
მზეონა ჟიჟილაშვილი : ,,ჩემი ქმარი – ლაზარე ( ზურაბ ) ჯორბენაძე, ვფიქრობ, მოწამლეს და მერე სცენარი გაითამაშეს – თითქოს შეურაცხადი იყო და თავი ჩამოიხრჩო!”
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი უფლებადამცველის ლაზარე ( ზურაბ ) ჯორბენაძის შეურაცხადად და თვითმკვლელად გამოცხადება იმ ცნობილი და სპეცსამსახურების მიერ კარგად დამუშავებული სქემის ნაწილია, რომლის თანახმადაც, საბჭოთა კავშირში ცნობილი დისიდენტი და ე.წ. სხვაგვარად მოაზროვნენი – ზვიად გამსახურდია, ანატოლი სოლჟენიცინი, ნაზი შამანაური და სხვები, გიჟებად შერაცხეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იძულებით გაამწესეს. მაგალითად, ცნობილია, რომ ზვიად გამსახურდიაზე სერბსკის კლინიკაში ცდებს ატარებდნენ….ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ხათუნა სირაძის ჩვენება, რომელიც მან გენერალურ პროკურატურას მისცა და განაცხადა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, მისი ქმარი ფსიქიკურად შერყეული იყო და ხშირად ამბობდა, რომ თავი უნდა მოეკლა !
ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ლაზარე ჯორბენაძე იყო აბსოლუტურად გაწონასწორებული, მშვიდი, ნორმალური, ძალიან ნიჭიერი, ხალისიანი და ენაწყლიანი ადამიანი, რომელიც ფლობდა კოლოსალურ ინფორმაციას, კავშირებს და აპირებდა ბრძოლას საქართველოს არაბიზაციისა და ქართული მიწების გასხვისების წინააღმდეგ !
ზუსტად ასევე ფიქრობს მისი ჯვარდაწერილი მეუღლე მზეონა ჟიჟილაშვილიც, რომელიც ხათუნა სირაძის მიერ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ ხსენებული ქალბატონი ჯორბენაძესთან მხოლოდ 2010 წელს, ციხეში ყოფნისას, როგორც ადვოკატი ისე შედიოდა და მისი განცხადებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ჩვენი ღრმა რწმენით, ლაზარე ( ზურაბ ) ჯორბენაძის თვითმკვლელობისა და ჩამოხრჩობის ოფიციალურ ვერსიას სრულად აქარწყლებს ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რაც ქალბატონმა მზეონა ჟიჟილაშვილმა ჩვენთან საუბრისას გაიხსენა.
-ქალბატონო მზეონა, თქვენი ნებართვით, ჩვენს საუბარს ჩავიწერ. რამდენიმე შეკითხვის დასმა აუცილებელია, რადგან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერი ლაზარე ( ზურაბ ) ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიისკენ მიჰყავთ. თითქოს ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ლაზარემ თავი მოიკლა და ამაში დამნაშავე არავინაა! სწორედ ასეთი ჩვენება მისცა პროკურატურას ხათუნა სირაძემ!
-დიახ, ასეა…ლაზარეს თვითმკვლელად აცხადებენ, შესაბამისად, მის სიკვდილში არავის ადებენ ხელს და არც არანაირი პრეტენზია აქვთ!
-თქვენი სტატუსი რომ დავაზუსტოთ, ვინ ბრძანდებით გარდაცვლილისთვის ?
–ლაზარე ( ზურაბ ) ჯორბენაძის მეუღლე ვარ, ჯვარდაწერილები ვიყავით!
-მაშინ ვინ არის ხათუნა სირაძე და რატომ აცხადებს იმას, რასაც აცხადებს ?
-საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ არის ეგ ქალი. ის არასოდეს ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში. არ ვიცი, რა ვითარებაში და რატომ აცხადებს ამას. მე და ლაზარე 25 წელი ტკბილად და სიყვარულით ვცხოვრობდით და ვიღაც ხათუნა სირაძეზე საუბარი არ მსურს.
-საიდან მოაქვს ამ ქალბატონს ვერსია, თითქოს ლაზარე ჯორბენაძე ფსიქიკურად შეურაცხადი იყო ? როგორც ხათუნა სირაძემ პროკურატურას განუცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი თითქოს მუდმივად იმეორებდა, რომ თავის მოკვლა სურდა!
-ეს მტკნარი სიცრუეა! რა ორი-სამი წელი?! უბრალოდ, ბოლო სამი თვის განმავლობაში კაცი ხელიდან წავიდა, ვეღარ ვცნობდი, ეტაპობრივად განადგურდა. ვერ ვიგებდით, რა სჭირდა, მაგრამ შეურაცხადი ნამდვილად არ ყოფილა. ლაზარე ჯორბენაძე ინტერვიუებს წერდა, პრესაში იბეჭდებოდა, გადაცემებში მონაწილეობდა და ბრძოლას აპირებდა….შეურაცხადი ადამიანი ასე საღად ვერ იაზროვნებდა!
-რა სიმპტომები ჰქონდა გარდაცვალებამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში ?
–ლაზარე ამბობდა – შინაგანად თითქოს ცეცხლი მიკიდიაო! ოფლიანობდა, ღამის 2 საათზე ცუდად ხდებოდა, თუმცა, საგანგაშო წნევა არ ჰქონია. ხერხემლის თიაქარსაც უჩიოდა. ვთავაზობდი, სამკურნალოდ თურქეთში წავსულიყავით. სულ საავადმყოფოებში დადიოდა, მაგრამ დიაგნოზს ვერ უსვამდნენ.
ჩემი ქმარი – ლაზარე ( ზურაბ ) ჯორბენაძე, ვფიქრობ, მოწამლეს და მერე სცენარი გაითამაშეს – თითქოს შეურაცხადი იყო და თავი ჩამოიხრჩო. თუ კაცი ფეხზე ვერ დგებოდა, თოკზე თავს როგორ ჩამოიკიდებდა?!
-ფეხზე დგომა რომ უჭირდა, ამას მეც მეუბნებოდა, როდესაც საქმისთვის საბუთი მჭირდებოდა, ჩიოდა, ფეხები მაქვს დასიებული, საწოლიდან ვერ ვდგები და სახელმწიფო კანცელარიამდე ვერ მივალო!
-ჩემთან როცა იყო, გადასაადგილებლად ტაქსის იყენებდა. თუ ბოლოს წამოდგომაც უჭირდა, გამოდის, რომ მოწამლეს, რაღაც გაუკეთეს და ძალა გამოაცალეს.
-ქალბატონო მზეონა, პანაშვიდებზე ან დაკრძალვაზე ლაზარეს ცხედარი თუ შეათვალიერეთ ?
-მე ძალიან ცუდად ვიყავი და არ შემეძლო ამის ნახვა. თუმცა, მისმა დამ შეათვალიერა ცხედარი და თქვა, რომ ყელის არეში თოკის ან მსგავსი რაღაცის ზემოქმედების კვალი არ აღენიშნებოდა.
-საინტერესოა, ლაზარე როგორ აღმოჩნდა ხათუნა სირაძის სახლში, სადაც მან ვითომდა თავი ჩამოიხრჩო?
-ეს ხათუნა სირაძეს კი არა, ლაზარეს – მამაოს ერთოთახიანი სახლი იყო გლდანის პირველ მიკრორაიონში. გაყიდვა უნდოდა….მე იქ არასოდეს ვყოფილვარ.
-თავად ამ ქალბატონთან რაიმე კავშირი გქონდათ ?
-საერთოდ არანაირი! მხოლოდ ის ვიცი, რომ 2010 წელს, როცა ზურა ციხეში იყო, ეს ქალი მასთან როგორც ადვოკატი ისე შედიოდა და ინფორმაცია გამოჰქონდა და შეჰქონდა. ჩემს მეუღლესთან დაფარული არაფერი მქონია. არ ვიცი, ეს ქალი ვინ არის და საიდან მოვიდა, მაგას და ზურას ერთმანეთისგან ვმიჯნავთ!
-ქალბატონო მზეონა, ლაზარე თქვენთან საუბარში თუ ამბობდა, რომ მოწამლული იყო? მე, მაგალითად, ვადასტურებ, რომ სატელეფონო საუბრებისას მეუბნებოდა – ექიმთან მივდივარ, საჭმელს რომ ვჭამ, მაღებინებს, ვერ დამიდგინეს, რა მჭირსო!
-დიახ, ჩემთანაც ამბობდა, რომ აღებინებდა. ვურჩევდი, ეს ექიმისთვის ეთქვა, ეგებ ნაღვლის ბუშტის ბრალი იყო. პირადად ჩემთვის არ უთქვამს, რომ მოწამლეს, მიფრთხილდებოდა. თუმცა, ერთ-ერთ გაზეთში თავადვე ეწერა მისი სიტყვები : ,,მგონი, მოწამლული ვარ!”
-კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო: კატეგორიულად უარყოფთ ხათუნა სირაძის სიტყვებს, თითქოს ლაზარე ბოლო ორი წლის განმავლობაში ფსიქიკურად შეურაცხადი იყო და თავის მოკვლაზე საუბრობდა ?
-რასაც ხათუნა სირაძე ლაპარაკობს, კატეგორიულად უარვყოფ, ეს სრული სისულელე და კატასტროფაა!
ლაზარე სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. არ ვიცი, ამ ქალს რა მიზანი აქვს, როცა საკუთარ თავს მის მეუღლეს უწოდებს. მასთან საქმის გარჩევას არ ვაპირებ, მისი სახელის გაგონებაც კი არ მინდა!
-ქალბატონო მზეონა, დასასრულ კიდევ ერთი პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მინდა გავარკვიო თქვენთან, ლაზარე ჯორბენაძის ცხედარს ექსპერტიზა თუ ჩაუტარდა და რა პასუხი გაქვთ გამოძიებისგან ?
-თვეში ერთხელ ვრეკავ გამომძიებელთან გლდანის პოლიციაში. ბოლოს ორი კვირის წინ დავრეკე და მეუბნებიან, რომ გამოძიება და ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა. არ ვიცი, რის საფუძველზე აცხადებენ ასე კატეგორიულად, რომ ლაზარემ თავი ჩამოიხრჩო!
ესაუბრა
დიტო ჩუბინიძე

P.S. რედაქციისგან : ინტერვიუ ,,GEO NEWS”-ზე ქვეყნდება გაზეთ ,,ასავალ-დასავალის” ექსკლუზიური ნებართვით.
,,GEO NEWS”





