
ექსკლუზივი : როგორ დაისაჯა ადვოკატი ლევან ჭიღლაძე ეთიკის კომისიისგან პოლიციის დავალების შესრულების გამო ?
ადვოკატი, რომელიც პოლიციის გამოძახებით სამმართველოში მივიდა და დაკავებულთან მისი ოჯახის დაქირავებულად გაასაღა თავი, რომ დაკავებული ეიძულებინა პოლიციასთან ეთანამშრომლა – ლევან ჭიღლაძის პროფესიული საქმიანობის საგანგაშო ეპიზოდები ?!
ორი დისციპლინური გადაწყვეტილება ფინანსურ დავებზე და ერთი განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისტორია :
როგორ აღმოჩნდა ადვოკატი ლევან ჭიღლაძე პოლიციის ინიციატივით დაკავებულის საქმეში და რატომ დაადგინა ეთიკის კომისიამ პროფესიული ეთიკის დარღვევა ?
რა სიმბოლურია, რომ ,,მჯღაპვნელ” და ყველაფრის მკადრებელ ირაკლი ჯანყარაშვილს, რომელიც ღირსეულ ადვოკატებს ცილისწამების მსხვერპლებად ხდის – საჯაროდ და უტიფრად მხოლოდ ეს ადვოკატი იცავს !
ადვოკატის პროფესია განსაკუთრებულ ნდობას ეფუძნება. ადამიანი, რომელსაც აკავებენ, რომელიც პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდება და შესაძლოა, თავისუფლება დაკარგოს, ადვოკატში საკუთარი უფლებების უკანასკნელ დამცველს ხედავს. მას უნდა შეეძლოს ენდოს ადამიანს, რომელიც მის გვერდით დგას, ესმის მისი მდგომარეობა, იცნობს კანონს და, რაც მთავარია, მოქმედებს მხოლოდ მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადვოკატი დაკავებულის გვერდით არა ოჯახის ან თავად დაკავებულის მოწვევით, არამედ პოლიციის სატელეფონო ზარის შემდეგ ჩნდება ?
რა ხდება მაშინ, როდესაც დაკავებულს ეცნობება, რომ ეს ადამიანი თითქოს მისმა ოჯახმა დაიქირავა, მაშინ როდესაც ოჯახმა მის არსებობაზეც კი არაფერი იცის ?
და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა :
შეიძლება თუ არა ასეთ ვითარებაში ადვოკატის მონაწილეობა რეალურ დაცვად ჩაითვალოს, თუ ეს მხოლოდ დაცვის ფორმალური იმიტაციაა ?
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, დისციპლინური საქმე №061/14, სწორედ ამ კითხვებს აჩენს.
დოკუმენტში აღწერილი გარემოებები იმდენად სერიოზულია, რომ მათი გაცნობის შემდეგ ძნელია არ გაჩნდეს კითხვა, რამდენად შეესაბამება ლევან ჭიღლაძის მოქმედებები იმ პროფესიულ სტანდარტს, რომელსაც საზოგადოება ადვოკატისგან მოითხოვს.
და ეს არ არის ჟურნალისტის მიერ გამოგონილი შეფასება. ეთიკის კომისიამ ადვოკატის მხრიდან პროფესიული ეთიკის დარღვევა დაადგინა.
პოლიციის სატელეფონო ზარი და ადვოკატი, რომელიც არავის დაუქირავებია ?!
ისტორია 2014 წლის 19 ივლისს იწყება.
შ. ჭ.-ის წინააღმდეგ ქურდობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო 20 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათიდან 08:00 საათამდე, მისი დაკითხვა ჩატარდა.
დაკითხვაში ადვოკატის სახით მონაწილეობდა ლევან ჭიღლაძე.
ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად გამოიყურებოდა :
დაკავებულს ჰყავდა ადვოკატი, საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის თანდასწრებით მიმდინარეობდა და ოქმზეც მისი ხელმოწერა არსებობდა.
მაგრამ ამ სურათს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აკლდა :
ვინ დაიქირავა ლევან ჭიღლაძე ?
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მას დაკავებულთან ან მისი ოჯახის წევრებთან საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
უფრო მეტიც, საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ლევან ჭიღლაძე პოლიციის განყოფილებაში სწორედ პოლიციის ინიციატივით მივიდა.
ადვოკატის საკუთარი განმარტებით, 2014 წლის 20 ივლისს, დაახლოებით დილის 04:00–05:00 საათზე, მის ტელეფონზე დარეკეს და პოლიციის განყოფილებაში მისვლა სთხოვეს.
ჭიღლაძე თავადვე განმარტავდა, რომ თავდაპირველად არ იცოდა, ვინ იბარებდა და რა მიზნით.
მისივე თქმით, პოლიციის უფროსს განუმარტა, რომ საზოგადოებრივი ადვოკატი არ იყო და შესაბამისად, ვერ განახორციელებდა დაცვის ფუნქციას. თუმცა, საბოლოოდ, დაკავებულთან ურთიერთობა დაიწყო და მისი ადვოკატის სტატუსით ჩაერთო საქმეში.
აქ ჩნდება პირველი ფუნდამენტური წინააღმდეგობა.
თუ ადვოკატი პოლიციამ გამოიძახა, თუ მას არ ჰქონდა ხელშეკრულება, თუ ოჯახს იგი არ დაუქირავებია და თუ დაკავებულს უკვე ჰყავდა შეთანხმებით აყვანილი სხვა ადვოკატი, მაშინ რა სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლით აღმოჩნდა ლევან ჭიღლაძე დაკავებულის დაცვის პროცესში ?
ეს კითხვა ეთიკის კომისიამაც დასვა და პასუხიც გასცა.
კომისიამ დაადგინა, რომ ადვოკატი საქმეში არაუფლებამოსილი პირის ინიციატივით ჩაერთო და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ბრალდების მხარის თხოვნით მიიღო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომისიის მითითება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს უფლება არ აქვთ, რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს.
სწორედ ამ პრინციპს ეწინააღმდეგებოდა ჭიღლაძის მოქმედება კომისიის შეფასებით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადვოკატი არ უნდა იყოს იმ სისტემის მიერ შერჩეული დამცველი, რომლის მოქმედებებიც სწორედ მას უნდა შეემოწმებინა და საჭიროების შემთხვევაში გაეპროტესტებინა.
ადვოკატი პოლიციის დამხმარე პერსონალი არ არის. მისი პროფესიული დამოუკიდებლობა დაცვის უფლების არსებითი გარანტიაა.
მაგრამ ამ ისტორიაში ყველაფერი კიდევ უფრო უცნაურად ვითარდება.
,,თქვენმა ოჯახმა დამიქირავა“ – ნდობა, რომელიც კომისიის შეფასებით შეთანხმებით არ წარმოშობილა.
საჩივრის ავტორის, დაკავებულის მამის, განცხადებით, მის შვილს პოლიციის განყოფილებაში ლევან ჭიღლაძემ განუცხადა, რომ იგი ოჯახმა დაიქირავა.
ეს გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
დაკავებული ადამიანი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში. მას არ ჰქონდა სათანადო შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გადაემოწმებინა, ვინ იყო მის წინ მდგომი პირი და ვის ინტერესებს ემსახურებოდა იგი.
თუ დაკავებულს ეუბნებიან, რომ ეს მისი ოჯახის მიერ შერჩეული ადვოკატია, ბუნებრივია, მას შეიძლება გაუჩნდეს ნდობა და ჩათვალოს, რომ მის გვერდით ახლობლების მიერ მოწვეული პროფესიონალი დგას.
თუმცა, საჩივრის ავტორის განმარტებით, ოჯახს ლევან ჭიღლაძე საერთოდ არ დაუქირავებია და მის შესახებ არც კი იცოდა.
საქმეში ჩართული მეორე ადვოკატის, მ. ღ.-ის განმარტებითაც, დაკავებულის მამამ სწორედ მას მიმართა შვილის დასაცავად.
ეთიკის კომისიამ ეს გარემოებაც დაადგინა :
შ. ჭ.-ს უკვე ჰყავდა შეთანხმებით აყვანილი ადვოკატი და ლევან ჭიღლაძისთვის ეს ცნობილი იყო.
ჭიღლაძის განმარტებით, მან დაკავებულს ოჯახის წევრის ტელეფონის ნომერი გამოართვა და დაურეკა ქალბატონს, რომელმაც თითქოსდა დაადასტურა, რომ ადვოკატის გამოგზავნას აპირებდნენ.
თუმცა, კომისიის წინაშე წარმოდგენილი მასალებით ეს კომუნიკაცია სათანადოდ დადასტურებული არ ყოფილა.
მეტიც, ადვოკატმა სხვადასხვა ეტაპზე ურთიერთსაწინააღმდეგო ან არათანმიმდევრული განმარტებები გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორ და რა პირობებში დაიწყო დაკავებულის დაცვა.
ეთიკის კომისიამ საბოლოოდ დაადგინა, რომ დაკავებულს და მისი ოჯახის წევრებს ლევან ჭიღლაძისთვის დაცვის უფლებამოსილება არ მიუნიჭებიათ.
აქ ერთი მნიშვნელოვანი პროფესიული საკითხია :
ადვოკატად ყოფნა და კონკრეტული ადამიანის ადვოკატობა ერთი და იგივე არ არის.
ადვოკატს შეიძლება ჰქონდეს პროფესიული სტატუსი, გამოცდილება და შესაბამისი მოწმობა, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას, თვითნებურად გადაწყვიტოს, რომ კონკრეტული დაკავებული პირის დამცველია.
კლიენტის ნება და შეთანხმება ამ ურთიერთობის საწყისი პირობაა, გარდა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის შემთხვევებისა.
ლევან ჭიღლაძის შემთხვევაში კომისიამ სწორედ ამ პრინციპის დარღვევა დაადგინა.
აღიარებითი ჩვენება და 18 ეპიზოდი, როდის იქცევა დაცვის ფორმალური არსებობა რეალურ პრობლემად ?
ამ ისტორიის ყველაზე მძიმე ნაწილი დაკავებულის დაკითხვას უკავშირდება.
საჩივრის ავტორის განცხადებით, მის შვილს ადვოკატთან დაცვის პოზიცია არ შეუთანხმებია. მისი თქმით, გამომძიებელმა ჩვენება საკუთარი სიტყვებით დაბეჭდა, დაკავებულს კი მხოლოდ ხელის მოწერა სთხოვა.
ოჯახის პოზიციით, ლევან ჭიღლაძემ დაკავებულს ურჩია, ეღიარებინა დანაშაულები და პოლიციისთვის მიეთითებინა ნივთების დამალვის ადგილები, სანაცვლოდ კი საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობაზე ესაუბრა.
საჩივრის ავტორი ასევე ამტკიცებდა, რომ თავდაპირველად დაკავებულს ორი ეპიზოდი წარუდგინეს, მოგვიანებით კი ბრალდებას კიდევ 18 ეპიზოდი დაემატა.
მისი მტკიცებით, ამ ეპიზოდებთან დაკავშირებული ინფორმაცია სწორედ დაკავებულის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენებიდან გამომდინარეობდა.
აქ აუცილებელია ერთი მნიშვნელოვანი განმარტება :
დისციპლინური გადაწყვეტილება არ ადგენს, რომ ლევან ჭიღლაძემ პოლიციასთან შეთანხმებით განახორციელა დაკავებულის იძულება ან განზრახ შეუწყო ხელი მის წინააღმდეგ ბრალდების ჩამოყალიბებას. ეს უკვე სხვა სამართლებრივი საკითხია და ცალკე გამოძიებასა და მტკიცებულებებს საჭიროებს.
მაგრამ ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი გარემოებები საკმარისად სერიოზულია იმისთვის, რომ ადვოკატის პროფესიული მოქმედებები მკაცრი შეფასების საგანი გახდეს.
კომისიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჭიღლაძე არ იცნობდა საქმის მასალებს, არ შეუთანხმებია დაკავებულთან დაცვის პოზიცია და ტაქტიკა და არ ჰქონდა მოპოვებული კლიენტისგან სათანადო ინფორმაცია საქმის გარემოებების შესახებ.
განსაკუთრებით საყურადღებოა კომისიის შეფასება, რომ ადვოკატი არ დარწმუნდა, იყო თუ არა დაკავებული თავისუფალი ნების გამოხატვის მდგომარეობაში.
ეს უკვე უბრალო პროცედურული გაუგებრობა არ არის.
ადვოკატის ვალდებულება მხოლოდ დაკითხვაზე დასწრება და ოქმზე ხელის მოწერა არ არის. მისი მთავარი დანიშნულებაა, დაიცვას ადამიანი იმ შესაძლო შეცდომებისგან, რომლებსაც გამოძიების პროცესში შეიძლება ჰქონდეს ადგილი.
დაკავებულს აქვს უფლება, არ მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება. ადვოკატმა უნდა აუხსნას მას ეს უფლება და უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება თავისუფალი, ინფორმირებული და გააზრებული იყოს.
თუ ადვოკატმა არ იცის საქმის მასალები, არ იცნობს დაცვის პოტენციურ სტრატეგიას და არც კლიენტის ნება აქვს სათანადოდ გარკვეული, მაშინ რა შინაარსს ატარებს მისი მონაწილეობა დაკითხვაში ?
შეიძლება ასეთ პროცესს ეფექტიანი დაცვა ეწოდოს ?
თუ მთავარი მიღწევა მხოლოდ ის არის, რომ საგამოძიებო ოქმში ადვოკატის გვარიც ჩაიწეროს ?
მეორე ადვოკატის პოზიცია და პოლიციის განყოფილებაში განვითარებული უცნაური მოვლენები.
საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადვოკატ მ. ღ.-ის ჩვენებასაც.
მისი განმარტებით, დაკავებულის ოჯახმა მას მიმართა შვილის დასაცავად. როდესაც იგი პოლიციის განყოფილებაში მივიდა, შეიტყო, რომ საქმეში უკვე მონაწილეობდა სხვა ადვოკატი – ლევან ჭიღლაძე.
მ. ღ.-ის თქმით, პოლიციის უფროსის მოადგილის სატელეფონო საუბრიდანაც შეიტყო, რომ შ. ჭ. საქმეში სხვა ადვოკატი ჩაერთო.
მოწმის განმარტებით, როდესაც ის ლევან ჭიღლაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, ვინ დაიქირავა იგი, პასუხად მიიღო, რომ პოლიციის განყოფილებიდან დაურეკეს და სთხოვეს საქმეში მონაწილეობა. თავად ჭიღლაძემ კი, როგორც მოწმე ამბობდა, ზუსტად არ იცოდა, ვინ დაურეკა.
ეს ეპიზოდი განსაკუთრებით საინტერესოა.
ერთი მხრივ, დაკავებულის ოჯახს უკვე ჰყავს შერჩეული ადვოკატი. მეორე მხრივ, პოლიციის განყოფილებაში ჩნდება კიდევ ერთი ადვოკატი, რომლის მონაწილეობაც ოჯახის გადაწყვეტილებას არ ეფუძნება.
და ბოლოს, როდესაც ოჯახი ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის ეს ადამიანი და რატომ მონაწილეობს მისი შვილის დაკითხვაში, აღმოჩნდება, რომ ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ არსებობს.
ეს არის ზუსტად ის ვითარება, რომელშიც დაცვის უფლება შეიძლება ფორმალურ პროცედურად იქცეს.
ღამის ოთხი საათიდან რვა საათამდე – ადვოკატი, რომელმაც უკანონო დროით ჩატარებულ დაკითხვას ხელი მოაწერა :
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა დაფიქსირებული.
შ. ჭ.-ის დაკითხვა 2014 წლის 20 ივლისს, ღამის 04:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე მიმდინარეობდა.
დაკითხვის ოქმს ლევან ჭიღლაძე ხელს აწერს.
კომისიამ მიუთითა მაშინ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელი იყო, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
კომისიის შეფასებით, ადვოკატს არ უნდა მოეწერა ხელი აღნიშნულ ოქმზე სათანადო შენიშვნის გარეშე, რადგან დაკითხვა ღამის საათებში ჩატარდა.
ეს ფაქტი კომისიამ ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების არაკვალიფიციურობის დამადასტურებელ გარემოებადაც შეაფასა.
აქაც ჩნდება მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი კითხვა :
რა უნდა გააკეთოს ადვოკატმა, როდესაც მის თვალწინ მიმდინარეობს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის კანონიერებაც ეჭვს იწვევს ?
პასუხი პროფესიული ეთიკის თვალსაზრისით რთული არ არის :
მან უნდა დაიცვას კლიენტი, დააფიქსიროს დარღვევა და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმები.
ადვოკატის პროფესიული მოვალეობა არ არის საგამოძიებო პროცესისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.
მისი მოვალეობაა, იყოს კლიენტის უფლებების გარანტი.
თავად ადვოკატის განმარტებები -„შემეცოდა“ და გადავწყვიტე დამეცვა…
ლევან ჭიღლაძის პოზიციაც მნიშვნელოვანია.
იგი უარყოფდა დაკავებულზე ზეწოლის განხორციელებას და ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული მანამდე უკვე აღიარებული ჰქონდა.
მისი თქმით, დაკავებულს აუხსნა, რომ შეეძლო დანაშაული არ ეღიარებინა, თუმცა შ. ჭ.-მ თავად გამოთქვა აღიარების სურვილი.
ჭიღლაძე ასევე განმარტავდა, რომ დაკავებული ადამიანურად შეეცოდა, მასთან ჩამოუყალიბდა ნდობა და ამიტომ გადაწყვიტა მისი დაცვა.
ადვოკატი აცხადებდა, რომ დაკავებულთან გარკვეული საერთო გვარიც შესაძლოა ჰქონოდა, რაც მის მიმართ ადამიანურ თანაგრძნობას აძლიერებდა.
ეს განმარტებები კომისიამ შეისწავლა, თუმცა მიიჩნია, რომ ისინი ვერ ამართლებდა პროფესიული წესების დარღვევას.
ადამიანური თანაგრძნობა, რა თქმა უნდა, დასაფასებელია. მაგრამ ადვოკატობა ქველმოქმედების სპონტანური ფორმა არ არის, რომელშიც პროფესიული უფლებამოსილება პირადი კეთილგანწყობის საფუძველზე წარმოიშობა.
დაკავებულის მიმართ სიბრალული არ აძლევს ადვოკატს უფლებას, გვერდი აუაროს კლიენტის ნებას, უგულებელყოს მისი უკვე არსებული დაცვის ურთიერთობა და ბრალდების მხარის ინიციატივით ჩაერთოს საქმეში.
საინტერესოა ისიც, რომ ჭიღლაძე თავად აღიარებდა, ძირითადად სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მუშაობდა და სისხლის სამართლის სფეროში თავს კომპეტენტურად არ მიიჩნევდა.
თუმცა, როგორც თავადვე განმარტავდა, საქმე განსაკუთრებული სირთულის არ ეჩვენა და რადგან დაკავებული დანაშაულს აღიარებდა, გადაწყვიტა მისი დაცვა.
პროფესიული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ეს განმარტება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
სისხლის სამართლის საქმე, მით უმეტეს, დაკავებულის პირველი დაკითხვა, არ არის ადგილი, სადაც ადვოკატმა საკუთარი კომპეტენციის საზღვრები მხოლოდ ვარაუდით უნდა განსაზღვროს.
კლიენტის თავისუფლება, მისი მომავალი და შესაძლოა მთელი ცხოვრება წყდება იმ პროცესში, რომელშიც ადვოკატის თითოეულ მოქმედებას მნიშვნელობა აქვს.
ეთიკის კომისიის დასკვნა – პროფესიული დამოუკიდებლობისა და ნდობის პრინციპების დარღვევა :
2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ ლევან ჭიღლაძის ქმედებებში დისციპლინური გადაცდომა დაადგინა.
კომისიამ დარღვეულად მიიჩნია :
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები;
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი – ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობა;
ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლი – ადვოკატსა და კლიენტს შორის ნდობის პრინციპი;
ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილი – კლიენტთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქმიანობის დაწყება;
ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მეორე ნაწილი – კლიენტის ან უფლებამოსილი პირის მითითებით საქმის წარმოება;
ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მეხუთე ნაწილი – წარმომადგენლობის კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად განხორციელება.
კომისიამ განსაკუთრებით მკაფიოდ განმარტა, რომ ადვოკატი საქმეში ბრალდების მხარის თხოვნით ჩაერთო და არა კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე.
მისი შეფასებით, ადვოკატის მოქმედებები ვერ ჩაითვლებოდა კლიენტის ნების საფუძველზე დაცვის განხორციელებად.
ეს არის გადაწყვეტილების მთავარი სამართლებრივი დასკვნა.
კომისიამ ასევე მიუთითა, რომ ადვოკატმა არ შეუთანხმა კლიენტს დაცვის პოზიცია და ტაქტიკა, არ იცნობდა საქმის მასალებს და არ დარწმუნდა, იყო თუ არა დაკავებული თავისუფალი ნების გამოხატვის მდგომარეობაში.
შესაბამისად, საქმე მხოლოდ ხელშეკრულების არქონას არ ეხებოდა. საუბარი იყო ადვოკატობის არსებითი პრინციპების დარღვევაზე.
მიუხედავად ამ შეფასებებისა, კომისიამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად გაფრთხილება განსაზღვრა.
ეს გარემოება ცალკე განხილვის ღირსია :
რამდენად შეესაბამება გაფრთხილება იმ დარღვევების სიმძიმეს, რომლებიც დაკავებული პირის დაცვის უფლების განხორციელებას უკავშირდებოდა ?
და ერთი რამ უდავოა :
ადვოკატის სტატუსი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას კი არა, გაცილებით მაღალ პასუხისმგებლობას გულისხმობს.
საზოგადოებას აქვს უფლება მოითხოვოს პასუხები. კლიენტს კი – რეალური დაცვა და არა მისი იმიტაცია.
P.S. რედაქციამ გაწია მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა დაედგინა ეთიკის კომისიის დეპერსონიფიცირებული საჯაროდ განთავსებული გადაწყვეტილების იდენტობა ადვოკატ ლევან ჭიღლაძესთან. ამ მიზნით, ჩვენ ვეკონტაქტეთ, როგორც ჩვენს კონფიდენციალურ წყაროებს, ისე ადვოკატ ლევან ჭიღლაძის მიერ დაზარალებული ყოფილი ბრალდებულის გარემოცვას.
ფოტოკოლაჟი :


( გაგრძელება იქნება )
ირაკლი კერესელიძე, ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





