
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის 30%-ან ზრდასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურული პროგრამების მხადრაჭერა 330%-ით გაიზრდება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება.
ამის შესახებ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიუჯეტის მატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება პროგრამების დაფინანსება ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ინფრასტრუქტურული პროექტების და სამშვიდობო ინიციატივებისა და ინტეგრაციის მიმართულებით.
„2026 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება, რასაც ემატება ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად მიღებული დამატებითი ფინანსური რესურსები. ამ ყველაფერმა ერთობლივად, პროგრამების დაფინანსების უპრეცედენტო ზრდის შესაძლებლობა მოგვცა“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მისი თქმით, მოხდება დევნილთა ინფრასტრუქტურული პროგრამების 330%-ით ზრდა; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება 187%-ით გაიზრდება; 97%-იანი ზრდაა ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების მიმართულებით; დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსებაში 65%-იანი ზრდა; განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდამჭერი პროგრამები კი 32%-ით იზრდება.




