• February

    27

    2026
  • 236
  • 0
ექსკლუზივი : თეთრი ხალათების ჩრდილში – რატომ ვერ გადაარჩინა ,,ჯეო ჰოსპიტალსმა” პაციენტი ?

ექსკლუზივი : თეთრი ხალათების ჩრდილში – რატომ ვერ გადაარჩინა ,,ჯეო ჰოსპიტალსმა” პაციენტი ?

წინამდებარე სტატია წარმოადგენს „GEO NEWS“-ის ჟურნალისტური გამოძიების ციკლის პირველ ნაწილს, რომელიც ა.წ. გარდაცვლილი ყოფილი პაციენტის ოჯახის წევრების ( მეუღლე, ვაჟიშვილი და ქალიშვილი ) დაჟინებული მომართვის საფუძველზე განხორციელდა. ოჯახის განმარტებით, უსამართლობის განცდა ყოვლისმომცველი და ყოველდღიური ტკივილის მომგვრელია. 

,,GEO NEWS” იწყებს სიღრმისეულ მოკვლევას ქუთაისის „ჯეო ჰოსპიტალს”-ში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე, რომელმაც დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ეთიკის სტანდარტები საქართველოში.

ქუთაისი, 2026 წლის თებერვალი – „ჯეო ჰოსპიტალსის“ კედლებიდან გამოსული სამწუხარო ამბავი : 4 თვიანი ბრძოლის შემდეგ, პაციენტი იური ურუშაძე გარდაიცვალა. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ჩვეულებრივ სამედიცინო კაზუსად მოგვეჩვენოს, თუმცა „GEO NEWS“-ის ხელთ არსებული მასალები – ოჯახის წევრების ჩვენებები და სამედიცინო პერსონალის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები სულ სხვა სურათს ხატავს.

სურათს, სადაც სისტემური გულგრილობა და საბედისწერო გადაწყვეტილებები შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდა.

ქრონიკა : ოქტომბრიდან თებერვლამდე !

ტრაგედია 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც იური ურუშაძე კლინიკაში ინსულტის ნიშნებით შეიყვანეს. ოჯახისთვის ეს იყო იმედის დასაწყისი, რომელიც 2026 წლის თებერვალში ფატალურად დასრულდა.

ოთხი თვე, ეს არის დრო, რომელიც საკმარისია არა მხოლოდ მკურნალობისთვის, არამედ იმ შეცდომების დასაფარადაც, რომლებსაც კლინიკის მენეჯმენტი დღეს სავარაუდოდ საგულდაგულოდ მალავს.

მთავარი უთანხმოება : „ოქროს საათი“ და გაშვებული შანსი ?

ჟურნალისტური გამოძიების პროცესში „GEO NEWS“-მა დეტალურად გამოკითხა გარდაცვლილის მეუღლე და შვილები. მათი პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და მძიმეა : ,,კლინიკამ უარი თქვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცედურაზე. ჩვენ ვითხოვდით ე.წ. დამშლელის ( თრომბოლიზისის ) გაკეთებას. ვიცოდით, რომ ყოველი წუთი ძვირფასი იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კონტროლზეა, თუმცა რეალურად პაციენტს ის დახმარება არ გაუწიეს, რაც თრომბის დასაშლელად იყო საჭირო,“ – აცხადებენ ოჯახის წევრები.

საპირისპიროა სამედიცინო პერსონალის ვერსია. მათი მტკიცებით, პაციენტი „არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს“. თუმცა, ჩვენი წინასწარი მოკვლევით, კრიტერიუმების ინტერპრეტაცია ხშირად ხდება არა პაციენტის ინტერესებიდან, არამედ კლინიკის რესურსების, ან ექიმების გადაზღვევის სურვილიდან გამომდინარე.

სამართლებრივი ასპექტი : ზრუნვის ვალდებულება და პროფესიული გულგრილობა ?

სამედიცინო სამართალში არსებობს ფუნდამენტური პრინციპი – ზრუნვის ვალდებულება. ეს არ არის მხოლოდ მორალური ტერმინი – ეს არის იურიდიული ბოჭვა, რომელიც ავალდებულებს სამედიცინო პერსონალს
იმოქმედოს დადგენილი კლინიკური პროტოკოლებით.

მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მინიმუმამდე დაყვანს პაციენტისათვის მიყენებულ ზიანს.

უზრუნველყოს ადეკვატური ჩარევა კრიტიკულ დროს.

როდესაც ოჯახი ითხოვს თრომბოლიზისს და კლინიკა მასზე უარს ამბობს საფუძვლიანი, დოკუმენტირებული დასაბუთების გარეშე, სახეზეა სამედიცინო გულგრილობა. თუ დადასტურდა, რომ იური ურუშაძის მდგომარეობა იძლეოდა თრომბის დაშლის საშუალებას და ეს არ გაკეთდა, ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალოდ შეცდომასთან, არამედ სავარაუდო დანაშაულთან, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით.

რას მალავს „ჯეო ჰოსპიტალსი“ ?

ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე საეჭვო გარემოება :

დოკუმენტაციის შეუსაბამობა : პაციენტის ისტორიაში არსებული ჩანაწერები მკვეთრად განსხვავდება იმ რეალობისგან, რასაც ოჯახი აღწერს.

კომუნიკაციის დეფიციტი : რატომ ვერ მოხდა ოჯახის დროული ინფორმირება რისკების შესახებ ?

სისტემური ხარვეზი : იყო თუ არა კლინიკა ტექნიკურად და კადრების თვალსაზრისით მზად მსგავსი რთული პაციენტის მისაღებად ?

დასკვნა და ანონსი :

იური ურუშაძის შემთხვევა არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად დაცულები ვართ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სამედიცინო დაწესებულებებში. არსებული მტკიცებულებები და მხარეთა ჩვენებებში არსებული დიამეტრული განსხვავებები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დანაშაულის კვალი სწორედ კლინიკის მხარეს მიდის.

„GEO NEWS“ არ შეწყვეტს ამ თემაზე მუშაობას. ჩვენს მომდევნო პუბლიკაციებში შემოგთავაზებთ :

დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნას იური ურუშაძის სამედიცინო ისტორიაზე.

ინსაიდერულ ინფორმაციას კლინიკის შიდა სამზარეულოდან.

ინტერვიუებს იმ პირებთან, ვინც უშუალოდ იღებდა გადაწყვეტილებას პაციენტის მკურნალობის პროცესში.

სიმართლე ადრე თუ გვიან გაირკვევა და ეს შესაძლოა იყოს პრეცედენტი, რომელიც მომავალში არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენს.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე, გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor