
რატომ აპირებს პრემიერი კობახიძე „GEO NEWS“-ზე ზეწოლას და რა მიზანი ამოძრავებს მას ?
„GEO NEWS“-ის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულმა მასალებმა, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგისა და მომღერლის, თათა გიორგობიანის გარშემო არსებულმა კითხვებმა, აშკარად გაზარდა არაჯანსაღი პოლიტიკური ინტერესის დონე ჩვენი გამოცემის მიმართ.
11 სექტემბერს „GEO NEWS“-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც დასმული იყო კითხვები თათა გიორგობიანის პროფესიულ და პერსონალურ კავშირებზე ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის მამუკა მდინარაძესთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გარემოცვასთან.
იმავე მასალაში დაისვა კითხვები „ღამის შოუს ბენდის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადამეტებული დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც გამოითქვა დასაბუთებული ვარაუდი – ამ საკითხთან მიმართებით პრემიერ კობახიძის პოზიციასთან დაკავშირებით.
ეს საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს არა კონკრეტული ადამიანის პირადი ცხოვრება, არამედ სახელმწიფო რესურსების შესაძლო გამოყენება, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესაძლო გავლენიანი კავშირები და საჯარო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობა.
ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად, პრემიერის გარემოცვის გარკვეულ წრეებში „GEO NEWS“-ის საქმიანობა სულ უფრო მეტად აღიქმება პრობლემად.
ინფორმირებული წყაროები გამოცემასთან საუბრისას მიუთითებენ, რომ განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ჩვენი პუბლიკაციები ხელისუფლების მაღალი რანგის პირების შესაძლო კავშირებისა და ინტერესების შესახებ, ასევე „GEO NEWS“-ისა და „ასავალ-დასავალის“ თანამშრომლობა და ის საკითხები, რომლებიც ორივე გამოცემის მიერ შეიძლება გახდეს უფრო ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ყურადღების საგანი.
„GEO NEWS“ ამ ინფორმაციას სწორედ იმ სტატუსით აქვეყნებს, რა სტატუსითაც იგი ძალოვანი წყაროებისგან მიიღო, როგორც წყაროთა ცნობას და არა სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი პირის საპასუხო პოზიცია სრულად და ოპერატიულად გავავრცელოთ.
მაგრამ აქ მთავარი სხვა რამ არის.
თუ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს არ მოსწონს ჟურნალისტური გამოძიება, მას აქვს პასუხის გაცემის, ფაქტების უარყოფის, სასამართლოსთვის მიმართვის ან საკუთარი პოზიციის საჯაროდ წარმოდგენის უფლება. მას არ აქვს უფლება, ჟურნალისტური საქმიანობის გამო გამოცემაზე, მის თანამშრომლებზე ან მათ ოჯახის წევრებზე ზეწოლა მოახდინოს.
მით უმეტეს, დაუშვებელია ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც ჟურნალისტს უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს.
„GEO NEWS“ აცხადებს მკაფიოდ :
ჩვენ არ ვაპირებთ თვითცენზურას.
არც პოლიტიკური ძალაუფლება, არც თანამდებობა, არც გავლენიანი ნაცნობობა და არც ფინანსური რესურსი ვერ გახდება მიზეზი, რის გამოც გამოცემა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე კითხვების დასმას შეწყვეტს.
თუ რომელიმე ჩვენს პუბლიკაციაში ფაქტობრივი შეცდომაა – მოგვაწოდონ მტკიცებულება.
თუ რომელიმე ინფორმაცია მცდარია – უარყონ იგი.
თუ რომელიმე წყაროს ცნობას სხვა რეალობა აქვს – წარმოადგინონ საკუთარი ვერსია.
მაგრამ ჟურნალისტურ კითხვაზე პასუხი ვერ იქნება მუქარა, ზეწოლა ან ანგარიშსწორების მცდელობა.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება :
„GEO NEWS“-ის ნებისმიერ თანამშრომელზე, ჟურნალისტზე, რედაქტორზე, იურისტზე, მენეჯმენტის წევრზე ან მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლა აღქმული იქნება, არა როგორც კერძო ინციდენტი, არამედ როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო მცდელობა და შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში გახდება საჯარო.
ჩვენ არავის ვემუქრებით.
ჩვენ უბრალოდ ვაცხადებთ იმას, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისთავად ცხადი უნდა იყოს :
ჟურნალისტს კითხვების დასმის უფლება აქვს. ხელისუფლებას კი ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება – და არა ჟურნალისტის გაჩუმების უფლება.
ირაკლი კერესელიძე, ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





