• March

    23

    2026
  • 258
  • 0
ექსკლუზივი : ვინ აკონტროლებს ჩვენს ჯანმრთელობას – სახელმწიფო ინსტიტუტი თუ კერძო ჯიბის დანამატი ?

ექსკლუზივი : ვინ აკონტროლებს ჩვენს ჯანმრთელობას – სახელმწიფო ინსტიტუტი თუ კერძო ჯიბის დანამატი ?

საქართველოში, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად გვიმტკიცებს, რომ მოქალაქე და მისი უფლებები უზენაესი ღირებულებაა, ბიუროკრატიული მტვრისა და ფასადური რეფორმების მიღმა ფუნქციონირებს სისტემა, რომელიც ადამიანებს ცოცხლად მარხავს. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ იქცა სახელმწიფო უწყება მორალურ სასაკლაოდ და როგორ გადაიკვეთა მაღალჩინოსნების სამშენებლო ამბიციები პაციენტების გაუბედურებულ ბედთან.

40-წლიანი „ტყვეობა“ – როცა გამოჯანმრთელება სისტემისთვის არაფერს ნიშნავს ?!

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც დრო გაჩერდა 1985 წელს. ქვეყანაში, რომელიც თითქოს ევროპული სტანდარტებისკენ მიილტვის, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ იყენებს მეთოდებსა და მონაცემებს, რომლებიც დიდი ხანია ანთროპოლოგიურ არტეფაქტად უნდა ქცეულიყო.

საგამოძიებო მასალებით იკვეთება შოკისმომგვრელი ფაქტი : ბენეფიციარი, რომელიც ჯერ კიდევ 1985–86 წლებში, 2 წლიანი დაკვირვების შედეგად, ოფიციალურად აღიარეს სრულად გამოჯანმრთელებულად, დღემდე ფიგურირებს ერთიან ნარკორეგისტრში. 40 წელი ! ეს არ არის უბრალო შეცდომა — ეს არის :

პიროვნული ღირსების სისტემური განადგურება;
კანონიერი ინტერესების ფეხქვეშ გათელვა;
მუდმივი სოციალური სტიგმატიზაცია სახელმწიფოს მხრიდან.

ამ ბიუროკრატიული აბსურდის სათავეში დგას ცენტრის დირექტორი – ირაკლი დავითაშვილი. ადამიანი, რომლის პირდაპირი მოვალეობაც რეგისტრის ვალიდურობა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაა. როგორც ჩანს, ეთიკური სტანდარტების იმ მინიმუმამდეც ვერ ადის, რაც მის პოზიციას შეეფერება. მისი უმოქმედობა არა მხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობა, არამედ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური ნიმუშია.

სამედიცინო ჰოლდინგი თუ სამშენებლო მოედანი ?

თუ ფიქრობთ, რომ ნარკორეგისტრის ქაოსი მხოლოდ ერთი ჩინოვნიკის უნიათობის ბრალია, ცდებით. პრობლემა გაცილებით ღრმაა და „ზემოთ“, სამინისტროს კულუარებში იწყება.

აღნიშნული შპს რეესტრის მიხედვით ეკუთვნის აიპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“, რომლის 100%-იან წილს თავად ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს. აქ კი ვხვდებით ნამდვილ „სიურპრიზს“ – ჰოლდინგის დირექტორი, მალხაზ ჟორჟიკაშვილი, სამედიცინო სფეროს პარალელურად, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია.

დოკუმენტური რეალობა :

მალხაზ ჟორჟიკაშვილი ფლობს 60%-იან წილს სამშენებლო მასალების გიგანტებში, დეველოპერულ კომპანიებსა და ორგანიზაცია „მშენებელში“.

დიახ, თქვენ არ მოგესმათ. სახელმწიფო სამედიცინო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც წესით საავადმყოფოების გამართულ მუშაობაზე უნდა ზრუნავდეს, ერთდროულად სამშენებლო ბიზნესის მსხვილი მოთამაშეა.

საქართველოში „ინტერესთა კონფლიქტი“ ხშირად მხოლოდ თეორიული ტერმინია, მაგრამ აქ საქმე გვაქვს კორუფციული რისკების სახელმძღვანელო მაგალითთან.

კადრები, რომლებიც მომავალს ანგრევენ ?

როგორ არჩევს ჯანდაცვის სამინისტრო მენეჯერებს ? კრიტერიუმები, როგორც ჩანს, სპეციფიკურია :

1. ერთი, რომელიც 40 წლის განმავლობაში ვერ ახერხებს მონაცემთა ბაზის განახლებას ( ან არ აწყობს ეს ) .

2. მეორე, რომელიც სამედიცინო ინფრასტრუქტურის მართვის ნაცვლად, სავარაუდოდ, საკუთარი სამშენებლო იმპერიის გაფართოებითაა დაკავებული.

3. მესამე, რომელიც ზედამხედველობის ნაცვლად, უბრალოდ „ვიზირებას“ უკეთებს აბსურდულ გადაწყვეტილებებს.

თუ სამინისტროს სტრატეგიაა, პასუხისმგებელ პოსტებზე ჰყავდეს პირები, რომელთა ინტერესებიც სახელმწიფო საქმეს სცდება, მაშინ გეგმა იდეალურად სრულდება. თუმცა, თუ მიზანი მოქალაქეზე ზრუნვაა – ეს არის ინსტიტუციური კატასტროფა.

სისტემური დიაგნოზი – რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე ?

ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია. ეს არის სისტემის სიმსივნე, რომელიც შემდეგ საფრთხეებს წარმოშობს :

კორუფციული „ოქროს რგოლი“ – როცა დეველოპერული ბიზნესი და სამედიცინო ინფრასტრუქტურა ერთი ადამიანის ხელშია, ჩნდება ტენდერების, შენობების შეფასებისა და ხარჯების მანიპულაციის უზარმაზარი ველი.

სტატისტიკური მანიპულაცია : რატომ რჩება 40 წლის წინ განკურნებული ადამიანი რეგისტრით ნარკომანად ?

შესაძლოა იმიტომ, რომ ვინმეს სჭირდება „გაბერილი“ ციფრები დაფინანსების მოსაპოვებლად ან მკაცრი ნარკოპოლიტიკის გასამართლებლად.

სტანდარტად ქცეული უუფლებობა : თუ ერთი ბენეფიციარი ასე ღიად იჩაგრება, რა ხდება იმ ათასობით ადამიანის თავს, ვისაც ხმა არ მიუწვდება მედიამდე ?

დასკვნა : სირცხვილია არა შეცდომა, არამედ მისი შენიღბვა

დღეს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მოქალაქეთა ფარსი უნდა იყოს, თავად იქცა საფრთხედ. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ისეთ სენსიტიურ სფეროს, როგორიცაა ნარკორეგულირება, აბარებს ინტერესთა კონფლიქტით დამძიმებულ და პროფესიული პასუხისმგებლობისგან დაცლილ პირებს, სისტემას სჭირდება არა კოსმეტიკური რემონტი, არამედ ფუნდამენტური გადატვირთვა.

არ შეიძლება ერთი ხელით სახელმწიფოს მართავდე, მეორით კი კერძო კომპანიის დივიდენდებს ითვლიდე. არ შეიძლება ადამიანის ცხოვრებას 40 წლის განმავლობაში „არქივის მტვრად“ აქცევდე.

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააცნობიეროს : სლოგანი „ზრუნვა თითოეულ თქვენგანზე“ ფუჭი სიტყვებია, სანამ სისტემაში ირაკლი დავითაშვილისა და მალხაზ ჟორჟიკაშვილის მსგავსი „ეფექტური მენეჯერები“ საკუთარ ამბიციებს მოქალაქეთა უფლებებზე წინ აყენებენ.

ფოტოკოლაჟი :

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე, გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor