• August

    21

    2026
  • 154
  • 0
ექსკლუზივი : ერმილე ნემსაძე – ,,მამუკა მდინარაძე ისე გახდა გენერალ-მაიორი, რომ იარაღის დაშლა-აწყობაც კი არ იცის – თუ ის რამეში იმსახურებს ამ წოდებას, ალბათ, მხოლოდ ღალატის ხელოვნებაში”

ექსკლუზივი : ერმილე ნემსაძე – ,,მამუკა მდინარაძე ისე გახდა გენერალ-მაიორი, რომ იარაღის დაშლა-აწყობაც კი არ იცის – თუ ის რამეში იმსახურებს ამ წოდებას, ალბათ, მხოლოდ ღალატის ხელოვნებაში”

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ომის ვეტერანი, სამხედრო ერმილე ნემსაძე მუდამ გამოირჩევა საკუთარი პრინციპული და კომპრომისებისგან თავისუფალი პოზიციით. მისი თითოეული შეფასება თუ საჯარო გამოსვლა გამოირჩევა განსაკუთრებული სიმართლითა და მოვლენების სიღრმისეული ჭვრეტით. ადამიანი, რომელიც არ ერიდება მწვავე სიმართლის თქმას, სისტემურ მანკიერებებზე ღიად საუბარსა და სამართლიანობისთვის ბრძოლას, დღესაც ქვეყანაში მიმდინარე საკვანძო მოვლენებს საკუთარი ხედვით აფასებს.

„GEO NEWS“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ომის ვეტერან ერმილე ნემსაძესთან, სადაც ის ღიად და არგუმენტირებულად პასუხობს ქვეყნის პოლიტიკური და მართლმსაჯულების სისტემის გარშემო არსებულ ყველაზე მგრძნობიარე კითხვებს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება და მამუკა მდინარაძის როლი :

-ბატონო ერმილე, ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია საზოგადოებაში. როგორ შეაფასებდით ამ პროცესში მამუკა მდინარაძის როლს და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ განმარტებას აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით ?

-ყველა, ვინც ყურადღებით აკვირდებოდა ბოლო წლების მოვლენებს, შეამჩნევდა, რომ ირაკლი კობახიძის გუნდის გაძლიერებასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა.

ღარიბაშვილისა და ვახტანგ გომელაურის კადრები, რომლებითაც სავსე იყო რეგიონული ორგანიზაციები და პარტიული ოფისები, ნელ-ნელა ჩამოაცილეს პოზიციებს და კობახიძე-მდინარაძის ფრთით ჩაანაცვლეს.

უამრავი ადამიანი დააკავეს ან სამსახურიდან გაუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ღარიბაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მისი დაპატიმრების შემდეგ უარი თქვეს მის საჯარო დაგმობაზე.

მამუკა მდინარაძის როლი ამ ყველაფერში შემდეგნაირია:

მდინარაძეს ახასიათებს ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის კადრება და შემდეგ ამ ყველაფრის ზემდგომის ბრძანებაზე თუ სხვის სურვილზე გადაბრალება.

მამუკა მდინარაძე ისე გახდა გენერალ-მაიორი, რომ იარაღის დაშლა და აწყობაც კი არ იცის. თუ ის რამეში იმსახურებს ამ წოდებას, ალბათ, მხოლოდ ღალატის ხელოვნებაში.

ასე მიანიჭეს მდინარაძეს საკუთარი როლი და გენერლის სტატუსი.

ახლა კი, როგორც შილერის დრამა „ყაჩაღებშია“ – „მავრმა შეასრულა თავისი საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს“.

მართალია, მდინარაძე ჯერ არსად წასულა, თუმცა ძალოვან უწყებებს ის უკვე ჩამოაშორეს და, სავარაუდოდ, ისიც მისი წინამორბედების ბედს გაიზიარებს.

მდინარაძე ღალატის ეტალონია.

მე ვიტყოდი, რომ გენერალ-მაიორობა ცოტაცაა – რატომაც არ უნდა მიანიჭონ „გენერალ სინუსის“ წოდება…

ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ იმ აქტივს, რომელიც სულ რაღაც გუშინ აქებდა და ადიდებდა ღარიბაშვილს, დღეს კი კოლექტიურად შეესია მას და მის ოჯახს.

ნატა ვიბლიანის საქმის მიმდინარეობა :

-გამოძიებამ, 35 წლის შემდეგ, დაიწყო საქმის წარმოება ნატა ვიბლიანის განცხადების საფუძველზე, რომელიც ბავშვობაში სვანეთში სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. როგორ აფასებთ, საგამოძიებო უწყების ქმედებებს ამ ძალიან მგრძნობიარე და მრავალწლიანი წარსულის მქონე ემოციური მდგენელის მქონე საქმეზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ისეთი ხანგრძლივი დროის წინანდელ ეპიზოდებს, სადაც მტკიცებულებების მოძიება განსაკუთრებულად რთულია ?

-ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე, მას უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს. ფაქტია, რომ საქართველოში ბევრი უბედურება მომხდარა და ახლაც ხდება, ამდენი პედოფილია, ამდენი ოჯახური ძალადობა, თუმცა არც ერთი საქმე ასე ხმამაღლა არ აყვირებულა.

ერთი რამ ცხადია : კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და მჯერა, რომ სიმართლის დადგენა შესაძლებელია.

ამ ეტაპზე არც ერთ მხარეს არ ვიკავებ და გამოძიების შედეგებს ველოდები, თუმცა, როგორც თქვენთვის ცნობილია, მე ზოგადად არ გამაჩნია ნდობა ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

ამ საქმეში მკაფიოდ გამოიკვეთა არაერთი არაჯანსაღი ტენდენცია – კერძოდ, ის, თუ როგორ ცდილობენ ნატა ვიბლიანის დისკრედიტაციას. ამ კუთხით საინტერესოა ერთ-ერთი დასახელებული მოძალადის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის როლიც.

გასაგებია, რომ ის ადვოკატია და საკუთარი კლიენტის ინტერესები უნდა დაიცვას, თუმცა ეს არ უნდა გადადიოდეს შეურაცხყოფაში, მით უმეტეს დაზარალებულის მიმართ, რომელსაც ეს სტატუსი პროკურატურამ მიანიჭა.

აქ არანაკლებ საინტერესოა იმ ამორალური ადვოკატების როლიც, რომლებიც ადვოკატობის საფარქვეშ მარიამ კუბლაშვილის „გათეთრებას“ შეუდგნენ.

მარიამ კუბლაშვილის შესახებ ჯერ კიდევ ჩემს ძმაზე თავდასხმის პერიოდიდან ვიცი, როდესაც ის თავდამსხმელთა ძალადობრივ ჯგუფს იცავდა. ზოგადად, ის არის ძალოვანი სტრუქტურების მიერ სხვადასხვა პოლიტიკურ საქმეში გამიზნულად ჩასმული ფიგურა. არსებობს ბევრი სხვა საეჭვო გარემოებაც, მათ შორის მისი დიპლომების თემა…ის იმ კლანის წევრია, სადაც ადვოკატები გარიგებულები არიან სისტემასთან და მრავალი კომპრომისის ფასად იღებენ საქმეებს – ეს არის მანკიერი წრე.

ზოგადად, ადვოკატთა კორპუსის დიდი ნაწილის გამოყენებით ხდება პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობის გაკეთილშობილება და მათთვის მნიშვნელობის მინიჭება.

სხვათა შორის, მამუკა მდინარაძეც, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ პერიოდში, სწორედ ასეთი შეკრული და მიყიდული ადვოკატი იყო.

ასეთ მოღალატე ადვოკატებზე საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა : არის ასეთი ვინმე პაატა შავაძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ჩემი დაპატიმრებისას, თავად მოიწადინა და ადვოკატობა შემომთავაზა. რაკი მასთან მანამდეც კეთილგანწყობილი ურთიერთობა მქონდა, უარი არ მითქვამს, თუმცა თავადვე გაუჩინარდა და ჩემი ამბავიც არ მოუკითხავს. დღეს ეს პაატა შავაძე აქტიურადაა ჩართული მარიამ კუბლაშვილის გათეთრებაში – გასაგებია რატომაც : ისინი სისტემის ადვოკატები არიან და როცა სისტემა იძლევა დავალებას, სხვაგვარად ვერ მოიქცევიან. რა თქმა უნდა, ეს ყველა ადვოკატს არ ეხება.

ქართველი ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო :

-თქვენ, როგორც ადამიანი, რომელიც აქტიურად ურთიერთობთ დიასპორასთან, რა მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ხედავთ საქართველოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ურთიერთობაში ? როგორ შეაფასებთ მათ როლს ქვეყნის განვითარებასა და საერთაშორისო იმიჯის ფორმირებაში, იმ ფონზე, როცა ემიგრანტები ხშირად აცხადებენ, რომ მათი პოტენციალი სათანადოდ არ გამოიყენება ?

-ჩემი გადასახედიდან, სახელმწიფოს მხრიდან ემიგრაციისთვის არანაირი როლი არ არის განსაზღვრული, გარდა იმისა, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფული გამოგზავნონ. სახელმწიფოს დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ უბრალოდ ამაზრზენია.

დღეს საფრანგეთში ქართული ემიგრაციის უდიდესი ნაწილი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო წამოსული ადამიანები არიან, რომლებიც სამშობლოში სიცოცხლესაც კი ვერ შეინარჩუნებდნენ. ეს ნათლად აჩვენებს, ,,насколько” ძვირფასია ეს ხალხი საფრანგეთისთვის, რომელიც მათზე სრულიად უანგაროდ ზრუნავს.

ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ემიგრაციის ნაწილი, სამწუხაროდ, უცხოეთშიც ბინძური პოლიტიკური თამაშებისთვის არის გამოყენებული.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე და არასრულწლოვნის დაკავება :

-გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის არის არასრულწლოვანი ნია იმნაძე, რომელსაც ბრალი დანაშაულის წაქეზებაში ედება. როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ამ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი პირი, და როგორია თქვენი დამოკიდებულება მსგავს შემთხვევებში არასრულწლოვანთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების ადეკვატურობაზე ?

ამ ტრაგიკულ საქმეში არავინ არ უნდა იყოს დანდობილი, ვინც დანაშაული დაფარა, ვინც წააქეზა და ვინც მასში მონაწილეობა მიიღო. 

გიგა ავალიანის საქმემ და ქალბატონი ეკა კუპატაძის ბრძოლამამ პროცესმა ქართველი თინეიჯერების მძიმე ,,ანდეგრაუნდი” გამოაჩინა.

დღევანდელ ახალგაზრდობაში მძიმე პროცესები მიმდინარეობს – აღმოჩნდა, რომ ქალაქში, არსებობდა 50-კაციანი დაჯგუფება, რომელიც იმართებოდა უცხოეთიდან, უმძიმეს დანაშაულებს ჩადიოდა, მათ ქმედებებს კი ხელს აფარებდა მთელი სისტემა : ძალოვანი სტრუქტურებიდან დაწყებული, სასამართლოთი დამთავრებული.

აუცილებელია მართლმსაჯულება ბოლომდე გაერკვეს მომხდარში, ყველა დამნაშავე სათანადოდ კანონის ფარგლებში დასაჯოს და უდანაშაულო პირები მტკიცებულებების გარეშე მსხვეპლად არ შეწიროს. 

რედაქციისგან : ბატონი ერმილე კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს გარკვეული ადვოკატების მიმართ – რედაქცია აცხადებს მზადყოფნას თითოეულ მათგანს დაუთმოს ტრიბუნა საპასუხოდ ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor