
,,GEO NEWS” პოზიტიურად აფასებს ,,ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძის მიმართ შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას….
,,GEO NEWS” პოზიტიურად აფასებს ,,ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძის მიმართ შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ჩვენ კვლავ შევახსენებთ საზოგადოებას იმას, რაც ჩვენი კოლეგისთვის პატიმრობის შეფარდების შემდგომ განვაცხადეთ : ის რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარემ არ იშუამდგომლა დიტო ჩუბინიძისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე, იყო სტრატეგიული შეცდომა, რაც სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა კიდეც.
როგორც აღმოჩნდა, ჩვენი კოლეგა არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი, რასაც ჩვენ ვამბობდით კიდეც. ვფიქრობთ, სამართლებრივი ველი ის პლატფორმა არ არის, სადაც პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დაიტესტოს, ამიტომაც გვინდა გვქონდეს რწმენა იმისა, რომ დიტო ჩუბინიძე მომავალში სწორ სამართლებრივ სტრატეგიას აირჩევს, რაც მას საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში დაეხმარება და ახლა უკვე გარეთ გამოსული აღარ მისცემს საშუალებას სხვადასხვა ტიპის მოსარგებლეებს მისი საქმითა და სახელით პოლიტიკური ქულების დაწერა განაგრძონ.
ჩვენ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ დიტო ჩუბინიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან ერთად, ჩვენი პროფესიული ინტერესი ამ საქმის მიმართ ამოწურულია, შესაბამისად, ჩვენს პლატფორმაზე ამ სახის მასალები აღარ განთავსდება, რაც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მკაფიო გამოხატულება გახლავთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ საბოტაჟისთვის გამოსადეგი მაღალი ალბათობის მქონე ფეთქებად თემაზე ,,GEO NEWS” სახელმწიფოებრივი სტაბილურობისა და საქართველოს ეროვნული ინტერესის წინ დაყენებას ანიჭებს პრიორიტეტს, ამიტომაც ჩვენთან დავით გარეჯით სპეკულირების შანსი არავის მიეცემა.
დასასრულ იმას დავძენთ, რომ მავანი ,,კეთილისმსურველი” ძალზედ ცდილობდა ამ საქმით ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ბინძური პოლიტიკური დარტყმა მიეყენებინა, თუმცა, ის კეთილგონიერება და სამართლის უზენაესობა, რაც ქართულმა მართლმსაჯულების ორგანოებმა გამოიჩინეს, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველო იმართება კანონითა და ინსტიტუტებით და არა ვინმეს კერძო ნებით.
სამწუხაროა, რომ ამ ამბის გამოყენებით სახელმწიფოსგან ბნელ მხარეს ჩვენი გადაყვანის მცდელობაც განხორციელდა, თუმცა სახელმწიფოებრივი ინტერესი და მშვიდობის გონივრული პოლიტიკა ჩვენი პრიორიტეტია და ის ვერასდროს ჩანაცვლდება ფინანსური ან სხვა სახის ბენეფიტებით, ჩვენთვის სამშობლო არ იყიდება.
და ბოლოს, თუ ჩვენს კოლეგას – დიტო ჩუბინიძეს ჩვენი პლატფორმა დასჭირდება საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ან იმ ძალების სამხელად, ვინც მისი ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის გამოყენება სცადა, ჩვენ სიხარულით მივცემთ მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას.
დიტო ჩუბინიძეს წარმატებასა და მშვიდობას ვუსურვებთ !
,,GEO NEWS”





