• September

    14

    2023
  • 502
  • 0
ვალერი კვარაცხელია : ხელისუფლებას არ მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ, მაგრამ მოდის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რასაც მრავალპოლუსიანი მსოფლიო ჰქვია

ვალერი კვარაცხელია : ხელისუფლებას არ მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ, მაგრამ მოდის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რასაც მრავალპოლუსიანი მსოფლიო ჰქვია

,, ამ ორი რეგიონის მიტაცების შემთხვევაში რუსეთი სამუდამო მტერს იჩენს საქართველოს სახით, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში მთლიან საქართველოსთან პარტნიორობის პერსპექტივა უჩნდება, რაც ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მისთვის უაღრესად ხელსაყრელია. ეს ვითარება როგორც ჩვენთვის, ასევე რუსეთისთვის ეპოქალური შანსია, რომელიც სწორად დანახვისა და გამოყენების შემთხვევაში როგორც ერთ, ისე მეორე სახელმწიფოს გააძლიერებს”, – აცხადებს ვალერი კვარაცხელია.  ,,Geo news” ,, სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენელს, ,,ნეიტრალური საქართველოს” თავჯდომარეს, ანალიტიკოსს, ვალერი კვარაცხელიას ექსკლუზიურად ესაუბრა.

ვალერი კვარაცხელია : მას შემდეგ, რაც გორბაჩოვისეული გარდაქმნა დაიწყო და მოკავშირე რესპუბლიკებში ეროვნულმა მოძრაობებმა წამოყვეს თავი, ჯერ საბჭოთა კავშირთან, შემდეგ კი რუსეთთან ურთიერთობა მუდმივად დაძაბული იყო. ამიტომ ბუნებრივია, რომ რუსეთს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ჰქონდა დაწესებული. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მერე საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვიტა. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისებიც შეაჩერა. თქვენ გაინტერესებთ, რა შეიცვალა ახალი ისეთი, რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმიც მოხსნა და პირდაპირი ავიარეისებიც აღადგინა. დააკვირდით: რუსეთმა, რომელსაც მთელი დასავლეთის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა, საქართველოსგან პირველად მიიღო დადებითი გზავნილი. სახელმწიფომ, რომელსაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, იგრძნო, რომ ამ ქვეყნიდან ზურგში დანას არ ურტყამენ. ვგულისხმობ ორ რამეს: პირველი, საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. მეორე, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ არ გახსნა მეორე ფრონტი. საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის სიყვარულით არ გაუკეთებია. ამგვარი ქმედების მოტივი საქართველოს ინტერესებშია საძებნი. ჩვენი სანქციები რუსეთის ეკონომიკას ვერ დაანგრევდა, მაგრამ ეს სანქციები საქართველოს ეკონომიკას მიწასთან გაასწორებდა, რადგან ჩვენი ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთზე. მეორე ფრონტზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლება. ადვილი წარმოსადგენია რა მოხდებოდა რუსეთთან ომის შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც ევროპის უდიდესი სახელმწიფო უკრაინა სრულ კატასტროფას განიცდის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შედეგად. ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, თუმცა რუსეთმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები მოტივირებული იყო არა რუსეთის, არამედ საქართველოს ინტერესებით, ეს გზავნილები დადებითად აღიქვა და მიიღო ქართველი ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სავიზო რეჟიმის მოხსნასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. აქვე გეტყვით, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი დელეგაციის (,,სოლიდარობა მშვიდობისთვის”) რამდენიმე ვიზიტს რუსეთის სახელმწიფო დუმაში, სადაც ეს საკითხი დავსვით, განვიხილეთ და რუსეთის პრეზიდენტს მივმართეთ თხოვნით, რომ პრობლემა ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად გადაეჭრა.

ელოდით თუ არა რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, თუ ეს ვალერი კვარაცხელიასთვის მოულოდნელობა იყო ? 

– პირიქით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ აშკარა მტრობის გამოვლინება შეწყდა, რუსეთისგან სწორედ შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმას ველოდი. ეს ნიშანია იმისა, რომ მომავალშიც ინტერესთა შეჯერების გზით თუ ვივლით, რუსეთისგანაც ანალოგიურ პასუხებს მივიღებთ. ოცდაათი წელიწადია ჩემს ხალხს ამის შესახებ ვესაუბრები და, როგორც იქნა, ამ მიმართულებით ძვრები დაიწყო.

–  თქვენი აზრით, სავიზო რეჟიმის გაუქმება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, კონკრეტულად, რას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას, შეუწყობს თუ არა ხელს ქართული ეკონომიკის განვითარებას ? 

– რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა, პირველ რიგში, ქართველ ხალხს შეუმსუბუქებს ამ ქვეყანაში მოქმედ ჩვენს უზარმაზარ დიასპორასთან კავშირს, საკუთარ ოჯახის წევრებთან მიმოსვლას, საქმიან ურთიერთობებს. დაიცავს მათ ზედმეტი ხარჯებისა და ნერვების წყვეტისგან, შემოვლითი მარშრუტებით მომქანცველი ფრენებისგან და ა.შ. ესაა მთავარი. გარდა ამისა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია დიდ თანხებთან, ასეულობით მილიონისა და მილიარდის შემოსავლებთან, როგორც ტურიზმისგან, ასევე საავიაციო ბიზნესისგან და სხვა საქმიანი ურთიერთობებისგან, სხვა და სხვა სახის ბიზნესპროექტებისგან, რომლებსაც გზა უკვე გაეხსნათ.

-ბატონო ვალერ, რუსეთის ხელმძღვანელობის ეს ნაბიჯი იძლევა იმედს, რომ, ბოლოს და ბოლოს, საქართველო და რუსეთი განიხილავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ანუ ეს თემა დადგება თუ არა დღის წესრიგში და იგივე, სავიზო რეჟიმის გაუქმება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა არის თუ არა ამის მანიშნებელი ? ერთი სიტყვით, რა იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ? 

– ერთმნიშვნელოვნად. იმ უზარმაზარი გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს ( დასრულდა ერთპოლუსიანი მსოფლიო და იწყება მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ეპოქა) , რუსეთმა დასავლეთისგან აშკარად იბრუნა პირი აღმოსავლეთით, რაც სრულად ახალ რეალობას ქმნის პლანეტაზე. ამ ვითარებაში რუსეთს ჰაერივით ჭირდება ახალი პარტნიორები. საქართველოს სეპარატისტული რეგიონები ამ ახალ რეალობაში რუსეთისთვის არათუ საინტერესო და საჭირო აღარ არის, ზედმეტი და უსარგებლო ტვირთიცაა. ამ ორი რეგიონის მიტაცების შემთხვევაში რუსეთი სამუდამო მტერს იჩენს საქართველოს სახით, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში მთლიან საქართველოსთან პარტნიორობის პერსპექტივა უჩნდება, რაც ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მისთვის უაღრესად ხელსაყრელია. ეს ვითარება როგორც ჩვენთვის, ასევე რუსეთისთვის ეპოქალური შანსია, რომელიც სწორად დანახვისა და გამოყენების შემთხვევაში როგორც ერთ, ისე მეორე სახელმწიფოს გააძლიერებს.

– ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება ნელ-ნელა რუსულ ორბიტას ხომ არ უბრუნდება ? 

არა, ხელისუფლებას არ მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ, მაგრამ მოდის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რასაც მრავალპოლუსიანი მსოფლიო ჰქვია. აშშ-ს ნამდვილად მოუწევს პოსტსაბჭოთა სივრციდან წასვლა. სად აღმოჩნდება ასეთ შემთხვევაში საქართველო ? მგონი არ მომიწევს იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველო ახალ გეოპოლიტიკურ პოლუსს ვერ შექმნის. ის იქნება რომელიმე გეოპოლიტიკური პოლუსის შემადგენელი ნაწილი. გადახედეთ რუკას (გლობუსს) და მიხვდებით თუ სად მოგვიწევს ყოფნა. აქ საქართველოს მთავრობის გუნება-განწყობა კი არ არის გადამწყვეტი, მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესებია გადამწყვეტი, რომელსაც წინ ვერავინ აღუდგება. საზოგადოების განვითარება ანუ ისტორია ისევე ემორჩილება კანონზომიერებას, როგორც ქიმიური და ფიზიკური პროცესები. საქართველოს მთავრობამ უკვე გააკეთა ის, რაც მას ქვეყნისა და ხალხის წინაშე ეკისრებოდა. ეს იყო მშვიდობის შენარჩუნება იმ უაღრესად არასტაბილურ გარემოში, რომელშიც აღმოვჩნდით. მთავრობამ ქვეყნის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ამ ნაწილში პირნათლად შეასრულა. ისტორიული პროცესების შეცვლა კი მას არ ევალება. მთავრობის მოვალეობას ამ პროცესებში გარკვევა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება შეადგენს, რასაც ჯერჯერობით წარმატებით ართმევს თავს.

რაც შეეხება უკრაინის თემას, რასთან გვაქვს საქმე : ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, თუ როგორც ამბობენ, დასავლეთის მიერ ინსპირირებული ომი ? საინტერესოა თქვენი პოზიცია და თქვენი პროგნოზი თუ როგორ დასრულდება ეს ომი…

-უკრაინა რთული თემაა. ძალიან სქემატურად თუ დავხატავთ სიტუაციას, საქმე შემდეგშია: აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების პროგრამამ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდანვე ამუშავდა, რუსეთი ალყაში მოქცევის საჭიროების წინაშე დააყენა. დასავლეთი ევროპის სახელმწიფოები ისედაც ნატოს წევრები იყვნენ, მაგრამ ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიც ნატოს შეუერთდნენ. მეტიც, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომლებიც ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები იყვნენ, ნატოს შემადგენლობაში აღმოჩნდნენ. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა კი რიგში ჩადგნენ. ამ სახელმწიფოებში ნატოს რაკეტების განთავსება რუსეთის უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლას ნიშნავდა, რასაც რუსეთი ვერ დაუშვებდა. დასავლეთის მიმართ რუსეთის ულტიმატუმი ასეთი შინაარსის იყო : ნატო უნდა დაბრუნებოდა 1997 წლის მდგომარეობას ანუ ნატო უნდა წასულიყო ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებიდან. დასავლეთმა, ცხადია, ეს ულტიმატუმი არ მიიღო, უკრაინის ნაცისტური რეჟიმი კი განაგრძობდა დონბასის ( რუსული) მოსახლეობის ინტენსიურ დაბომბვას, რასაც 2014-2022 წლებში თხუთმეტი ათასამდე რუსი ეროვნების მოქალაქე შეეწირა. რუსეთი იძულებული გახდა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსი ეროვნების მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყო. ეს არც რუსეთ-უკრაინის ომია და არც რუსეთის სამოქალაქო ომი, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების გზით უკრაინის ხელისუფლებაში აღმოჩენილი ფაშისტური რეჟიმისგან უკრაინის მოსახლეობის გასათავისუფლებლად მიმართული სამხედრო ოპერაცია, რომელიც დასავლეთს სურს მსოფლიო ომში გადაზარდოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინას კარგავს. თქვენ მთხოვთ, პროგნოზი გავაკეთო. წინდახედული ადამიანები ამგვარი პროგნოზების კეთებისგან თავს იკავებენ, მაგრამ მე წინდაუხედავობას გამოვიჩენ და გეტყვით: მსოფლიოში არ არსებობს რუსეთის დამამარცხებელი ძალა. საქმე ისაა, რომ რუსეთს უკან დასახევი გზები მოუჭრეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა მხოლოდ წინ უნდა იაროს. აშშ-ს შეუძლია უკან დახევა, რადგან, რუსეთისგან განსხვავებით, მას თავს არავინ ესხმის. ამიტომ მას მოუწევს უკან დახევა. შესაძლებელია, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის ვადაში ეს არ მოხდეს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ს კარს არის მომდგარი, სადაც ბაიდენის გამარჯვება გამორიცხულია. ვინც უნდა მოვიდეს აშშ-ს ხელისუფლებაში, ტრამპი თუ ვინმე სხვა, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყება და უკრაინის კრიზისის დაძლევის გზებიც გამოინახება. საკითხავი ის დარჩება თუ რისთვის გაიღო უკრაინელმა ხალხმა აბსოლუტურად უაზრო და გარედან თავსმოხვეული კოლოსალური მსხვერპლი. აი, რა შედეგების მოტანა შეუძლია უკანონო გზით მოსული სულელი ხელისუფლების ხელში ჩავარდნას.

დაბოლოს, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას თუ აპირებთ და რა გეგმები გაქვთ ?

-ჩემს პოლიტიკურ გეგმებისგან საუბრისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება პოლიტიკაში მობრუნებას, მე არც წავსულვარ პოლიტიკიდან. უბრალოდ, მე იმ ფორმით არ ვაპირებ პოლიტიკაში მონაწილეობას, რა ფორმებიც დღევანდელ საქართველოშია დანერგილი.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor