტალსმა ამ ქცევით ნათლად აჩვენა, რომ მისთვის პაციენტი არ არის ადამიანი, არამედ ბუღალტრული ციფრი, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გადაიქცეს დამატებით შემოსავლის გრაფად – თუნდაც მანქანის პარკირებით.

კახა ოქრიაშვილი და მისი კლინიკა უნდა დაფიქრდნენ : რამდენად ღირს ეს რამდენიმე ათასი ლარი იმ რეპუტაციის წინააღმდეგ, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ? რადგან დღეს პაციენტებს საათობრივად ახდევინებთ პარკინგზე, ხვალ შესაძლოა მათ ტკივილსაც საათობრივი ტარიფი დაუწესოთ…
ნიუ ჰოსპიტალსო, სირცხვილია, სირცხვილი ! 

P.S. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ დავკავშირებოდით ,,ნიუ ჰოსპიტალსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, უკუკავშირის შემთხვევაში, მათი პოზიცია შემოგთავაზოთ.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე, თამთა მაისურაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor