• November

    2

    2026
  • 95
  • 0
,,GEO NEWS”-ის ოფიციალური განცხადება – სარედაქციო დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტური პრინციპების დაცვის შესახებ

,,GEO NEWS”-ის ოფიციალური განცხადება – სარედაქციო დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტური პრინციპების დაცვის შესახებ

გასული კვირის განმავლობაში ორჯერ განხორციელდა მცდელობა, ჩარეულიყვნენ საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტგამოცემა „GEO NEWS“-ის საქმიანობაში და დაეზიანებინათ ჩვენი ნორმალური ფუნქციონირება, სარედაქციო დამოუკიდებლობა და პროფესიული რეპუტაცია.

კერძოდ, კვირის დასაწყისში „GEO NEWS“ შესთავაზეს ფინანსური ანაზღაურება საქართველოს სასამართლო სისტემის გამორჩეული წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების სანაცვლოდ. აღნიშნული შეთავაზების არსებითი მოთხოვნა იყო კონკრეტული პირების დისკრედიტაცია ყოველგვარი სათანადო მტკიცებულებისა და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე.

კვირის ბოლოს კი, უკვე ხუთმაგი ფინანსური ანაზღაურების შეთავაზებით, განხორციელდა მეორე მცდელობა – ,,GEO NEWS“-ისთვის დაეკვეთათ თურქეთ-საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარის კამპანია, კვლავ ყოველგვარი დადასტურებული ფაქტისა თუ მტკიცებულების გარეშე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „GEO NEWS“-მა ორივე შემთხვევაში კატეგორიული უარი განაცხადა მსგავსი შეთავაზებების მიღებაზე. ამასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც გარემოებებმა ამის საჭიროება წარმოშვა, შესაბამისი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებსაც მიეწოდა.

საზოგადოებას ოფიციალურად განვუმარტავთ :

,,GEO NEWS“-ისთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი გარიგება, რომლის მიზანიც ფულის სანაცვლოდ კონკრეტული პირების, ინსტიტუტების ან ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რეპუტაციული ზიანის მიყენება ან წინასწარ განსაზღვრული ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა.

ჩვენი პოზიცია არ განისაზღვრება შეთავაზებული თანხის ოდენობით, დამკვეთის გავლენით, პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესებით.

ჟურნალისტიკა არ არის დაქირავებული ანგარიშსწორების მექანიზმი და მედიასაშუალება არ უნდა იქცეს იმ პირთა ინსტრუმენტად, რომელთაც საკუთარი მიზნების მისაღწევად ფაქტების ნაცვლად შეთხზული ბრალდებებისა და დაუსაბუთებელი საინფორმაციო შეტევების გამოყენება სურთ.

გვჯერა, რომ ჟურნალისტიკის ფუნდამენტური დანიშნულებაა საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება, მოვლენების ობიექტური შეფასება, საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა და არა კერძო დაკვეთების შესრულება.

„GEO NEWS“ აცნობიერებს, რომ მედიასაშუალების პროფესიული ავტორიტეტი წლების განმავლობაში ყალიბდება, ხოლო მისი დაკარგვა შეიძლება ერთი არაკეთილსინდისიერი გარიგების შედეგი გახდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობა არა დეკლარირებული ლოზუნგი, არამედ ყოველდღიური საქმიანობის პრინციპია.

საჯაროდ ვაცხადებთ, რომ „GEO NEWS“ არ მიიღებს მონაწილეობას არც ერთ ისეთ საინფორმაციო ოპერაციაში, რომლის მიზანიც მტკიცებულებების გარეშე ადამიანების ან ორგანიზაციების დისკრედიტაციაა. ჩვენთვის მიუღებელია ჟურნალისტიკის გამოყენება შანტაჟის, ფინანსური ზეწოლის, პირადი ანგარიშსწორებისა თუ კონკურენტული ბრძოლის იარაღად.

ამასთან, მზად ვართ, კანონით დადგენილი წესით ვითანამშრომლოთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა მსგავსი მცდელობების გარემოებები სათანადოდ იქნეს შესწავლილი.

ჩვენი მკაფიო გზავნილია : „GEO NEWS“ ვერ იყიდიან, ვერ დაუკვეთავენ ცრუ კამპანიებს და ვერ აიძულებენ, უარი თქვას იმ პროფესიულ და ეთიკურ პრინციპებზე, რომლებზეც მისი საქმიანობა უნდა იდგეს.

მედიის დამოუკიდებლობა იწყება იქ, სადაც მთავრდება ფულის სანაცვლოდ სიმართლის გაყიდვა.

პატივისცემით,

„GEO NEWS“-ის სარედაქციო კოლეგია

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor