
პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი „GEO NEWS“ მხარდაჭერას უცხადებს – ,,კანონი და თქვენი კეთილისმსურველები თქვენ გვერდით არიან !“
პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი ქეთი ხომერიკისა და საინფორმაციო-ანალიტიკური პლატფორმა „GEO NEWS“-ის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. მისი პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ირაკლი ჯანყარაშვილმა გამოცემის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ვლადიმერ ხომერიკი მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას, მუქარასა და პირად ცხოვრებაში ჩარევას ადგილი არ უნდა ჰქონდეს და ნებისმიერი უთანხმოება სამართლებრივი გზით უნდა გადაწყდეს.
პროფესორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მედიისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ წამოწყებული დავების პასუხი უნდა იყოს სიმტკიცე, პროფესიული ღირსების დაცვა და კანონის უზენაესობის პატივისცემა.
გთავაზობთ პროფესორ ვლადიმერ ხომერიკის მხარდამჭერ წერილს, რომელიც მან ქეთი ხომერიკსა და „GEO NEWS“ მიუძღვნა :
,,სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს პოზიციას !
სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში ვხვდებით ადამიანებს, რომელთა ქცევაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთგვარ მანკიერ მხარეს წარმოაჩენს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აღარ შესწევს უნარი, არგუმენტებით, საქმითა და საკუთარი პოზიციის დასაბუთებით დაიცვას თავი და ამის ნაცვლად შეურაცხყოფას, მუქარასა და სხვისი პირადი ცხოვრების ქექვას მიმართავს.
როდესაც ადამიანი კარგავს მორალურ საზღვრებსა და სინდისს, საბოლოოდ თავადვე ეფლობა იმ სიბინძურეში, რომლის შექმნასაც სხვებისთვის ცდილობს.
ასეთ ადამიანებთან დაკავშირებით ერთადერთი გონივრული მიდგომა მათი ქცევის გაანალიზებაა და არა მათთან საჯარო დაპირისპირებაში შესვლაა. მათ შეიძლება ჰქონდეთ ფინანსური რესურსები, საკუთარი თავისთვის სასურველი პიარის შექმნის შესაძლებლობა და სხვადასხვა გზით პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ კანონისა და საზოგადოებრივი მორალის უგულებელყოფა.
მართალი ხართ ! ასეთ ადამიანებთან საჯაროდ კამათი არ ღირს. მათ უნდა ესაუბროთ კანონის ენით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით და იმ პრინციპების ერთგულებით, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. სწორედ ასე იქცევით და ეს სწორი გზაა.
თუმცა, თუ ისინი ვერ გაიგებენ ამ გზავნილს და კვლავაც გააგრძელებენ თქვენს ოჯახზე თავდასხმას, შეურაცხყოფასა და ღირსების შელახვის მცდელობას, ერთი რამ უნდა შეახსენოთ :
სანამ სხვისი მისამართით სიტყვებს წარმოთქვამენ, უმჯობესია საკუთარ ენასა და საკუთარ საქციელს მიხედონ. ბინძური სიტყვა, უპირველეს ყოვლისა, მის ავტორს აზიანებს, ხოლო უსაფუძვლო თავდასხმა საბოლოოდ თავად თავდამსხმელის რეპუტაციაზე აისახება.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცესა და მშვიდობას თქვენ და თქვენს ოჯახს !
იცოდეთ, რომ კანონი, სამართლიანობის პრინციპები და თქვენი კეთილისმსურველები თქვენ გვერდით არიან.
პროფესორი,
ვლადიმერ ხომერიკი
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





