
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
უკრაინული მედია – რუსეთ-უკრაინის საზღვართან დაახლოებით 10 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცია განლაგებული
რუსეთ-უკრაინის საზღვართან დაახლოებით 10 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცია განლაგებული, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრის, ლი სონგ-კვონის განცხადებით, მხოლოდ სექტემბრიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დაახლოებით 5 000 სამხედრო მუშა გაგზავნა, რომლებიც ე.წ. ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს ასრულებენ.
ამ დროისთვის ფრონტის ხაზზე ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების რაოდენობა 10 000-ს შეადგენს, რასაც სამხრეთ კორეის დაზვერვა „საგანგაშო მონაცემებს“ უწოდებს. მათივე ცნობით, ჯარისკაცების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას, საკვებს, ენერგიას და მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომას იღებს, რაც კიმ ჩენ ინს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ მხარი დაუჭიროს საკუთარ ეკონომიკას, არამედ განავითაროს თავისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები და სრულიად უგულებელყოს მკაცრი საერთაშორისო სანქციები. ამასთან, უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთის საბრძოლო მასალის საჭიროებების 35-დან 50%-მდე ამარაგებს.





