• July

    12

    2026
  • 35
  • 0
საჯარო მიმართვა ქართულ საზოგადოებას 

საჯარო მიმართვა ქართულ საზოგადოებას 

განცხადება ეთნიკური დისკრიმინაციის გამოვლინებების დაუშვებლობასა და სამოქალაქო თანხმობის მნიშვნელობაზე

ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში გავრცელებულმა ცნობებმა, რომლებიც ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფისა და ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს შეეხება, საზოგადოებაში სერიოზული და საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მსგავსი ფაქტი საჭიროებს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სიღრმისეულ სამართლებრივ შეფასებას და შესაბამისი პროცედურების ფარგლებში ყველა გარემოების ობიექტურ დადგენას, ფუნდამენტური პრინციპი უცვლელი და უდავოა – ადამიანის დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, ენის, რელიგიისა თუ კულტურული იდენტობის საფუძველზე კატეგორიულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება თანამედროვე სახელმწიფოს არსს.

აღნიშნულ რეზონანსულ მოვლენებს სპეციალური საჯარო განცხადებით ეხმიანება საქართველოს აზერბაიჯანელთა ერივნული კონგრესის თავმჯდომარე და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწე, ალი ბაბაევი.

საჯარო მიმართვა ქართულ საზოგადოებას

საქართველო ისტორიულად ყოველთვის წარმოადგენდა მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და მრავალშრიან სახელმწიფოს. საუკუნეების განმავლობაში, ამ მიწაზე ერთმანეთის გვერდით, სრული ჰარმონიითა და ურთიერთპატივისცემით ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ოსები, ბერძნები, ებრაელები, ქისტები, ასურელები, რუსები, უკრაინელები, იეზიდები და სხვა ეთნიკური ჯგუფები.
სწორედ ამ უნიკალურმა კულტურულმა მრავალფეროვნებამ და ეთნოსთა თანაარსებობამ შეიტანა ფასდაუდებელი წვლილი ჩვენი საერთო სამშობლოს კულტურულ, ეკონომიკურ, სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ განვითარებაში.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ისტორიული ფაქტი, რომ საქართველოში საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად და ღირსეულად თანაარსებობდნენ სხვადასხვა რელიგიური თემები. დედაქალაქი თბილისი მსოფლიო მასშტაბით დღემდე მიიჩნევა ტოლერანტობის ერთ-ერთ უიშვიათეს ცოცხალ სიმბოლოდ, სადაც მცირე რადიუსში, ერთმანეთის სიახლოვეს საუკუნეების განმავლობაში ფუნქციონირებს მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესია.

ეს რეალობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული შემწყნარებლობისა და მაღალი კულტურის ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა.

დღეს, როდესაც საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე თავს წარადგენს როგორც დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების მქონე და ტურიზმისთვის მაღალმიმზიდველი, ღია სახელმწიფო, თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება. ჩვენი მოვალეობაა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, განურჩევლად მისი ეროვნული კუთვნილებისა, რასისა თუ მშობლიური ენისა, ამ ქვეყანაში თავი იგრძნოს სრულად უსაფრთხოდ, დაცულად და ღირსეულად.

ყოვლად დაუშვებელია, რომ ვინმე საქართველოში აზერბაიჯანულ, რუსულ ან ნებისმიერ სხვა ენაზე საუბრის გამო გახდეს სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის, ფსიქოლოგიური ზეწოლის ან ფიზიკური ძალადობის სამიზნე. მსგავსი დესტრუქციული გამოვლინებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებს, არამედ პირდაპირ დარტყმას აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, მის მრავალსაუკუნოვან ტოლერანტულ ტრადიციებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებითაც ჩვენი საზოგადოება მუდამ სამართლიანად ამაყობდა.

მოვუწოდებთ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასაშუალებებსა და თითოეულ მოქალაქეს – პრინციპულად, მკაცრად და ურყევად დაუპირისპირდნენ ეთნიკური შუღლის გაღვივების, ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის ყოველგვარ გამოვლინებას.

ჩემი ღრმა რწმენით, მსგავს რადიკალურ და სახიფათო ტენდენციებს დღეს პროპაგანდას უწევს პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიციია, რომელიც საკუთარ რეალურ, დესტრუქციულ სახეს აჩენს და მხოლოდ ამგვარი მიუღებელი მეთოდების ანაბარაა დარჩენილი პირადი ვიწროპოლიტიკური ინტერესების მისაღწევად.

ნებისმიერი მსგავსი სამართალდარღვევა თუ პროვოკაციული ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული დროულად, სრულყოფილად, ობიექტურად და კანონის მთელი სიმკაცრით, რათა გამოირიცხოს დაუსჯელობის განცდა.

საქართველოს მომავალი და ძლიერება ეფუძნება არა ხელოვნურ დაპირისპირებასა და განხეთქილებას, არამედ ურთიერთპატივისცემას, მყარ სამოქალაქო ერთიანობასა და კანონის უზენაესობას. სწორედ ამ ფასეულობების ურყევი დაცვა წარმოადგენს ჩვენს საერთო, ეროვნულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს სიძლიერე მუდამ მის მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობაში იყო. ეს არის ჩვენი წინაპრებისგან დატოვებული უდიდესი მემკვიდრეობა, რომლის გაფრთხილებაც თითოეული ჩვენგანის წმინდა ვალია, რათა მომავალ თაობებს გადავცეთ და დავუტოვოთ ძლიერი, შეკრული ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანის ღირსება, უსაფრთხოება და თავისუფლება კონსტიტუციურ დონეზე იქნება გარანტირებული.

ალი ბაბაევი

მოამზადა ირაკლი კერესელიძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor