
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი – ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა არაფერი იცოდა, ის უკიდურესად საკამათო ადამიანი იყო, ყველაფერი ხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა არაფერი იცოდა.
ტრამპმა მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრისას თქვა, რომ საუდელი დისიდენტი ჟურნალისტი „უკიდურესად საკამათო“ ადამიანი იყო, ხოლო საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრაზე ჟურნალისტებმა თემა იმიტომ წამოჭრეს, რომ სტუმარი შერცხვენილიყო.
„თქვენ ახსენებთ ადამიანს, რომელიც უკიდურესად საკამათო იყო. ბევრ ადამიანს არ მოსწონდა ის ჯენტლმენი, რომელზეც საუბრობთ. მოგწონთ თუ არა ის, ყველაფერი ხდება“, – განაცხდა დონალდ ტრამპმა.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, მკვლელობა სწორედ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა შეუკვეთა.
ჯამალ ხაშოგის ქვრივმა, ჰანან ელატრ ხაშოგიმ, ტრამპის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი მკვლელობის მიზეზი არ არსებობდა.
საუდის არაბეთის მთავრობის ცნობილი კრიტიკოსი, აშშ-ში მცხოვრები ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის მთავრობის მრჩევლად მუშაობდა, თუმცა 2017 წლიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის ყოველთვიურ სვეტს წერდა „ვაშინგტონ პოსტში“.





