
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
კაია კალასი – ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების საფუძველზე „რეპარაციული სესხის“ უკრაინისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტას ბელგიის თანხმობის გარეშე არ აპირებს
ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების საფუძველზე „რეპარაციული სესხის“ უკრაინისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტას ბელგიის თანხმობის გარეშე არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ წევრი სახელმწიფოების ხმების კვალიფიციური უმრავლესობა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა გააკეთა.
მისივე თქმით, თუ ბელგია წინააღმდეგი იქნება, ევროკავშირი უკრაინისთვის „რეპარაციული სესხის“ გაცემას ხმას არ მისცემს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილება კვალიფიციური უმრავლესობით მივიღოთ. მაგრამ ბელგიის გარეშე, ვფიქრობ, ეს არც ისე ადვილი იქნებოდა, რადგან მათ აქტივების უმეტესობა აქვთ და მნიშვნელოვანია, რომ ისინი (ბელგია) ჩვენთან იყვნენ, ყველაფერში, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ, რა თქმა უნდა, იცით, ზოგიერთი ქვეყანა ევროპაში უფრო მეტად არის შეჩვეული რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ვიდრე სხვები. და მინდა, გითხრათ, რომ ეს უბრალოდ საფრთხეებია. თუ ერთიანობას შევინარჩუნებთ, გაცილებით ძლიერები ვიქნებით“, – აღნიშნა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა.
ამასთან, კაია კალასის თქმით, სხვადასხვა მხრიდან ზეწოლის ფონზე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება რთულია.
„ეს, რა თქმა უნდა, რთულია, რადგან ვიცით, რომ სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა ზეწოლაა. თუმცა ჩვენ ასევე ძალიან, ძალიან ნათლად უნდა შევხედოთ საკითხებს. სხვა ვარიანტები ნამდვილად არ მუშაობს. ეს ადრეც ვცადეთ. ორი წლის წინაც კი, როდესაც ევრობონდების შესახებ შევთავაზე, ეს არ გამოვიდა, რადგან ყველა უნდა იყოს თანახმა. „რეპარაციული სესხი“, რომლის განხორციელებაც კვალიფიციური უმრავლესობით შეგვიძლია, გაყინულ რუსულ აქტივებზეა დაფუძნებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თანხები ჩვენი გადასახადის გადამხდელებისგან არ მოდის, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ეს ასევე აგზავნის მკაფიო სიგნალს: თუ თქვენ სხვა ქვეყანას ზიანს მიაყენებთ, რეპარაციები უნდა გადაიხადოთ“, – განაცხადა კალასმა.




