• July

    22

    2024
  • 290
  • 0
ალუდა ღუდუშაური ,,  ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს “

ალუდა ღუდუშაური ,, ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს “

ალუდა ღუდუშაური: ,, ქართველმა ხალხმა ჩვენი ქვეყნის წინსვლის ბორბლებში ჯოხის შემრჭობი და ბარიკადების აღმართავი,  მშვიდობისთვის ომის დამპირისპირებელი ხალხის ხელისუფლებაში მოყვანის რისკები აღარასდროს უნდა დაუშვას ”

,, ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს და სანამ ჩვენს ქვეყანს ექნება ის გამოწვევები, რომლებიც აქვს”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

,, Geo News” ,,ქართული ოცნების” დეპუტატს, ალუდა ღუდუშაურს ექსკლუზიურად ესაუბრა.

– ბატონო ალუდა, მოდით საუბარი ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით დავიწყოთ.

,, ,,ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ მოუწევს პასუხისგება ყველა დანაშაულისთვის, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით 2008 წელს ქვეყნის ომში ჩართვის გამო” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, საზოგადოებამ შეშინებული და გაბოროტებული კაცი იხილა. თქვენ რა გაიგეთ ? ივანიშვილმა ოპოზიციის წინაღმდეგ რეპრესიები დაანონსა თუ დაკავებების სერია ?  

 – მოდით, პირველ რიგში ერთ შესწორებას შევიტან – აქ სიტყვა რეპრესიები რელევანტური არ არის. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც რევანშის მომხრეა. მეტიც, ჩვენ მათსავით ბოროტები არ ვართ. აი, სწორედ ეს განგვასხვავებს ,,ნაცმოძრაობის”-გან. და თუ შევადარებთ მათ მიდგომებს, ან ჩავუღრმავდებით მათ განცხადებებს მათ უკან აუცილებლად სწორედაც რევანშის სურვილს ამოვიკითხავთ. ეს ხალხი კვლავაც არ ამბობს უარს ბოროტებაზე. შესაბამისად ყველაფერი ნათქვამია. მათ არ შეუძლიათ რაიმე შესთავაზონ ადამიანებს, ქვეყანას. ისინი კვლავ იგივე აზრზე რჩებიან. ეს ადამიანები ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგლები არიან და ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობენ, რათა უფრო მეტი ძალისხმევით განაგრძონ ის ბოროტება, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადიოდნენ. რაც კარგად ახსოვს საზოგადოებას და რასაც უბრალოდ ვერ დაივიწყებს. სწორედ ამიტომ ხალხმა, ეს ბოროტი ძალა ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის დახმარებით გაიყვანა და სწორედ ამას ვერ პატიობენ ივანიშვილს. დიახ, ბატონი ბიძინა ქართველ ხალხს ჩაუდგა სათავეში. მათ შორის პირადისა და ოჯახის რისკის ფასად და ქართველ ხალხთან ერთად ქვეყანას ეს ბოროტება მოაცილა. ბუნებრივია, რომ მათთვის ეს ყოველთვის მიუტევებელი იქნება და ამიტომ არის მათი თავდასხმის ძირითადი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი. იცით, საინტერესო არ არის მათი აზრი და ვფიქრობ, ჩვენი ინტერვიუს ძვირფასი დრო ხელმოცარულ, რადიკალურ ოპოზიციაზე საუბარში არ უნდა დაიკარგოს.

შეხედეთ, რაც ესიზმრებათ, ის ელანდებათ. მათ ქვეცნობიერი ასაუბრებთ, თორემ ვინმემ სადმე ახსენა რეპრესიები ? ჩვენ ვამბობთ შემდეგს : ვართ და ვიქნებით პრინციპულები და შეუვალები.

– სხვათა შორის, საზოგადოების უმრავლესობა წლების წინ, ,,ნაცმოძრაობის” როგორც პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვდა. იმასაც ამბობდნენ: რომ ,,ქართული ოცნება”ზედმეტად ლმობიერია მათ მიმართო…

– სამწუხაროა, რომ ამ ბოროტმა ძალამ ვერ გააცნობიერა ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენთვის ამის იქით აღარაფერი არსებობს. ამ შემთხვევაში მათი დიდი უმრავლესობა ვერ გაიგებს იმას თუ რა არის სამშობლო, რადგან ისინი უსამშობლონი არიან. ამიტომ მათთვის ფოკუსი ცოტა სხვაგან არის. თუმცა ესეც გასაგებია, რადგან როდესაც შენი ხალხი, შენი ქვეყანა გეუბნება უარს, უნდა გაიგო და უნდა წახვიდე. ქართველი ხალხი ამაყი, ღირსებით სავსე ერია და ამ ადამიანებმა ,,ნაცმოძრაობის” არქიტექტორებმა, ქართველ ხალხს ისეთ მტკივნეულ წერტილებში დაარტყა, როგორიცაა ღირსება, თავმოყვარეობა, ოჯახი, სამშობლო, იდენტობა და ამიტომაც ვერ პატიობენ მათ.

– თქვენი აზრით, ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებზე რა შანსი აქვს ?

– დაკვირვებულ თვალს არ უნდა გამოეპაროს მათი სასოწარკვეთილი მდგომარეობა, ანუ მათ რაიმე შანსი, რომ ჰქონდეთ ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ. ისინი თავგანწირვით იბრძვიან მერკანტილური იდეისთვის, მიზნისთვის, მათთვის პირადი კეთილდღეობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, რა თქმა უნდა არანაირი შანსი არ აქვთ. ბოროტება ამ ქვეყანას, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოშორდეს და იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამას ამ არჩევნებზე გააკეთებს. დიახ, ეს იქნება საბოლოო, ასეთი არჩევანი ქართველ ხალხს აღარასოდეს მოუწევს. ქართველმა ხალხმა ჩვენი ქვეყნის წინსვლის ბორბლებში ჯოხის შემრჭობი და ბარიკადების აღმართავი, პროგრესისთვის ხელისშემშლელი და მშვიდობისთვის ომის დამპირისპირებელი ხალხის ხელისუფლებაში მოყვანის რისკები აღარასდროს უნდა დაუშვას.

,,მშვიდობისთვის ომის დამპირისპირებელი” – ამტკიცებთ, რომ საქართველოში ,,მეორე ფრონტის” გახსნა რეალურად სურდათ ?

– მოგეხსენებათ, მე პროფესიით იურისტი ვარ და ჩემი პოლიტიკაში ყოფნის დროს დიდწილად მტკიცებულებების სტანდარტით ვმოქმედებ. ამიტომ მოდით, ასეთ რამეს გეტყვით და ვფიქრობ, საზოგადოება მარტივ ანალიზს გააკეთებს : სადაც არის ,,ნაციონალური მოძრაობა”, იქ მშვიდობაზე საუბარი დამთავრებულია.

აქვე გეტყვით, რომ ხალხის გულისწყრომა კარგად მესმის. მეტიც, აბსოლუტურად, თანაზიარი ვარ. რა თქმა უნდა, ამ საკითხში ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ. ისინი არა მარტო ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის ოჯახს შეეხნენ, არამედ თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, აქ ყველანი ერთი ვართ, მაგრამ არის რაღაცეები სახელმწიფოებრივად, რაც მოითხოვს იმას, რომ ,,ნაცმოძრაობა”, როგორც უბედურება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ( დასრულებილიყო ), რომ ქვეყანას ჰქონდეს პროგრესი, ასეც იქნება, რადგან ამ ხალხმა კვლავაც განაცხადა პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლაზე და რისთვის ? იმისთვის რომ საქართველოში კვლავ უბედურება დაატრიალონ.

– მათი მტკიცებით, უბედურებისკენ და ოკუპანტი მეზობლისკენ ( რუსეთს ვგულისხმობ ) თქვენ მიგყავთ ქვეყანა…

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ,,ნაცმოძრაობას”-თან სიტყვა მშვიდობა იგივეა, როგორც მგლის თავზე სახარების კითხვა. ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას, რაც ყველაზე მთავარია. ამიტომ აქ არის ერთი რამ : ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლოა უპირატესი და ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ ჩვენს თავზე მაღლა, როდესაც ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესს ეხება საქმე და ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ ხალხს როგორ შეიძლება, რომ სუბიექტურ მიდგომებზე, საკუთარ თავზე მაღლა დადგე და მოეკიდო დაკისრებულ საქმეს სრული პასუხისმგებლობით. იაზროვნო და იმოქმედო სახელმწიფოებრივად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ.

– პირდაპირ გვითხარით, იყო თუ არა ზეწოლა დასავლეთის მხრიდან, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში ჩავრთულიყავით ?

 – მოდით, შევხედოთ სურათს ფართოდ, ანუ რა გამოწვევის წინაშე დგას მთლიანად მსოფლიო. დღეს ვხედავთ უკრაინაში რა უბედურება ტრიალებს და როგორი უბედურება შეიტანა ჩვენმა ოკუპანტმა მეზობელმა. მან მთლიანად დაიწყო მსოფლიო მართლწესრიგის შეცვლა. დიახ, მსოფლიო სამართლებრივ წესრიგს შეუქმნა დიდი საფრთხე. ვფიქრობ არამარტო საფრთხე, არამედ რეალურად უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო სამართლებრივი წესრიგი და სამართლის პრინციპი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ხდება ჩვენს გარშემო. ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხთან მიმართებაში, ანუ გაცილებით დიდ სახელმწიფოსთან მიმართებაში, ვიდრე საქართველოა და აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც დღეს უკრაინაში ხდება ჩვენ, ქართველ ხალხს ჩვენი ასე ვთქვათ წილი უბედურება ოკუპანტ რუსეთთან ნანახი გვაქვს. თან არაერთხელ. ისიც ვნახეთ როგორ აღმოვჩნდით პირისპირ ოკუპანტ ქვეყანასთან და ესეც ნანახი გვაქვს. ერთი სიტყვით არაფერია დარჩენილი, რაც ქართველ ხალხსა და საქართველოს არ უნახავს და მადლობა ღმერთს, რომ საქართველო კვლავ დგას ფეხზე და ცდილობს გადარჩეს და გავიდეს სამშვიდობოს. უდიდესი ტურბულენტობაა, უდიდესი გამოწვევა, პრაქტიკულად ფორმაცია ხდება რაღაცეების და ბუნებრივია, საქართველო ამ დროს ცდილობს, რომ ამ ტურბულენტობის ეპიცენტრში არ აღმოჩნდეს. ჩვენ პრაგმატული, ფრთხილი, თუმცა პრინციპული პოლიტიკით ვცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი დავიცვათ.

რაც შეეხება საქართველოს რუსეთისკენ სვლას, აბსოლუტური სისულელეა. მოდით ოპოზიციის სიცრუე დავარქვათ ამას. არ მგონია, რომ საქართველოში არსებობდეს ქართველი, რომელსაც მკაფიოდ არ აქვს ჩამოყალიებული აზრი, რომ ჩვენი ადგილი არის ღირსეულად ევროპაში. ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცნობ ასეთ ადამიანს. და თუ ასეთი რამ თეორიულად შეიძლება სადმე იყოს, ისევ ,,ნაცმოძრაობის” რიგებში, რომლებმაც პრაქტიკულად წლები რუსეთის საქმე აკეთეს და ეს მტკიცებულებების დონეზეა.

შეგახსენებთ, მათ 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან მალე რეზოლუციას მოაწერეს ხელი. სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველო არის დადანაშაულებული აგრესიული ომის წარმოებაში, ანუ ამით ამ ადამიანებმა დაარტყეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ღირსეულ სამხედროებს.

დიახ, 2008 წლის ომიდან ძალიან მალე ამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი და ასეთი გაუგონარი რამ გააკეთეს.

ამის პარალელურად შეგახსენებთ, რომ უამრავი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტები და სტრატეგიული ობიექტები გადასცეს ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ამ სიტყვების უკანაც მტკიცებულებები დევს. რა არის ეს მტკიცებულებები ? ყველაზე მარტივი რაც ამ წუთას მახსენდება, პარლამენტის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერებული მათი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გამოსვლაა. ერთ-ერთ კრიტიკულ, სახელმწიფო სტრატეგიულ ინფრასტრუქტურის გადაცემასთან დაკავშირებით, როდესაც რუსული კომპანია იქნა შემოყვანილი ენერგეტიკის სფეროში, როგორ თავმომწონედ საუბრობდა, რომ დიახ, ჩვენ უნდა გავუხსნათ რუსულ ინვესტიციას გზა, რუსულ ფულს და ეს იმიტომ, რომ ფულს სუნი არ აქვს…

იბადება კითხვა : მაინც და მაინც ახლა რატომ ახსენა ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომი და ,,ნაცმოძრაობის” დასჯა ? ვინმეს დააკავებენ, თუნდაც ვანო მერაბიშვილს ?

– არ მაქვს ინფორმაცია. მე მაინტერესებს ერთი რამ – ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს და რაც ყველაზე მთავარია ინკლუზიურად თითოეულ ქართულ ოჯახამდე მივიდეს მეტი დოვლათი და შესაძლებლობა.

რას სთავაზობთ ხალხს, რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი და მოგცეთ ხმა ?

– ამაზე მოგვიანებით გიპასუხებთ. მანამდე მინდა ამოვწუროთ რუსეთისკენ სვლის საკითხი. მნიშვნელობა არ აქვს ვანო დაგვაბრალებს ამას, გრიშა თუ მიშა, მათ ყველას ერთი სახელი აქვს – რადიკალური ოპოზიცია. რომელიც არის ,,ნაციონალური მოძრაობის” სახით წარმოდგენილი. იქ როლები არის განაწილებული თორემ ყველა სუბიექტი რეალურად ,,ნაცმოძრაობის” წევრია. ამიტომ მათ საპასუხოდ ვიტყვი ერთს. როდესაც რაღაცას გვაბრალებენ, თუ ჰგონიათ რომ ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმაა, არა ბატონო, ეს სტრატეგია არ იმუშავებს. მათ ისიც ეგონათ, რომ ქართველ ხალხს მარტივად ღირსებას წაართმევდნენ, პატივს შეგვილახავდნენ დაჭერებით და ა.შ. დაგვჩაგრავდნენ და აქ სხვა საქართველოს მიიღებდნენ. ეს ბუნებრივია ვერც ერთ შემთხვევაში წარმატებული ვერ იქნებოდა. რადგან მათ არ იცოდნენ და არ იციან ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და თავგანწირვა ღირსებისთვის. ეს მათ საპასუხოდ.

ახლა გეტყვით რას ვაკეთებთ ჩვენ და რატომ უნდა მოგვცეს ქართველმა ხალხმა ხმა.

პირდაპირ გეუბნებით, რომ დღეს ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც მარტივად მიდის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ჩვენი დამსახურებაა. ანუ ვიზალიბერალიზაცია, რომელიც უამრავ რუტინულ სამუშაოს მოიცავდა და მთელი რიგი რეფორმები იდგა ამის უკან ჩვენ მოვიპოვეთ. და ეს კონკრეტულმა სამუშაომ მოიტანა, რაც ჩვენი შრომის დამსახურებაა და სრულიად დამსახურებულად გვაქვს ის, რაც სამართლიანად გვეკუთვნოდა. დამისახელთ სფერო რომელი მიმართულებით აპირებდნენ ამ რეფორმების გატარებას, რომელ ევროპულ მიდგომებთან თუ ღირებულებებთან იყო თავსებადი : ადამიანების გაუპატიურებასთან, ციხეში პატიმრების წამებასთან, ბიზნესის რეკეტთთან თუ მედიის ტერორთან ? დამისახელეთ რომელი მიმართულებით მიდიოდნენ ევროპისკენ ? ყავარჯნიანი კაცის სიმბოლოთი აპირებდა ,,ნაცმოძრაობა” ევროპაში შესვლას ?

და თქვენი აზრით, დღეს გარე ძალებიდან, ,,ნაცმოძრაობას” ვინ უმაგრებს ზურგს ?

– დავასრულებ ევროპულ მიდგომასთან დაკავშირებით, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმება, რომელიც მთელ რიგ ნაკისრ ვალდებულებებს გულისხმობს. ნახეთ, პირდაპირ ხელშესახები, კონკრეტული ფაქტებით გესაუბრებით, როგორც იმათ ნამოქმედარზე, ( როგორ აოხრებდნენ ქვეყანას, ფაქტებით გესაუბრეთ ) , ასევე ფაქტებით გესაუბრებით ჩვენს ნამოქმედარზე. და ბოლოს, კანდიდატის სტატუსი. მანამდე იყო ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსი. ესეც ჩვენი თანმინმდევრული, პრინციპული და ორ ფეხზე ღირსეულად და მშვიდად დგომის შედეგია. ჩვენ ეს მივიღეთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის არავის არაფერი საჩუქრად არ მოუცია. ჩვენ ქართველმა ხალხმა ეს დამსახურებულად მოვიპოვეთ. აქაც ხედავთ, რომ ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით.

კანდიდატის სტატუსი ფიქციააო ითქვა, მალევე ე.წ. ,,რუსული კანონი” მიიღეთ…

– როდესაც ვსაუბრობთ, რომ რომელიმე კანონი არის ჩინური, რუსული, ეგვიპტური თუ პორტუგალიური ძალიან მარტივია ავიღოთ, ჩავხედოთ, ან განსხვავება ვნახოთ, ან რა არის იდენტური. მეტსაც გეტყვით. ყველაფერი შეიძლება დაარქვა ამ კანონს. იმ პრინციპით, როდესაც ენას ძვალი არ აქვს და შუბლის ძარღვი არ გაგაჩნია, რასაც გინდა იმას იტყვი. მაგრამ თუ რაიმე მსგავსება აქვს ჩვენ ქართულ კანონს რომელიმე ქვეყნის კანონთან, სწორედ ამერიკულ კანონთან, მხოლოდ სიმძიმით ჩამორჩება, რადგან ამერიკული კანონი გაცილებით მძიმეა. ასევე იდენტური სულისკვეთება აქვს ბოლოს მიღებულ ფრანგულ კანონთან. მოკლედ, კლიშეების თემაა, შავისა და თეთრის პრიმიტიზმისკენ კლასიკური მიდგომაა, მარტო ორ ფერში დავანახოთ საზოგადოებას….აქაც ეს მომენტია, რომ თუ გინდა შავი პიარისკენ გადადგა ნაბიჯები უნდა დააბრალო ადამიანს რუსული თემა, რუსულს კი გვაბრალებს ის ხალხი, რომელიც პირდაპირ რუსული რუბლებით დასეირნობს. მოვისმინეთ ჰონორარებია და ა.შ. თქვენ წარმოიდგინეთ რომელიმე ჩვენთაგანს, მსგავსი რამ რომ გაეკეთებინა, როგორი იქნებოდა მისი ბედი. რომ შევაჯამოთ, აქ არის მარტივი საკითხი – ,,ნაცმოძრაობა” თვითონ არის ორგანულად დაკავშირებული რუსეთთან.

ვის აწყობს არეულობა და ქაოსური სიტუაციების შექმნა საქართველოში ? მოდით ეს თემაც განვიხილოთ. პასუხი მარტივია: ,,ნაცმოძრაობას” და ოკუპანტს. და დაგაბრალებენ შენ როცა სინამდვილეში თვითონ არიან ამის გამკეთებლები. მე ფაქტები მოგიყვანეთ. მთავარი არის მოქმედება და შედეგი. შედეგი კი არის ის, რომ ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ევროპაში ინტეგრაციისთვის, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა მათ დროს. დანარჩენს საზოგადოება შეაფასებს.

– ხელისუფლებაში ,, ქართული ოცნების” დარჩენის შემთხვევაში ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება ?

– წარმოუდგენელია. საგარეო კურსი მათ ჰქონდათ შეცვლილი, საერთოდ რა ტრაექტორიაზე იყო საქართველო არ ვიცი, აქ იყო ჯოჯოხეთი. პრაქტიკულად ქართველს არ დაედგომებოდა.

– სამუშაო ადგილები არ არის, ქართველი ხალხი დღესაც ტოვებს ქვეყანას…

– ჩვენ გვეუბნებიან, რომ უღირს მშვიდობას ღირსეული ომი ურჩევნიათ, ასეთებიც მოგვისმენია. ათასგვარ სისულელეს ვისმენთ. ომის, რევოლუციისა და ქაოსის დროს ქვეყანაში სამუშაო ადგილი არ იქმნება. პირიქით, ქვეყანაში ყველაფერი ინგრევა და მე გეტყვით, რომ ეს ქვეყანა კიდევ ერთ ომს ვერ გაუძლებს. აი, ეს მათ ძალიან კარგად იციან და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, არეულობა, დესტაბლიზაცია, რათა მღვრიე წყალში რაღაცას მოეჭიდონ, მაგრამ იმ თევზს, რასაც ეგენი ფიქრობენ, რომ დაიჭერენ არ გამოუვათ, ვერ დაიჭერენ და მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა რამ ისეთს დაიჭერენ ხელში, რაც მათ საბოლოოდ დაასამარებს.

– რას გულისხმობთ ? და როგორ ფიქრობთ, არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მცდელობა იქნება ?

 – მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მთავარია ჩვენ ქართველი ხალხი და ხელისუფლება რას ვაკეთებთ ამ დროს. ჩვენ ვდგამთ მტკიცედ და პრინციპულად იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქართველი ხალხისთვის სიკეთისა და პროგრესის მომტანია. ჩვენი სლოგანიც ეს არის, მშვიდობით, ღირსეულად და კეთილდღეობით ვაკეთოთ ქვეყნისთვის საჭირო საქმე, ეს ყველაფერი ერთმანეთშია გადაჯაჭვული. აი ამით მივდივართ ევროპისკენ და ბუნებრივია, რომ როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროპა თავის თავში მოიზრებს სწორედაც სამართლიანობის პრინციპებს.

– უცხოელი მეგობრების კრიტიკული განცხადებები: საქართველოს მართავს ,,რუსი ოლიგარქი” და ა.შ. შეაფასეთ…

 – სამწუხაროა. ეს არ შეიძლება, რომ ვინმესთვის მოსაწონი იყოს. დიახ, სამწუხაროა მათი ქვეყნებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც, რადგან ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ თანასწორთა შორის თანასწორი. ჩვენ გვინდა მეგობრობა და მეგობრობა კი არის ურთიერთპატივისცემა და არა ცალმხირვი პატივისცემა. ჩვენ სწორედაც ჩვენი ბუნებით უაღრესად კაცთმოყვარე და ტოლერანტული ერი ვართ. ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე გვინდა მეგობრებისთვის, ევროპული დიდი ოჯახისთვის. ჩვენ გაცხადებული გვაქვს და ვიძახით, რომ ჩვენ მოვდივართ თქვენთან ჩვენი ღირებულებებით, ჩვენ ხელცარიელი არ მოვდივართ.

– ცალმხრივი პატივისცემა ახსენეთ, აშშ საქართველოს რეალური მეგობარი და მოკავშირეა ? საუბრები იმაზე, რომ ,,ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას უჭერს მხარს, ,, სუსის” განცხადებები დესტაბილიზაციაზე და ა.შ. ამაზე რას იტყვით, ბატონო ალუდა ?

– მე ამერიკას და ამერიკელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და იმ დიად ჭეშმარიტ პოზიციაზე დაბრუნებასა და ყოფნას, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის აქტში და კონსტიტუციაშია ჩაწერილი. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ამერიკელი ხალხი ჩვენი მეგობარია და დიდი მადლობა მათ. ერთი რამ არის – ადმინისტრაციები ყოველთვის მიდიან და მოდიან, ხალხი და სახელმწიფოები კი რჩება. და მე, აბსოლუტურად ეჭვგარეშე ვიძახი, რომ ამერიკის სახელმწიფო და ქართული სახელმწიფო, ისევე როგორც მრავალი წელი ახლაც მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას გააგრძელებენ რადგანაც სხვაგვარად წარმოუდგენელია.

გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენი მეგობარი ხალხის წარმომადგენელი ადმინისტრაცია ამ გზას ირჩევს და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არ პასუხობს იმ ნაბიჯებს, რაც ჩვენს ურთიერთობებშია. ჩვენ ვართ ღია. ვამბობთ სად გვაქვს პრობლემა. მოდით, ვიყოთ ღია და გულწრფელად გავიაროთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ჩრდილს აყენებდეს ურთიერთობას, რომელსაც მათი მხრიდან აქვს ადგილი. ჩვენ ახალს არაფერს ვამბობთ. ღიად და გულახდილად დავსხდეთ და გვითხრან რაშია პრობლემა. თუ ახლა ჩვენ ვიტყვით იმას, რომ იქნება ორმაგი სტანდარტი, თეთრი შეიძლება იყოს შავი და შავი შეიძლება გახდეს თეთრი და ეს იყოს სუბიექტურად ნაკარნახევი ბუნებრივია, ეს სულ სხვა რამაა.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას ჩვენ რატომ გვინდა ევროპული ღირებულება და ევროპულ ოჯახში გაერთიანება, თორემ კომუნიზმიც იყო და ეს ქვეყანაც სადღაც იყო გაერთიანებული. მთავარი არის ის, რომ ევროპა არის ღირებულება და ღირებულებითი ერთობა, რაც ქმნის სამართლიან თამაშის წესებს და არა ორმაგ და სამმაგ სტანდარტს. ბუნებრივია მიდგომა, რომელიც ეფუძნება სამართლიან პრინციპებს ეს არის მთავარი და ამოსავალი. ეს ეხება აშშ-საც.

ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ იჩაგრებიან. ნამდვილად იგრძნობთ თავს დაჩაგრულად, მაშინ როდესაც გეტყვიან, რომ ნიკა გვარამიას უნდა გადაეცეს ჯილდო მედიის განვითარებისთვის. იმ ნიკა გვარამიას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო ტელეკომპანია ,,იმედის” ჩაქრობისა და ათასი უბედურების. და მაშინ რას აკეთებდა ძალოვანი უწყება ესეც კარგად გვახსოვს…გარწმუნებთ, მედია იქნება თავისუფალი და პოლიცია იქნება ხალხის სამსახურში, ჩვენი ქვეყნის სამსახურში და არა პოლიტიკური პარტიების სამსახურში. ჩვენ გვინდა ის ქვეყანა, სადაც მშვიდობიანად განვითარდება ადამიანი და მშვიდად დაგეგმავს თავის მომავალს.

– ამის პირობას იძლევით ?

– რა თქმა უნდა. თქვენ ყოველგვარი ზედმეტი ბიუროკრატიისა და ჩარევების გარეშე გახსნით, დააფუძნებთ მედიას და იქნებით თავისუფალი. გნებავთ კრიტიკულები, გნებავთ მეტად კრიტიკულები. კრიტიკა, რომელიც ისმის ტელევიზიებიდან არის დემოკრატიის ანაბანა და მე მიხარია ეს. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით როგორი მიკერძოებულები და პარტიულ კონიექტურას დაქვემდებარებულები არიან თქვენი კოლეგები, ყველას არ ვგულისხმობ ცხადია, მაგრამ მთავარია, რომ მათ არავინ ეუბნება, რომ ეს უნდა ჩაქრეს, დაიხუროს, დარეკეტდეს და ა.შ. დიახ, არავინ უზღუდავს მათ საკუთარი აზრის გამოხატვას და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ასე რომ, მე მიხარია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება, განიცდის პროგრესს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ესეც დემოკრატიის ნაწილია, რასაც ჩვენ ვხედავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დაიწმინდება. ჩვენ ვართ არა დაყოფისა და შუღლის გაღვივების მომხრე, არამედ მშვიდობის. მაგრამ ნებისმიერ ბოროტებას, ადრე თუ გვიან მაინც სიკეთე სჯობნის და ამარცხებს. არ არსებობს ბოროტება, რომელსაც სიკეთე არ სძლევს. გპირდებით, ჩვენ პრინციპულად და შეუვალად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

– ამნისტიაზეც მინდა გკითხოთ, რა არის ეს, რჩეული პატიმრების გათავისუფლება საარჩევნოდ ხმების მოპოვების მიზნით თუ ჰუმანური აქტი ? იცით, ზოგიერთი პატიმრის ოჯახის პროტესტმა იფეთქა,პატიმრების ნაწილი კი შიმშილობს…

– ნებისმიერი ჰუმანური აქტის მომხრე ვარ და ამნისტია არის ჰუმანური აქტის პირდაპირი გამოვლინება. ეს იგივე საკითხია, რაც შეიძლება იყოს დავა დემოკრატისტან მიმართებაში, დემოკრატიის არსთან მიმართებაში წუხილები…ამ შემთხვრევაში ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი მახსენდება : სხვა უკეთესი ჯერ-ჯერობით კაცობრიობამ ვერაფერი მოიფიქრა, თორემ იქაც არის რაღაც, რომელიც შეიძლება, მაინც და მაინც, დიდ მოწონებას ვერ იმსახურებდეს და ა.შ.

ამნისტია არ არის აქტი, სადაც ყოველთვის ყველა ტაშს დაგიკრავს და მადლობას გეტყვის. მედალს ორი მხარე აქვს. ასევე ამნისტიას, ორი მხარე აქვს დანაშაულს, ერთი დაზარალებული, მეორე ბრალდებული ანუ მსჯავრდებული. ამ პროცესს ვერ ეყოლება ყველა კმაყოფილი. ნებისმიერ ამნისტიასთან მიმართებაში ყოველთვის იქნება კრიტიკული აზრი, ან უნდა ვთქვათ, რომ ამნისტია როგორც ჰუმანური აქტი, არ მუშაობს და გადავდოთ გვერდზე. ან უნდა მოგვიწიოს ის პროცესი, რა პროცესის წინაშეც ვართ. პირველი – სპეკულაციაა, რომ ეს პოლიტიკური აქტია და არჩევნებთან არის კავშირში. რაც უნდათ ის დაარქვან, ჩემთვის ამნისტია და ნებისმიერი იმ პირისთვის, ვისაც შეეხება და ვინც ამის არეალში მოხვდება არის შვებისა და კეთილდღეობის აქტი. ვიმეორებ, ჩემთვის ჰუმანურობის აქტია. სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება… ერთი სიტყვით, აქ მთავარია ერთი რამ – ბალანსი, ეს არის ჩემთვის ამოსავალი.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რატი ბრეგაძე მინისტრის პოსტს დატოვებსო, ასეა ?

 – ბატონო ? არ ვიცი, ვერ გეტყვით….

ბატონი რატი არის წარმატებული მინისტრი. ვიმეორებ, მე არც ინფორმაცია მაქვს და არც ამისი ნიშანი არ არსებობს. ნებისმიერი პირის შიმშილობა მისი უფლებაა, რაც ჩვენის მხრიდან იმსახურებს ემპათიას და პატივისცემას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამის შედეგად რაღაცა გადაწყვეტილებებს მიიღებს ან პიქირით.

– დაბოლოს, თქვენი აზრით, ,,ქართული ოცნება“ კვლავ კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს თუ კოალიციის შექმნა მოუწევს ?

– ,, ქართული ოცნება” ,, ხალხის ძალასთან “ერთიან საპარალამენტო სიაში იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება კოალიციას ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. გამორიცხულია, რომ ,,ქართულ ოცნებას” ვინმესთან რაიმე საკოალიციო დასჭირდეს. მეტიც, ჩვენ მოვიპოვებთ აბსოლუტურად მყარ უმრავლესობას და როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ მოვიპოვებთ მყარ უმრავლესობას, ამ გამარჯვებაში, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს მოვიაზრებთ. ქართველ ხალხს სჭირდება, რომ მოიპოვოს მყარი უმრავლესობა. რამეთუ ჩვენ მათთან ერთად გვექნება ნებისმიერი წარმატება, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაა მოტანილი. დღესაც ხალხს სჭირდება მორიგი გამარჯვება, იმისთვის რომ მათი და სახელმწიფოს ინტერესები იყოს დაცული.

დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ სწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს ქართველმა ხალხმა, რომელიც ბრძენია და აქვს უნარი იმისა, რომ მარტივად გაარჩიოს ერთმანეთისგან ის ბოროტება, რომელსაც კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია…. იქ არანაირი, ასე ვთქვათ, ცალკე სუბიექტები არ არიან. ესენი არიან ,,ნაცმოძრაობის” სხვადასხვა წახნაგები. სინამდვილეში ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომელსაც ,,ნაცმოძრაობა” ჰქვია. იქ არაფერი ახალი არ ხდება, არავინ არსად წასულ-წამოსულა. უპრინციპო და უმორალო ხალხის ერთობაა.

– ანუ 2030 წლამდე იქნებით ხელისუფლებაში ?

ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს და სანამ ჩვენს ქვეყანს ექნება ის გამოწვევები, რომლებიც აქვს.

ქეთი ხომერიკი

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor