• September

    12

    2026
  • 261
  • 0
ვინ გადასცა ადვოკატ ლევან ჭიღლაძის კონფიდენციალური დისციპლინური საქმის სენსიტიური ინფორმაცია მესამე პირებს ?

ვინ გადასცა ადვოკატ ლევან ჭიღლაძის კონფიდენციალური დისციპლინური საქმის სენსიტიური ინფორმაცია მესამე პირებს ?

ერთი დისციპლინური საჩივრის მიღმა გაჩენილი გაცილებით მძიმე კითხვა – მოხდა თუ არა კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა ადვოკატთა ეთიკის კომისიიდან და ვინ უნდა აგოს პასუხი ?

საქართველოს ადვოკატთა პროფესიული თვითრეგულირების სისტემაში ერთი კონკრეტული დისციპლინური საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შესაძლოა გაცილებით ფართო და პრინციპულ პრობლემაზე მიუთითებდეს.

ადვოკატმა ლევან ჭიღლაძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას წარუდგინა პოზიცია დისციპლინურ საქმეზე №053/26, რომელიც 2026 წლის 25 აგვისტოთი თარიღდება. დოკუმენტში მისი მთავარი მოთხოვნა მხოლოდ საჩივრის შინაარსის შეფასება არ არის.

ჭიღლაძე სვამს უფრო ფუნდამენტურ კითხვას :

როგორ და ვისგან მიიღეს საჩივრის ავტორებმა ინფორმაცია მისი დისციპლინური მდგომარეობის შესახებ, თუ მათ, როგორც კერძო პირებს, ასეთი ინფორმაციის მიღების კანონიერი საფუძველი არ ჰქონდათ ?

სწორედ ეს გარემოება, მისი შეფასებით, დისციპლინური საქმის არსებით განხილვაზე წინ უნდა დადგეს.

„ისინი ფლობდნენ იმას, რასაც ვერ უნდა ფლობდნენ“ – აცხადებს ჭიღლაძე.

ლევან ჭიღლაძის მიერ ეთიკის კომისიისთვის წარდგენილ პოზიციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საჩივრის ავტორები – ლანა და ანა ქაჯაიები – კერძო პირები არიან და, ავტორის განცხადებით, არ წარმოადგენენ ადვოკატთა ასოციაციის ორგანოებს ან მის მიმართ სხვა დისციპლინური წარმოების მონაწილეებს.

ამავე დროს, ჭიღლაძის მტკიცებით, მათ მიერ შეტანილი საჩივარი და საჯარო კომუნიკაცია შეიცავს ინფორმაციას, რომელიც მის მიმართ დისციპლინურ ზომებსა და დისციპლინური წარმოების მდგომარეობას შეეხება.

მისი პოზიციის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია საჯარო არ იყო და, შესაბამისად, ჩნდება მისი მესამე პირებისთვის გადაცემის წყაროს დადგენის აუცილებლობა.

აქ სწორედ ის წერტილია, სადაც ერთი კონკრეტული დისციპლინური დავა შეიძლება გადაიზარდოს ინსტიტუციური პასუხისმგებლობის საკითხში.

თუ ინფორმაცია მართლაც კონფიდენციალური იყო და იგი სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გახდა მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი, მთავარი კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, თუ რამდენად საფუძვლიანია დისციპლინური საჩივარი.

მთავარი კითხვაა :

ვინ გაამჟღავნა ინფორმაცია ?

როგორ მოხდა მისი გამჟღავნება ? ვის ჰქონდა მასზე წვდომა ? რა ეტაპზე მოხდა შესაძლო გაჟონვა და რა მიზნით ?

კონფიდენციალურობა – ფორმალობა, თუ დაცვის მექანიზმი ?

ჭიღლაძის პოზიციაში ხაზგასმულია, რომ ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოების კონფიდენციალურობას მხოლოდ ტექნიკური პროცედურული მნიშვნელობა არ აქვს.

თუ ადვოკატის დისციპლინური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება დაუბრკოლებლად აღმოჩნდეს მისი მოწინააღმდეგე მხარის ხელში და შემდგომ მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, ეს უკვე პროფესიული თვითრეგულირების სისტემის მიმართ ნდობის საკითხსაც აყენებს.

დოკუმენტში სწორედ ამ საფრთხეზეა ყურადღება გამახვილებული :

კერძო დავის მხარემ არ უნდა მიიღოს უპირატესობა პროფესიული თვითრეგულირების ორგანოს შიდა, არასაჯარო ინფორმაციაზე წვდომის გზით. მით უფრო მაშინ, როდესაც მათ სამართლებრივ ინტერესებს ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი წარმოადგენს.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადვოკატის პროფესიის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ადვოკატის წინააღმდეგ დისციპლინური მექანიზმი არ უნდა იქცეს ისეთ ინსტრუმენტად, რომლის ფარგლებშიც პროფესიული დავის მონაწილე რომელიმე მხარე შეძლებს მის პირად თუ პროფესიულ მდგომარეობაზე დამატებითი, არასაჯარო ინფორმაციის მოპოვებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები ჯერ პასუხგაუცემელია.

ლევან ჭიღლაძე ეთიკის კომისიისგან კონკრეტული პასუხების მიღებას ითხოვს.

კერძოდ :

რა ეტაპზე და რა ფორმით გახდა მისი დისციპლინური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჩივრის ავტორებისთვის ხელმისაწვდომი;

ვისზე იყო ეს ინფორმაცია გაცემული ან ვისთვის იყო ხელმისაწვდომი ასოციაციის სისტემაში;

რა ღონისძიებები განხორციელდა ან იგეგმება შესაძლო გაჟონვის დასადგენად;

და, თუკი დადგინდება, რომ ინფორმაცია ასოციაციის სისტემიდან გავიდა, რა რეაგირება განხორციელდება პასუხისმგებელი პირის მიმართ.

ეს მოთხოვნები, თავისთავად, პასუხის გაცემას მოითხოვს.

სწორედ აქ ჩნდება პრინციპული საკითხი :

შეუძლია თუ არა პროფესიულ თვითრეგულირების ორგანოს საკუთარი სისტემიდან ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის საკითხის გამჭვირვალედ და ობიექტურად შესწავლა ?

და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი :

თუ გაჟონვა დადასტურდა, იქნება თუ არა რეაგირება ისეთივე მკაცრი, როგორსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების შემთხვევაში ?

ინფორმაცია ადამიანის პროფესიული რეპუტაციის ნაწილია.

ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოების არსებობა ან წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები უბრალო ადმინისტრაციული სტატისტიკა არ არის.

ასეთი ინფორმაცია პირდაპირ უკავშირდება ადამიანის პროფესიულ რეპუტაციას, ნდობასა და საქმიანობას.

ამიტომ, თუ კონკრეტული ინფორმაცია მართლაც არ იყო საჯარო და იგი მესამე პირებისთვის კანონით გაუთვალისწინებელი გზით გახდა ცნობილი, საკითხი მხოლოდ „ვინ რა უთხრა ვის“ ტიპის შიდა ადმინისტრაციულ პრობლემად ვერ განიხილება.

საჭიროა დადგინდეს :

იყო თუ არა ინფორმაციის გაცემა უფლებამოსილი – არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი, ვინ განახორციელა წვდომა, ვინ გადასცა ინფორმაცია და იცოდა თუ არა ამ პირმა, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაცულ ინფორმაციას წარმოადგენდა.

მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი პასუხისმგებელი პირის სამართლებრივი შეფასება.

„ეს არ არის მუქარა“ – ჭიღლაძის მიმართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე :

ლევან ჭიღლაძე დოკუმენტში ასევე მიუთითებს, რომ იმავე ფაქტთან დაკავშირებით აპირებს მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

მისივე განმარტებით, ეს არ წარმოადგენს მუქარას ან ზეწოლას ეთიკის კომისიაზე და იგი ამ ნაბიჯს მონაცემთა სუბიექტის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელებად მიიჩნევს.

ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

თუ ერთდროულად იარსებებს :

1. არაჯარო დისციპლინური ინფორმაციის მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობის ფაქტი;

2. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მონაცემს იყენებს სწორედ საჩივრის ავტორი;

3. და საფუძვლიანი შესაძლებლობა იმისა, რომ ინფორმაცია პროფესიული თვითრეგულირების სისტემიდან გავრცელდა,

მაშინ გამოძიების ან შესაბამისი შემოწმების მიზანი უნდა იყოს არა კონკრეტული პირის წინასწარ დადანაშაულება, არამედ ინფორმაციის გავრცელების სრული ჯაჭვის დადგენა.

„ვიღაცამ მიაწოდა“ — მაგრამ ვინ ?

ჭიღლაძის პოზიციის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ნაწილია სწორედ ეს საკითხი.

იგი აცხადებს, რომ თუ კერძო პირებს არ ჰქონდათ კანონიერი წვდომა ინფორმაციაზე, აუცილებელია დადგინდეს, ვინ მიაწოდა მათ იგი.

თუმცა აქაც აუცილებელია სამართლებრივი სიფრთხილე :

დოკუმენტი არ ასახელებს ინფორმაციის გამჟღავნების კონკრეტულ ავტორს და არ შეიცავს მტკიცებულებას, რომელიც კონკრეტულ პირს ამ გაჟონვას მიაწერს.

ამიტომ ამ ეტაპზე პასუხისმგებელი პირის დასახელება დაუშვებელია.

მაგრამ სწორედ ამიტომ არის საჭირო დამოუკიდებელი და სრულყოფილი შემოწმება.

რადგან თუ მართლაც მოხდა კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა, პასუხისმგებელი პირის დაუდგენლობა მხოლოდ ერთი ადვოკატის პრობლემად აღარ დარჩება.

ეს იქნება კითხვა მთლიანად პროფესიული თვითრეგულირების სისტემის უსაფრთხოებაზე.

რა უნდა მოხდეს ახლა ?

პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ინფორმაციის გავრცელების წყაროს დადგენა.

უნდა გაირკვეს, ვის ჰქონდა წვდომა შესაბამის მონაცემებზე, რა ეტაპზე მოხდა წვდომა, არსებობდა თუ არა ინფორმაციის გაცემა და რა სამართლებრივი საფუძვლით.

მეორე – უნდა შეფასდეს, დაირღვა თუ არა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და დისციპლინური წარმოების კონფიდენციალურობის მოთხოვნები.

მესამე – დარღვევის დადასტურების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს კონკრეტული პასუხისმგებლობა.

და აქ სიტყვა „პასუხისმგებლობა“ არ უნდა დარჩეს დეკლარაციად.

თუ სამართალდარღვევა დადასტურდება, პასუხისმგებელი პირის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები, განურჩევლად მისი წარსული თანამდებობისა თუ სტატუსისა.

ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარული პრინციპი :

პროფესიული თვითრეგულირების ორგანო თავადაც უნდა ემორჩილებოდეს იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც სხვებისგან მოითხოვს.

ლევან ჭიღლაძის პოზიცია მხოლოდ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვით არ შემოიფარგლება.

იგი საჩივრის არსებით საფუძვლებსაც უარყოფს და მიუთითებს, რომ მისი პუბლიკაციები საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს ეხებოდა და დოკუმენტურ საფუძველს ეყრდნობოდა.

იგი ასევე ეყრდნობა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს და ახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქმეებზე Morice v. France და Bagirov v. Azerbaijan.

მისი შეფასებით, საჩივარი ეფუძნება არა მის მიერ ჩადენილი კონკრეტული ქმედების სათანადო სამართლებრივ შეფასებას, არამედ სოციალურ ქსელში მოწონებებსა და სხვა პირების კომენტარებს, რასაც იგი საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს.

ამ საკითხზე საბოლოო შეფასება, რა თქმა უნდა, ეთიკის კომისიის კომპეტენციაა.

მაგრამ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვა ვერ უნდა გახდეს შესაძლო კონფიდენციალურობის დარღვევის საკითხის გვერდის ავლის მიზეზი.

ლევან ჭიღლაძის საქმე ამ თვალსაზრისით საინტერესო სწორედ იმიტომ არის, რომ იგი ერთდროულად ორ მნიშვნელოვან თემას აერთიანებს :

ადვოკატის დისციპლინურ პასუხისმგებლობას და ადვოკატის უფლებას, მისი პროფესიული და პირადი ინფორმაცია დაცული იყოს.

თუ ეთიკის კომისია დაადგენს, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია მართლაც უკანონოდ გავრცელდა, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება კითხვა – რამდენად უსაფრთხოდ არის დაცული მსგავსი ინფორმაცია სხვა ადვოკატების შემთხვევაშიც ?

დღეს საქმე შეიძლება ლევან ჭიღლაძის სახელთან იყოს დაკავშირებული.

ხვალ იგივე კითხვა შესაძლოა ნებისმიერ სხვა ადვოკატთან მიმართებით გაჩნდეს.

ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა კონკრეტული ადამიანის დადანაშაულება კი არა, ფაქტის დადგენაა.

ვინ იცოდა ?

ვის ჰქონდა წვდომა ?

ვინ გადასცა ?

რა საფუძვლით ?

და თუ კანონი დაირღვა – ვინ აგებს პასუხს ?

სწორედ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს იმ ინსტიტუტმა, რომლის მიმართაც ადვოკატებს პროფესიული ნდობა აქვთ.

ბლიც-ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტო ,,ადვოკატის ხმის ” დამფუძნებელსა და ადვოკატ ლევან ჭიღლაძესთან.

ლევან ჭიღლაძე : „საკითხი აღარ არის მხოლოდ ჩემი დისციპლინური საქმე, უნდა დადგინდეს, როგორ გავიდა ინფორმაცია სისტემიდან“ !

-ბატონო ლევან, რა არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ეთიკის კომისიის წინაშე აყენებთ ?

-ჩემთვის მთავარი პრობლემა მხოლოდ დისციპლინური საჩივრის შინაარსი აღარ არის. არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვა, როგორ აღმოჩნდა მესამე პირების ხელში ინფორმაცია ჩემი დისციპლინური მდგომარეობის შესახებ, რომელზეც, ჩემი პოზიციით, მათ კანონიერი წვდომა არ უნდა ჰქონოდათ. ამიტომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს ინფორმაციის წყარო და მისი გავრცელების სამართლებრივი საფუძველი.

-თქვენ კონკრეტულ პირს ადანაშაულებთ ინფორმაციის გაჟონვაში ?

-არა. ჩემს პოზიციაში კონკრეტული პირის მიმართ პირადი ბრალდება არ წამიყენებია. მე ვითხოვ ფაქტის დადგენას. თუ ინფორმაცია მართლაც არ უნდა ყოფილიყო მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი, შესაბამისმა ორგანომ უნდა დაადგინოს, როგორ გახდა ის მათთვის ცნობილი.

-რატომ მიგაჩნიათ ეს საკითხი განსაკუთრებით სერიოზულად ?

-იმიტომ, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ჩემს პირად ინტერესს, არამედ ადვოკატის პროფესიული ინფორმაციის დაცვის სტანდარტს. თუ ადვოკატის დისციპლინური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება აღმოჩნდეს მისი მოწინააღმდეგე მხარის ხელში, ეს ძალიან სერიოზული ინსტიტუციური პრობლემაა.

-თქვენ ითხოვთ შესაძლო გაჟონვის შიდა შემოწმებას. კონკრეტულად რას ელოდებით ეთიკის კომისიისგან ?

-მინდა ვიცოდე, ვის ჰქონდა წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე, რა ეტაპზე გახდა იგი ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და რა რეაგირება განხორციელდა, თუ დადგინდა, რომ ინფორმაცია ასოციაციის სისტემიდან გავიდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ფორმალური პასუხი, არამედ რეალური ფაქტების დადგენა.

-თქვენ ასევე გეგმავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით სამართლებრივ რეაგირებას ?

-დიახ. თუ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჩემი მონაცემები კანონიერი საფუძვლის გარეშე დამუშავდა ან გავრცელდა, როგორც მონაცემთა სუბიექტს მაქვს უფლება მივმართო შესაბამის ორგანოს. ეს არ არის ზეწოლის ინსტრუმენტი. ეს არის სამართლებრივი პროცედურა, რომლის გამოყენების უფლებას კანონი მაძლევს.

-თუ დადასტურდა, რომ ინფორმაცია მართლაც უკანონოდ გავრცელდა, რას ელოდებით ?

-პირველ რიგში, ფაქტის ოფიციალურ დადგენას. შემდეგ კი – კანონის შესაბამისად პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას. არ ვფიქრობ, რომ თანამდებობა, სტატუსი ან რომელიმე ინსტიტუტთან კავშირი ვინმეს კანონისგან ზემოთ აყენებს.

-და ბოლოს, თქვენი აზრით, შეიძლება ეს საქმე მხოლოდ ლევან ჭიღლაძის საქმედ დარჩეს ?

-ჩემი აზრით, არა. დღეს საკითხი შეიძლება ჩემი სახელით იყოს ცნობილი, მაგრამ თუ მსგავსი პრაქტიკა დადასტურდა, ეს ყველა ადვოკატს ეხება.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor